42
ტრიფტის ხიდი - ყველაზე ექსტრემალური დაკიდული ხიდი შვეიცარიაში
ტრიფტის ხიდი შვეიცარიის ალპების ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდია. ხიდის სიგრძე 170 მეტრია, მიწიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სიგანეში დაახლოებით ერთი მეტრია.
ხიდზე სეირნობა მხოლოდ კარგ ამინდში შეიძლება და მასზე მოხვედრა Titlis Cliff Walk-ის საშუალებით შეიძლება. ხიდზე მოსახვედრად მიწისქვეშ 140 მ სიგრძის გვირაბი უნდა გაიარო.
ხიდი 2004 წელს ააშენა ენერგოკომპანიამ, რათა ტრიფტის მყინვარის მიდამოებში სამუშაოები ჩაეტარებინა. 2009 წელს ხიდის მოდერნიზება გადაწყდა და ექვსკვირიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ხიდი უკვე ტურისტებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.
მიუხედავად იმისა, რომ ხიდს არც ისე საიმედო შეხედულება აქვს, ქარიან ამინდში მხოლოდ ოდნავ ირხევა. ხიდზე გასვლამდე უმჯობესია, თუ სამთო-სათხილამურო აღჭურვილობას სადგურზე დატოვებთ, შემნახველ კამერებში. განსაკუთრებით პოპულარულია ხიდი ზაფხულობით, თუმცა ზამთარშიც არ აკლია ვიზიტორები. აქ წელიწადში 20 ათასამდე სტუმარი ჩამოდის. უღრუბლო და მზიან ამინდში ხიდიდან შვეიცარიის ალპების ულამაზესი ხედები იშლება. თუ სიმაღლის არ გეშინიათ, ეს ხიდი თქვენ კიდევ ერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გპირდებათ. შვეიცარიელი არქიტექტორები კი გვარწმუნებენ, რომ ხიდი 500 ტონა თოვლზე/სიმძიმეზეა გათვლილი, ხოლო რაც შეეხება ქარს, ხიდი 200 კმ/სთ სიმძლავრეს უპრობლემოდ უძლებს..