52
ძველი და ახალი შუამთის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთში, კერძოდ ძველ შუამთაში, ახალი შუამთასა და იყალთოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მლნ. 637 ათასი ლარია. რეგიონული განვითარების პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
პროექტის ფარგლებში სამივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მოეწყობა საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და გაკეთდება ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე ძველ შუამთაში და ახალ შუამთაში მოეწყობა, როგორც საკანალიზაციო, ასევე, სასმელი წყლის ჭაბურღილი. ჭაბურღილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებზე 20-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
პროექტების განხორციელების შედეგად გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ამასთან პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ შუამთაში, ძველ შუამთასა და იყალთოში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს .
პროექტს ქართული კომპანია შპს ,,ჯავა“ ახორციელებს.