ჩემი გერმანული არდადეგები
გამარჯობა, მე მარიამი ვარ. 11 წლის. მინდა ჩემი მოგზაურობის შესახებ მოგიყვეთ. მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და პირველად მომიწია საქართველოს საზღვრების დატოვება და ევროპაში უვიზოდ გამგზავრება. ჩემი პირველი ქალაქი რეგენსბურგი - გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო, რომელიც მდინარეების დუნაისა და რეგენის შერწყმის ადგილას მდებარეობს, რომელსაც აღმოსავლეთით ბავარიის ტყე არტყია ( მასზე ოდნავ მოგვიანებით). ქალაქი მეორე მსოფლიო ომის დაბომბვებს გადაურჩა და ქალაქის ფანტასტიური შუასაუკუნეების არქიტექტურა ხელუხლებელი დარჩა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ჩემი პირველი აღტაცება წმინდა პეტრეს გრანდიოზულმა ტაძარმა გამოიწვია, მოჩუქურთმებული კედლები, ირგვლივ რაღაცნაირად გამეფებული სიჩუმე და ჰოი, საოცრებავ, ორღანი, უჩვეულოდ დიდი, არა კიდევ უფრო დიდი, არა, ძალიან, ძალიან დიდი - კედლიდან ისე ჩანდა თითქოს... თითქოს გიგანტური მილებიდან... საოცარი ჰანგები უკვე მესმოდა... ამ წარმოდგენიდან გამოსვლა ვერ მოვასწარი, რომ კიდევ ერთი სიძველე - დაკრძალული პატრიარქების საძვალე მელოდა წინ. მოკლედ შუასაუკუნეებში ვიყავი... ტაძრიდან გამოსული კვლავ ისტორიის ქარცეცხლში აღმოვჩნდი, როდესაც გავიგე, რომ იმ სახლთან ვიდექი, სადაც ნაპოლეონი გაჩერდა, როდესაც თავისი ჯარით იყო შემოსული... ქვის ხიდი, დუნაის ნაპირი, არაჩვეულებრივი არქიტექტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ასევე ვალჰალა(პანთეონი), რომელიც ქალაქიდან ორმოციოდე წუთის სავალზეა. გზა არ გღლის, რადგან ბავარიის უმშვენიერესი ბუნება დაგყვება თან მუდმივად. შენობა ბერძნული აკროპოლისის სტილზეა აგებული, თეთრი გრანდიოზული, შეგიძლია წაიღო საკვები, სასმელი და პიკნიკი მოაწყო, დაისვენო, უყურო დუნაის ზემოდან და დატკბე არაჩვეულებრივი ბუნებით, რასაც „გერმანული აკროპოლისიდან“ დაინახავ. ჩვენი პანთეონები ამ მხრივ უფრო შთამბეჭდავია (თუ შეიძლება ასე ითქვას), რადგან გამოჩენილი ადამიანების სასაფლაოებია და თითქოს მათ სულებთან უფრო ახლოს ხარ. ვალჰალაში მხოლოდ ბიუსტებია. დღე წითელი, ლურჯი, იისფერი და ოქროსფერი ნაყინების მირთმევით მთავრდებოდა, რომელიც მხოლოდ მაშინ მაგრძნობინებდა რომ აქ, მომავალში ვარ!
ქალაქი ნიუნბერგი - თავად ქალაქი ისტორია, სადაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის მთავარი დამნაშავეების გასამართლება. სიძველით, საინტერესო არქიტექტურით, ქალაქის კედლით, “ფუნიკულიორით“, რკინიგზის მუზეუმით, პლანეტარიუმით, ჩემი ნიუნბერგული კეპით, სუვენირების ბაზრობით, ცნობილი მხატვრის დიურერის სახლით და, რაღა თქმა უნდა, იისფერ-ცისფერ-ზურმუხტისფერი ნაყინით. აღტაცებაში მოვედი, როდესაც ერთ-ერთი სახლის აივანზე გადმოკიდებული იყო ჯოხზე წამოცმული ჩვილის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი, პამპერსიც კი-და როდესაც ვიკითხე რას ნიშნავდა, დეიდამ მითხრა, რომ იმ ოჯახში ბავშვი დაიბადა და ეს არის ბავარიელების ერთ-ერთი ტრადიცია. საინტერესოა მართლაც. აღდგომის დღეები დაემთხვა და დავესწარი მესას. ეკლესიაში მყოფთ ყველას ეცვა ბავარიული ტრადიციული სამოსი.მითხრეს,რომ ისინი აქტუალურად იყენებენ ტრადიციულ სამოსს (მეც მივიღე საჩუქრად მშვენიერი ბავარიული კაბა,რომელიც მეცვა სააღდგომო დღესასწაულზე).
და აი დადგა დრო, როდესაც უნდა მოგიყვეთ ბავარიის ტყეში (რომელიც ზემოთ ვახსენე) არსებულ საოცარ ადგილზე, რომელიც რეგენსბურგიდან ერთი საათის სავალზეა Wald Wipwel Weg-შემეცნებით-გასართობ-დასასვენებელი ადგილი ოჯახებისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ტყე-პარკი, რომელიც ჩემი თვალის საზომით არ უნდა იკავებდეს პატარა ადგილს, შესვლისას გადიხარ უზარმაზარ გრძელ, ხის და თანაც 25 მეტრი სიმაღლის ხიდზე, რომელიც ისე ირწევა, რომ შეგრძნება გაქვს, ესესაა ჩავარდები.... გზად ხიდის სახელურებზე გხვდება წარწერები, თუ რომელი ხისგან არის ხიდი დამზადებული. ხიდიდან უკიდეგანოდ იყურები და თვალი ტკბება უზადო სიმწვანეში ჩაფლული ბუნებით, უცებ, ისე, რომ ვერც ამჩნევ პატარა ხის ყუთებიდან (რომელიც ხიდზე ყოველ ორ ნაბიჯშია) გიყურებენ პატარა ჩიტუნების ფიტულები, დააჭერ პატარა ღილაკს ხელს და გაიგებ, რომელი ფრინველი რა ხმას გამოსცემს. ამ ჟღურტულ-ჭიკჭიკში ჩაათავებ ხიდზე გავლას და აღმოჩნდები ტყეში, სადაც იგებ ბევრ, ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოზე, ფლორასა და ფაუნაზე. იგებ, რომელი ნარჩენის ტყეში გადაგდების შემთხვევაში რამდენი წელი სჭირდება გადამუშავებას და რატომ არის ესა თუ ის გადაგდებული ნივთი საშიში ეკოსისტემისთვის, და უმალ ვფიქრობ საქართელოში ველ-მინდვრებად თუ ხეებზე „გირლანდებად“ მოდებულ ცელოფანის პარკებზე, რომელსაც თურმე 14 წელი სჭირდება გადამუშავებისთვის, და მინდება ასეთი შემეცნებითი პარკის არსებობა საქართველოში, რომ ბავშვობიდანვე იცოდეს ყველამ, როგორ გაუფრთხილდეს ბუნებას თავისივე ჯანმრთელობისთვის. მღვიმეში შედიხარ, სადაც ღილაკს დააჭერ, ხან დათვის ღრიალი, ბაყაყის ყიყინი ან სულაც შველის ხმა გესმის. აღტაცებაში მომიყვანა ოპტიკურმა მოვლენებმა, სადაც შეიძლება შენივე თვალმა სკამი გიგანტად აქციოს და შენ ლილიპუტი გახდე. სადაც გაიხედავ, აინშტაინის თვალმა იქით გამოგხედოს, ჯადოსნურ სარკეში ორი გახდეს ერთი. იმხიარულო იქვე მოსეირნე ალპაკებთან, შეხვიდე ინდიელების სახლში და წარმოიდგინო, რომ ნამდვილად ხარ უკიდეგანო სტეპებში. ითამაშო გასართობ მოედანზე, იყო მეკლდეური, დაღლილმა მიირთვა ცხელი კაკაო და უგემრიელესი ჩიზქეიქი, და ბოლოს, რა თქმა უნდა, შეხვიდე სახლში, რომელიც დგას თვდაყირა და თავი იგრძნო ნამდვილ საოცრებაში. იქ, სადაც ყველაფერი ყირამალაა, ფოტოებს რომ გადაიღებ ისიც კი. ნამდვილი სიგიჟეა. მინდა ასეთი შემეცნებით-გასართობი პარკი საქართველოში. თუკი ბავშვებით იმოგზაურებთ ბავარიის მხარეში, გირჩევთ ეს საოცარი ადგილი აჩვენოთ ბავშვებს, სადაც ბევრ, ძალიან ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს ბავშვი და, რაც მთავარია, მაგრად, ძალიან მაგრად გაერთობა.
და ბოლოს მიუნხენი - ბავარიის გული. ჩემი გამოცდილებით ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას გირჩევთ ერთი დღე დაუთმოთ „დოიჩე“ მუზეუმს, რადგან ამ მუზეუმს ბევრი საინტერესო განყოფილება აქვს საინტერესო გემები, თვითმფრინავები, ოკეანოლოგია, პლანეტარიუმი ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო აფთიაქის განყოფილება, მუსიკალური, საათების, სასწორების სექციები, მოკლედ მთავარი სანახაობაა. და რაც მთვარია, უმაგრესი მუზეუმის მაღაზია, რომელშიც უულამაზესი კალეიდოსკოპი შევიძინე (მუზეუმთან გრძელი რიგებია, მაგრამ არ შეშინდეთ, რიგში დგომისას დატკბით იზარის ყურებით). ასევე აჩვენეთ სათამაშოების მუზეუმი, რომელიც ზედ მარიამ პლატსზეა. ქალაქის სხვა სანახაობებისთვის კი დაგეგმეთ შემდეგი დღეები,რომელიც მიუნხენს მრავლად აქვს. ტრამვაი - ჩემი აღმოჩენა. გასტრონომიაში ბრეცელებმა თავი შემაყვარეს, რასაც ვერ ვიტყვი ბავარიულ სოსისებზე, ნუ კაცია და გემოვნება. აღტაცება მაქვს მათ წესრიგზე, როგორ უვლიან თავიანთ ბაღებს, ქვეითი პრიორირეტია, არ არიან აგრესიულები, ინარჩუნებენ ტრადიციებს, ახარისხებენ ნაგავს, აქვთ საველოსიპედო ბილიკები და ყველა ბავშვი ველოსიპედით დადის, არ სვამენ წინ ან საჭესთან ბავშვებს. მინდა ჩემს ქვეყანაშიც ასეთი მიდგომები. იმოგზაურეთ ბავშვებთან ერთად გერმანიის ამ ულამაზეს მხარეში და მიხვდებით, რომ ისინი გაზრდილები ჩამოვლენ.
მარიამ ალავიძე
კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"