კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...

პირველი ეპიზოდი წაიკითხეთ აქ

მეორე ეპიზოდი

მესამე ეპიზოდი

მეოთხე ეპიზოდი

მეხუთე ეპიზოდი 

მეექვსე ეპიზოდი 

მეშვიდე ეპიზოდი

მერვე ეპიზოდი

*** 

მეორე დღეს ისეთი ამინდი, ჭექა-ქუხილი და გრგვინვა იყო, გარეთ არ გავსულვართ, მე პირადად შუადღემდე მეძინა. მერე პაბში მაგიდის ფეხბურთი ვითამაშეთ ძალიან ბევრი. მერე ერთი ადგილობრივი გავიცანით, ჰიპ-ჰოპის დიდი გულშემატკივარი და შემსრულებელი. თავისი შემოქმედებაც წარმოგვიდგინა. მერე რომ ვკითხეთ, ჩაწერას არ აპირებთქო? -  არა მარტო ანდერგრაუნდში მინდა შესრულება მეო. ძალიან კარგად კი გამოსდიოდა, რაც მართალია მართალია. არ ჩაიწეროთო, მაგრამ ჩვენ აბა რისი არჩამწერები ვიყავით, ორი მცირე აუდიო გვაქვს ჩაწერილი, რომელსაც სურვილისამებრ მოგასმენინებთ ინდივიდუალურად :დ ამ დღეს ორი ჩინელი გოგო მოვიდა მოჰამედთთან, ახალი სტუმრები. ხო და მოკლედ, საჭმელს გავაკეთებთო ჩვენითო  სამზარეულოშიო და შევიდნენ და დაიწყეს საქმიანობა, ხო და ეს ჩვენი ჰიპ-ჰოპ ბიჭი ხუმრობდა, მოკლედ ჩინელები სადაც მიდიან, ყველგან რაღაცას აწარმოებენ, ისე არ შეუძლიათო :დ (მაშინ სასაცილო იყო, იქ  უნდა ყოფილიყავით :დ ).

ღამით, წვიმამ რომ გადაიღო, გარეთ გავედით ჩანჩქერიაო აქვე და ნახეთო. მარა ამ ტალახში და სისველეში არ გვეჩანჩქერებოდა, თან დათას ფეხები დაუსველდა და დავბრუნდით შინ. მეორე დილას ავდექით ადრე და წამოვედით შირაზში - ნელნელა ახლოვდებოდა ის მომენტი, სპარსეთის ყურეს რომ ვნახავდით! ^_^  პაბიდან რომ გამოვდიოდით, მოჰამედის დედამ მოიცათო, გამოიტანა უზარმაზარი ყურანი, აღმართა კარის თავზე, ქვეშ გაგვატარა და ასე გამოგვაცილა.

დილას ადრე გვინდოდა წამოსვლა, შირაზში ვარდისფერი მეჩეთი გვქონდა სანახავი, მაგრამ მთლად ადრე არ გამოვიდა და რომ მივედით უკვე 11 საათი იყო, მეჩეთი კიდე დაკეტილი. დაბოღმილები გამოვბრუნდით და საუზმის ძიება დავიწყეთ. ვჭამეთ და ბუშერისკენ დავადექით გზას. უკვე გვიანი შუადღე იყო. ისევ წყვილებად გავსტოპეთ. ბუშერისკენ გზა ლამაზია, მაგრამ ძაან კლდიანი და ეს გზებიც ძაან მაღალზეა, ხეობებს მიუყვება, ხო და ამ გზებზე სწრაფად რომ მოძრაობ, ცოტა არასასიამოვნოა. ჩვენ კიდე ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა ჩაგვისვა. ნელნელა სიჩქარეს უმატა. სპიდომეტრი რომ 200-ს უჩვენებდა (არ ვაჭარბებ), ხელი ჩავიქნიე, მეთქი რაც იქნება იქნებათქო და დავიძინე - თუ გადაჩეხვაა, გამოძინებული მაინც ვიქნებითქო. მიუხედავად იმისა, რომ 18 თებერვალი იყო, სამხრეთში ნაყინის სეზონი დაგვხვდა. ჩვენმა მძღოლმა ერთგან გააჩერა, და ნაყინზე დაგვპატიჟა. აქ გოგოები შლოპანცებით მოძრაობდნენ და ყველა ნაყინს ლოკავდა - არადა ასე ძაან მე პირადად არ მცხელოდა. მოკლედ, ჩვენმა მძღოლმა მოაცუნცულა სამი დიდი ჭიქა ნაყინი, რომელიც სტაფილოს წვენში იყო ჩალაგებული. შესახედად კი კაი იყო, მარა რომ გავსინჯე, საზიზღრობა - არა ზოგს მოსწონს, უნდა გასინჯოთ მოკლედ, და თავად გადაწყვიტეთ. მარა ნაყინი და სტაფილო?  კაით რა :დ ხო და მომერიდა, მეთქი გულით დაგვპატიჟა და არ ვარგათქო როგორ ვუთხრა, ხო და ალის ვუთხარი, მე ნაყინს ამოვჭამ და წვენი შენ დალიეთქო, კაიო :დ ხო და იმან რომ მიიხედა, ალის ჭიქა გავუცვალე. მძღოლმა რომ მოიხედა, მეთქი ვაუუ მაგარი იყო, მადლობათქო :დ ალიმ ეს ჩემი ჭიქაც წამის მეასედში გამოსვლიპა და წავედით.

უბრალო ხედიხედი 2

საშინელი ნაყინიმიუხედავად იმისა, რომ დიდი მანძილი არაა შირაზიდან ბუშერამდე, მაინც გვიან ჩავედით. სანაპიროსთან დაგვტოვეთქო, ვუთხარით მძღოლს და დაემშვიდობეთ. სანამ დათა და ლუკა მოგვძებნიდნენ, მანამდე საკარვე ალაგს დავუწყეთ თვალიერება. ბევრი ბუნგალო იდგა სანაპიროზე და მოვთავსდებოდით რამენაირად. ამასობაში ბიჭებიც მოვიდნენ, ისე გამიხარდა ამათი დანახვა, გეგონება კაი 3 წლის უნახავები ვიყავით :დ შევეგებე, გადავეხვიე :დ

სანამ ჩვენ საკარვე ალაგს ვეძებდით, ამ ჩვენმა მძღოლმა დარეკა და გვეუბნება, სად ხართო? სადაც დაგვტოვე იქთქო, ჩვენ ვუპასუხეთ! ხო და არ წახვიდეთ, ეხა მოვალთო მე და ჩემი მეგობარი და ჩვენთან დარჩითო. ჩვენც სიხარულით დავთანხმდით. ცოტა ხანში მოვიდნენ - სტუდენტები ვართო ჩვენც. რას სწავლობდნენ დამავიწყდა. ალბათ არქიტექტურას, მანდ ყოველი მეორე სტუდენტი არქიტექტურას ეუფლება რატომღაც.

სანამ სახლში მივედით, სანაპიროზე გაშლილ დახლებთან გააჩერეს, ადგილობრივი რაღაც სენდვიჩისმაგვარი გაგვასინჯეს - პურში უნდა ჩატენო იმდენი მოცემული პროდუქტი, რამდენიც გინდა - თან ძაან იაფია! ხო და ამას სხვაგან ვერ შეჭამთო და ჩვენც, საჭმელზე როდის იყო უარი გვეთქვა და მივირთვით ბუშერული სენდვიჩები, რომელიც, უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ, მარა ბევრი არაფერი. 

ირანული მაკისაბოლოოდ, დავიძარით სახლისკენ. ამათ ერთი ჯოინთი გზაშიც დააგემოვნეს ტკბილად და ლამაზად. შინ მშვიდობით მივედით. ამათ ოთახები მოგვიჩინეს, მერე მისაღებში ჩამოვსხედით ყველანი. ცოტა ხანში ნარდი გაშალეს. ლუკამ ითამაშა და ჩვეულებრივად სახე გააძრო არაშს. კუთხეში მაღალი დასარტყამი ინსტრუმენტი ედგათ - მეთქი ვინ უკრავს, რამე შეასრულეთთქო. წამოდგნენ ორივე და ძალიან არაჰარმონიულო პერფორმანსი დაგვიდგეს: ომიდი უკრავდა, არაში გვერდით როკავდა და ორივე რაღაცას მღეროდნენ. საინტერესო იყო საბოლოო ჯამში (ვისაც შესრულება გაინტერესებთ, შეგიძლიათ ალბომში იხილოთ ვიდეო ჩემს fb გვერდზე ;დ). მეორე დილას ადრე ავდექით და გამოვედით სახლიდან. მასპინძლებს მადლობის წერილი დავუტოვეთ. ნახვრად გვეძინა. ნათელი დღე იყო, მაგრამ ბურუსიანი და ქარიანი. ინსტინქტურად ჯერ სასაუზმეს დავუწყეთ ძიება. ამ სიარულში რაღაც მუზეუმს გადავაწყდით, შევედით, ვიბოდიალეთ შიგნით, კარგად ვერ გავიგეთ რა იყო. მერე ერთი მოხუცი კაცი გავიცანით, რომელმაც ჩაი დაგვალევინა და ფორთოხლის ორცხობილა მაჩუქა. მერე როგორც იქნა, მივაგენით კვების ობიექტს და წუხელ რომ სენდვიჩები ვჭამეთ სანაპიროზე, ეგეთები ვიყიდეთ. მერე ისევ ბულვარზე გავედით, ბუნგალოში ჩამოვსხედით, ჩვენი სახელები დათამ მარკერით მიაწერა ჭერზე. მერე პატარა ბავშვმა შოკოლადები ჩამოატარა ყუთით, ვიყიდეთ რამდენიმე, იქვე ყავის ჯიხურიდან ცხელი ლატე მოვიტანეთ, ჩამოვსხედით და გავყურებდით სპარსეთის ამღვრეულ და ატალახებულ ყურეს. ცოტა ხანში ნაპირზე ჩავედით... და ეს იყო ჩვენი მოგზაურობის ბოლო დანიშნულების ადგილი - ჩამოვედით! 

პორტრეტი ბუნგალო ყურესთანჩამოვედით! :) ჩამოვედით! მივულოცეთ ერთმანეთს. მერე ქვიშაზე რაღაცები დავწერეთ, სურათები გადავიღეთ და წამოვედით ისევ ბულვარზე. მალე ორი ქალი გამოჩნდა, სათლებით რაღაცას მოათრევდნენ. მერე დადგნენ ჩვენთან ახლოს, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეს და თოლიებისთვის ამ ვედროებიდან ხორცის ნარჩენების ამოყრა დაიწყეს. მალე თოლიების ჯარი დაგვეხვია თავზე. ჩვენც შევუერთდით თოლიების დაპურების პროცესს და ისე გაგვიტაცა ამ ალიაქოთმა, გეგონება ამაზე ეგზოტიკური არაფერი არსებობდა ქვეყანაზე. თოლიები რომ დავაპურეთ და დავაძღეთ, ბულვარზე გავიარეთ, ამასობაში მზეც გამოვიდა კარგად. ადგილობრივები გვათვალიერებდნენ და გვესალმებოდნენ. მერე იქვე შეგროვილი სკოლის მოსწავლეების ჯგუფს ორი ფორმიანი გოგო გამოეყო, გამოგვედევნა, მოვიდნენ და გამარჯობაო, ხელი ჩამომართვეს, სახელები მითხრეს და რაღაცები კიდე, სასიამოვნოაო შენი გაცნობა. რომ დავემშვიდობეთ, უკან გაქანდნენ, მეგობრებს შეუერთდნენ და იმათ ისეთი ყიჟინა დასცეს, გეგონება ამ გოგოს გინესის რეკორდი დაემყარებინოს სულ ახლახან :დ მერე ცოტა ხანში ერთი კამერიანი კაცი მოვიდა ალისთან და რაღაცას ეროტროტება ფარსიზე. ალიმ, ადგილობრივი ტურიზმის დეპარტამენტია და ინტერვიუ უნდათ რეპორტაჟისთვისო. მოკლედ, მეტი რა უნდა მომხდარიყო საინტერესო :დ რაზეა ლაპარაკითქო და ჩამოვუჯექი, მალაპარაკეს ჯერ ქართულად მერე ინგლისურად, მერე ალის ათარგმნინეს, მერე ფარსიზე რაღაცები მათქმევინეს, მოკლედ ამბები :დ 

ნადიმი, როგორც ასეთითავიდან, თბილისში ბუშერის ფოტოებს რომ ვგუგლავდით, ძალიან მოგვხიბლა ფერადმა სანაპიროებმა, პატარა ფერადი ნავებით და მთელი სიმყუდროვით, ამიტომ სანაპიროზე გადავწყვიტეთ გავლა. ვიარეთ და სადღაც ჩიხში შევედით, პატარა სათევზაო გემები იყო ჩალაგებული, გაშავებული ლაპლაპა კანიანი მეზღვაურების გაღიმებული სახეები გვაკვირდებოდნენ და შიგადაშიგ კომენტარებსაც ისროდნენ ხოლმე ხელის ქნევით (ცუდს არაფერს, ალი იქ იყო და ესმოდა :დ ). ჩვენ ჩიხში შევედით ბოლომდე და ნაპირთან ლოდებზე ჩამოვსხედით. ჩამოვსხედით, გავჩუმდით, ვიყავით ასე და ვუყურებდით ყურეს. ცოტა ხანში დიდი სატვირთო მოვიდა და მთელი მანქანა ლოდები გადმოცალა ჩვენ წინ, მერე მძღოლი გამოგველაპარაკა, რაღაცები გამოიკითხა, ფოტოები გადაგვიღო. მერე ამ სატვირთოსვე შევახტით და ისევ ბულვარზე დავბრუნდით. მძღოლმა გვითხრა, ასე ერთ საათში საქმეს მოვრჩები, სად იქნებით მითხარით, პატარა მანქანით გამოგივლით და გავიაროთო ქალაქში. ძაან კაი ტიპი იყო, უკვე აღარ გვიკვირდა უცხო ტიპებისგან ასეთი უეცარი ყურადღება. შევთანხმდით და დავრჩით ბულვარზე. შუადღე იყო უკვე. ვიარეთ ცოტა აქეთ-იქით. მერე მოგვშივდა. აქ როგორც გავიგეთ შუადღეს ყველა ისვენებს და იძინებს, ან პარასკევი იყო და დაემთხვა - არ ვიცი მოკლედ, ამიტომ ყველაფერი იკეტება - რომ კვდებოდა შიმშილით ღია კაფეს ან რესტორანს ვერ ნახავ. ამ ბოდიალში ძაან დავიღალეთ, ჩამოვსხედით ტროტუარზე და საქართველოს ჰიმნი ვიმღერეთ (!). მეპორტრეტიხო და ბოლოს  მაინც მივაგენით ერთ რესტორანს. დავსხედით და ბლომად პროტეინები შევუკვეთეთ :დ აქ გავსინჯეთ ირანული ლუდი მეორედ, ანანასის. ნუ რაღაცა საშინელება. პედროს მოწოდებული გაზგასული თბილი სისაძაგლისგან დიდად არ განსხვავდებოდა ესეც, მუხედავად იმისა, რომ გაზიანი და ცივი იყო. მერე გამოვედით ისევ გარეთ, მძღოლთან შეხვედრის დროც მოახლოვდა. ძაან კაი ვინმე აღმოჩნდა ეს კაცი, სახელი არ მახსოვს, სამწუხაროდ.  რაღაც პარკი გვაჩვენა, საკარვედ გამოგადგებათო. მეო აქ არ ვცხოვრობ, მეც სტუმარი ვარ თორე დაგიტოვებდითო, ისე მწყდებაო გული.  მერე ჩილიმ-ბარში წაგვიყვანა, კარგა ხანს ვისხედით აქ. ამასობაში ჩვენს ბუშერელ მასპინძელს ველაპარაკე, რომელმაც შირაზში გამოგვიცხადა 4 ადამიანის დატოვება ცოტა რთული იქნებაო, საბოლოოდ „დავკერე“ და საღამოს გელოდებითო. ამ ჩვენმა მძღოლმა მიგვიყვანა იასამანის სახლამდე, დაგველოდა, სანამ არ გამოგვაკითხეს, მერე დაგვემშვიდობა და წავიდა.

პრინციპში მოგზაურობის პირველი გზა გასრულდა. ბუშერში კიდე 2 დღეს დავრჩით და მერე დავიწყეთ სახლისკენ სტოპი. სახალისო ნამდვილად არაა, როცა ხვდები, მოგზაურობა მთავრდება ნელნელა და შენც თბილისში ბრუნდები, აგერ უნივერსიტეტიც 3 კვირის დაწყებულია და უსინდისოდ აცდენ, მოკლედ თავზე გემხობა მთელი სიამოვნება, მაგრამ სხვა გზა არაა... მოვიგდეთ ჩანთები და გამოვუდექით უკანა გზას, რომელიც ცალკე ისტორიაა თავისი განსაკუთრებული და ექსტრემალური სიტუაციებითურთ...

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %