ქარვისფერი ყაზბეგი

ყაზბეგის თემატიკაზე წერას ამ პოსტით დავასრულებ ( წელს :დ). თუ თქვენც ჩემსავით ამინდზე დამოკიდებული ხართ და ზაფხულის გარდა არცერთი სეზონი არ გიყვართ, თუ  მზიანი დღეები, მწვანე ხეების და ლურჯი ცის პეიზაჟი ყველაზე მეტად გელამაზებათ,  მაშინ უფრო გასაგები იქნება, რამდენად რთულია ასეთ ადამიანს სხვა სეზონიც შეუყვარდეს და ცივი, ქარიანი შემოდგომის სილამაზეს მუღამი დაუჭიროს. რადგანაც ზაფხულთან გამომშვიდობება ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდია გადავწყვიტე, წავსულიყავი ისეთ ადგილას, რომელიც შემოდგომას შემაყვარებდა თუ არა ამ სეზონის სილამაზის აღქმაში დამეხმარებოდა.

 

სექტემბრის ბოლო დღეს დიდუბის ავტოსადგურზე სტეფანწმინდის სამარშრუტო ტაქსის პირველი მგზავრი მე ვიყავი. ყაზბეგისადმი ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას წინა პოსტებიდანაც შეამჩნევდით, და რადგანაც ეს ჩემთვის ბევრი მიზეზის გამო გამორჩეული ადგილია ,ჩემი გათვლებით, ყაზბეგი იქნებოდა ერთადერთი ადგილი, რომელიც შემოდგომასაც შემაყვარებდა. ვინც ნამყოფი ხართ ყაზბეგისკენ დამეთანხმებით, რომ ჟინვალისკენ უკვე საოცარი ხედები იშლება და ბუნებას ნელნელა ეშხში შეჰყავხარ.

 

 

მზიან, ოდნავ ქარიან და ქარვისფერ ყაზბეგს სულ სხვა ეშხი ჰქონია. თავად დაბაც იმდენად შეფერადებულია შემოდგომაზე, რომ ჩემთვის პატარა ზღაპრულ სოფელს წააგავს, მაგრამ გერგეთისკენ მიმავალი გზა ცალკე სიამოვნებაა.  დიდ ყურადღებას აღარ გავამახვილებ,თუ რატომ უნდა თქვათ მანქანით ასვლაზე უარი და ფეხით  ასვლით გაიხანგრძლივოთ ბედნიერი წუთები. ტყის გავლით ასასვლელ ბილიკს სიჩუმის და თან ოდნავ ნიავის ხმის ფონზე ნირვანაში გადაჰყავხარ. ამ სილამაზით ტკბობაში ვერც შეამჩნევთ ისე აღმოჩნდებით საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. გერგეთის სამება შემოდგომის ფონზე კიდევ უფრო დიდებულია, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ხეების გარდამავალი სიჭრელე კი საოცარ პალიტრას ქმნის. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც მიყვარს ყაზბეგი არის ის, რომ აქ ყველაზე მეტად იგრძნობა ბუნების და ადამიანის ხელით შექმნილი სილამაზის სინთეზი, ეს კი შემოდგომის სეზონზე კიდევ უფრო კარგად აღვიქვი. მე მეტს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ყაზბეგი არის ადგილი, რომელიც ნებისმიერ სეზონზე თავის დიდებულებას არ კარგავს და პირიქით კიდევ უფრო გატყვევებს თავისი მისტიკაში გადასული სილამაზით. დანარჩენს კი ფოტოები გიამბობთ...

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %