48
მესკალტიტანი: ქალაქი-კუნძული მექსიკაში
მესკალტიტანი, იგივე მესკალტიტან-დე-ურიბე მექსიკაში, სანტიაგო-იქსკუინტლას მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქალაქი ცივილიზაციისგან მოშორებით, იმავე დასახელების კუნძულზეა გაშენებული.
კუნძულის გარშემო უმეტესად ჭაობიანი ნიადაგია, ულამაზესი პეიზაჟებით. მრავალრიცხოვანი არხები, რომლებიც ლაბირინთებს ქმნიან და ფერად-ფერადი მგალობელი ჩიტები, რომლებიც არხების გარშემო ცხოვრობენ, განსაკუთრებულ კოლორიტს ანიჭებენ ქალაქს.
თვითონ კუნძული საკმაოდ მომცროა - მაქსიმალური დიამეტრი 400 მეტრია. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით 818 ადამიანს შეადგენდა. კუნძული დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ მოშორებულია.ქალაქის დასახელება მესკალტიტანი ნაუატლების ენიდან ითარგმნება , როგორც "ადგილი, სადაც უამრავი მესკალია". მესკალი ტრადიციული სპირტიანი სასმელია, რომელსაც ლურჯი აგავას წვენისგან ამზადებენ. მიუხედავად ასეთი მჟღერი დასახელებისა, ქალაქი ძალიან მშვიდი და წყნარია, ხოლო სასამელი ზუსტად იმდენივეა, რამდენიც მექსიკის სხვა ქალაქებში.
კუნძულის შესახებ ბევრი ადგილობრივი ლეგენდა არსებობს. მათ შორის, იძახიან ,რომ ის უძველესი ქალაქის, აცტლანას ადგილზეა აშენებული. ითვლება, რომ ამ ქალაქიდან 1091 წელს წავიდნენ აცტეკები უკეთესი საცხოვრებელი ადგილების საძიებლად და სამხრეთით გადასახლდნენ იქ, სადაც ახლა თანამედროვე მეხიკოა. მეორე ლეგენდის თანახმად, აცტეკები ამ ადგილს ხანგრძლივი მოგზაურობების დროს ღამის სათევ ბანაკად იყენებდნენ. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ექსპედიციებისა და არქეოლოგიური გათხრებისა, ეს ლეგენდები არ დასტურდება.ქალაქის მოსახლეობა უმეტესად თევზის და კრევეტების ჭერითაა დაკავებული. ხოლო წვიმების სეზონზე, რომელიც აგვისტოდან სექტემბრამდე გრძელდება, წყლის დონე იმატებს, ქალაქის პატარა ქუჩები წყლით ივსება და ქალაქი ვენეციას მოგვაგონებს. მიუხედავად ასეთი საინტერესო ადგილისა, ტრანსპორტის გამართული სისტემის არარსებობის გამო ტურიზმი აქ ცუდადაა განვითარებული და ტურისტებიც ნაკლებად ჩადიან.
კუნძულზე 8-29 ივნისს ყოველწლიური 2 გრანდიოზული კარნავალი იმართება პეტრე და პავლე მოციქულების საპატივსაცემოდ. ამ დღეებში მესკალტიტანის თითქმის ყველა მაცხოვრებელი ეროვნულ კოსტიუმებს იცვამს, ვარცხნილობებში ფერად ბუმბულებს იწნავს და მთელი ქალაქი ერთ დიდ დღესასწაულად იქცევა.
საზეიმოდ აღინიშნება კრევეტების ჭერის სეზონის გახსნაც, რომელის დროსაც დიდი მსვლელობა ეწყობა თევზსაჭერი გემებით.