„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნე გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა.
აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით დაფინანსდა.