ცხრაჯვარი - უფრო მეტი სიახლოვე ბუნებასთან
თუ ვინმე მკითხავს რომელია თქვენი საყვარელი ადგილიო, დაუფიქრებლად ვეტყვი, რომ ეს ცხრაჯვარია. ადგილი, რომელსაც უმრავლესობა რაჭას მიაკუთვნებს, მაგრამ მდებარეობით ის ტყიბულის თავზეა და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს, ხოლო ჰორიზონტზე სხვა დასახლებულ პუნქტებს, ნაქერალას უღელტეხილზე. ეს არის ადგილი, სადაც ადიხარ 1400 მეტრზე და შეგიძლია დაინახო შავი ზღვა. ამ დროს ხვდები, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს აღმოსჩენი და ჩვენი პატარა საქართველო კიდევ უფრო მეტ უცნობ სანახაობას იტევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაყვანილი გზა, მაგრამ ბუნებასთან საოცარი სიახლოვე, ცასთან ხელით შეხების შესაძლებლობა და უსუფთავესი ჰაერის შეგრძნება ყველაფერს ანაცვლებს. ცამდე აზიდული მთები, ფოთლების უჩვეულო შრიალი და სიმშვიდე, აი რას შეუძლია თქვენი ფიქრების გაფანტვა და წამით დავიწყება იმის თუ ვინ ხარ შენ და საიდან მოდიხარ.
დღესდღეობით, საქართველოში ცხრაჯვარი ცნობილი ტურისტული ლოკაცია არ არის, მაგრამ ყველაფერი წინაა, ეს არის ადგილი, რომელიც უხმობს თავისუფლების, დალაშქვრის და სიმშვიდის მოყვარულებს. ძალიან კარგი ადგილია კარვების დასადგემლად და კოცონთან მშვენიერი საღამოს გასატარებლად. ჩემი სულ რაღაც 20 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ვარ ყველა სეზონზე ნამყოფი, ნებისმიერი დრო და ამინდი ქმნის თავის უნიკალურ და განსაკუთრებულ გარემოს. დათოვლილი, შეყვითლებული და გამწვანებული ტყის ნაირსახეობის ნახვა შესაძლებელია აქ. ცხრაჯვარი - ადგილი, სადაც ხდები ბუნების შვილი, ენდობი მას და მფარველობას თხოვ. მასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში შედიხარ და ივიწყებ ყოველდღიურობას, გრძნობ მის სიახლოვს და მასშტაბებს, როგორ გიყურებს და ესმის შენი, როგორ განიცდის შენს მწუხარებას და ბედნიერებას. კლდის წვერზე არის პატარა სამლოცველო, რომელიც ორმაგად გაფიქრებს ამ ადგილის განსაკუთრებულობაზე და მნიშვნელობაზე, მოლოცვის შემდეგ კი უფრო მეტ სიმშვიდეს გრძნობ.
ჩემი რჩევა, რომელსაც გაგიზიარებთ არის, ის რომ წინასწარ უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად, რადგან ასვლის თანავე თქვენ მოხვდებით სხვა სამყაროში და ემოციებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. უნდა იცოდეთ, რომ ეს საუკეთესო გამოცდილება იქნება თქვენს ცხოვრებაში. მოინახულეთ რაც შეიძლება მეტ მეგობართან ერთად, რადგან ყველამ იცოდეს თუ როგორი სიმდიდე აქვს, ტყიბულს, იმერთს და მთლიან საქართველოს. მანქანა მიდის ნახევარ გზაზე, დანარჩენი კი გასაგრძელებელია ფეხით. გზის სირთულე საშუალოა - მაგრამ გახსოვდეს ერთი ნაბიჯი გაშორებს კლიდან გადავარდნას და თავი კარგად შეიკავე ქარის დროს, რადგან მაღლა, ძალიან ძლიერად ქრის.
საზღვარგარეთ ორ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ის ენერგია, რასაც ცხრაჯვარი გადმოსცემს შეუფასებელი და შეუდარებელია, ამას ვერ ჩაანაცვლებს ვერანაირი ბეტონის ნაგებობა ქალაქის ცენტრში ან ხელოვნურად შექმნილი ადამიანის გამწვანება.
თაზო ჭიოკაძე
კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"