ღორინამკალი - სიმბას გადმოსახედი ხაშურში
ღორინამკალი არის მთა ხაშურის თავზე, რომელიც ყველა ჩვენგანს ექნება შემჩნეული. არც თუ ისე მაღალი მთა, რომელიც სულ რაღაც 1706 მეტრს წარმოადგენს სიმაღლეში ყველას ერთი შეხედვით ხვდება თვალში ვინაიდან ძალიან ჰგავს "სიმბას გადმოსახედს"... ცალი მხრით კლდოვანი წვერი საკმაოდ ლამაზ ფორმებს ანიჭებს მას.
ხოდა, თუ გაქვთ ზამთრის ორი დღე და არც დაღლა გსურთ დიდად ან თუ მხოლოდ ერთი დღე გაქვთ ზაფხულის და ცოტა დაღლაზეც არ იტყოდით უარს, ღორინამკალი თქვენს მარშრუტად შეგიძლიათ აქციოთ.
ჩემს გასვლას რაც შეეხება, მოძრაობა სოფელი თაგვეთიდან დავიწყეთ. გადავიარეთ სოფელ ქაშვეთის თავზე და კოდისწყაროს პატარა ტბას წამოვადექით თავზე.ტბა პატარაა, ძალიან მყუდრო და მშვიდი. როგორც ვიცით, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და თევზაობაც შესაძლებელია. ტბამ ისე მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომ თითქმის ნახევარი დღე დავკარგეთ მის გარშემო ბოდიალსა თუ დასვენებაში...როდესაღაც გაგვახსენდა, რომ მთაზე ასასვლელად ვიყავით წამოსულები, ავირაზმეთ ისევ და აღმართების კეცვას მოვყევით. მარშუტი ორი დღისთვის საკმარისზე მარტივი გამოდის. სიმაღლეს თავიდან წევ, სატყეო გზა თითქმის ღორინამკალის წვერამდე მიდის. გზად მეტყევეებიც შეგხვდებიან. ამინდი გადასარევი იყო, მაგრამ ტალახს ვერ ავცდით. მოკლედ საღამომდე ვიარეთ, ტალახი ვზილეთ და სადღაც მარშრუტის შუაში დავბანაკდით. ღამე იყო კოცონით, ცხელი ჩაით, ცაზე ათასი ვარსკვლავით და გოგოური ამბებით გატენილი. მეორე დღეს სიმაღლე თითქმის აღარც აგვიწევია, ქედზე გავუყევით. ხედებით ტკბობაში კილომეტრები ისე დავფარეთ, რომ ვერც კი ვიგრძენით და ღორინამკალას უკნიდან მოვუარეთ, რამდენადაც კლდოვანია წინა მხარეს, იმდენად მარტივი ასასვლელია უკანა მხრიდან. ავედით, ჯვართან წავიხემსეთ, ხედებით დავტკბით. კარგ ამინდში ერთნაირად ჩანს კავკასიონის აღმოსავლეთ მხარე, დასავლეთით თოვლიანი სამეცხვარეო იმშვენებდა თავს, ( ბორჯომ-ხარაგაულის უმაღლესი წერტილია).სამხრეთით კი ატენის ხეობის მშვენება, მთა "გვირგვინა" ისე იპრანჭებოდა, რომ მაშინვე დავთქვით, " შემდეგი გასვლა იმ ლამაზმანს უნდა ეკუთვნოდესო" ...
არ დაგიმალავთ და ხაშურის ზემოდან დანახვამ გამაკვირვა, ქალაქი იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე ოდესმე დავფიქრებივარ რომ იყო. ნაცნობ ქუჩებს ვეძებდით ზემოდან, თან ბროწეულს ვიკიკნებოდით და მადლიერებას გამოვხატავდით ამინდისთვის რომ ასეთი ხედებით ტკბობის საშუალება მოგვცა.
მალევე დავეშვეთ. დაშვებისას საოცრად ლამაზი ბილიკი ვიპოვნეთ. ძველი მეტყევეების მიერ "გაჭრილი" ალბათ, ეტყობოდა წელს კაცი შვილს ფეხი არ დაედგა, იყო ველური ფერადი და ლამაზი... დაახლოებით ორ საათში უკვე სოფელ დამჩხრეულაში მოვაბიჯებდით. გამოვედით მაგისტრალზე და ერთხელ კიდევ ავხედეთ სიმბას გადმოსახედს, ვაღიარეთ რომ იმ მთებიდან, რომლებიც ქალაქის "ყურისძირში" მდებარეობენ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მთა ღორინამკალი იყო... ისიც ვაღიარეთ, რომ მარშრუტი ზაფხულის ერთდღეში სრულებით მოსწრებადია ...
ხაშურის უგემრიელეს ლობიანებს მივაკითხეთ (რომლებსაც არაფრის დიდებით არ მიგასწავლით) და შინისკენ ავიღეთ გეზი
კარგს შაბათ-კვირას გისურვებთ მეგობრებო ქალაქ გარეთ ^_^