გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.

                                                                  გზა ბარსელონადან იბიცაზე
ბარსელონაში ჩასული, იბიცას გვერდს რომ ვერ ავუვლიდი, ეს თავიდანვე ვიცოდი. ყველანაირ მოლოდინს და ემოციას გადააჭარბა ფერადმა და ლაჟვარდოვანმა კუნძულმა. . . იბიცაზე სეზონი აპრილის დასაწყისში იხსნება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ზღაპრული კუნძულის, იბიცას შესახებ.

თუ ფრენას ბარსელონადან გადაწყვეტთ, ბილეთების საშუალო ფასი 3 - 2 თვით ადრე 38 დან 50 ევრომდეც მერყეობს. დაახლოებით 2 კვირით ადრე ვიყიდე, ბარსელონა-იბიცა - იბიცა-ბარსელონა, ავიაკომპანია Ryanair - 100$ ორი გზა. 1 საათში უკვე ზღაპრულ და გასაოცარ იბიცაზე ხართ. ეცადეთ დღის რეისი აიღოთ, რადგან გამთენიისას ბარსას აეროპორტამდე  ტაქსით მოგიწევთ წასვლა, (მე პლასა ესპანიადან წავედი) ან ავტობუსით, რომელიც 6 ევრო ღირს, ღამის საათებში მხოლოდ "Aerobus’’ _ის თეთრი ავტობუსი დადის აეროპორტამდე. უმჯობესია დღე იფრინოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიხვიდეთ აეროპორტამდე. ბარსელონაში შიდა ფრენები პირველი ტერმინალიდან სრულდება, თუმცა მაინც გადაამოწმეთ გაფრენისას : )სან ანტონიო - იბიცა

სასტუმრო/დაბინავება:  

იბიცაზე სასტუმროს არჩევისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობას და ასევე სხვადასხვა ობიექტებზე გადაადგილების სიმარტივეს. რადგან სხვადასხვა გასართობი ადგილები და სანაპიროები ერთმანეთისგან მოშორებითაა, გადასაადგილებლად ყველაზე მარტივი ქალაქი სან ანტონიო შევარჩიე. რაც შეეხება სასტუმროს, მე ვიყავი ქალაქ სან ანტონიოში Hostal Torres-ში, უმაგრეს ადგილმდებარეობაზე. სასტუმრო 1 კვირით ადრე დავჯავშნე. ღამე-50 ევრო, რაც ძალიან მაგარი ფასია იბიცასთვის, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სან ანტონიოს ცენტრში იყო, უფრო ადრე თუ დაჯავშნით, ბევრად იაფად ნახავთ.  ჩემი სასტუმროდან ფეხით ზუსტად 10 წუთის სავალზე იყო ისეთი ცნობილი და მაგარი კაფეები, როგორიცაა: Cafe del mar და Mambo Ibiza.

Mambo Ibiza

ფასები:

Cafe del mar-ში ვახშამი დაახლოებით 20 დან-25 ევრომდე დამიჯდა 1 ადამიანზე, თავისი გემრიელი ყავით და უმაგრესი sunset-ის ყურებით. თუ ფინანსები შეგიწყობთ ხელს, ყოველ საღამოს Cade del mar-ში დაღამებამდე ყოფნა, მთელი წლის ენერგიის მისაღებად საკმარისია...Cafe Del Mar- იბიცა

მენიუს ფასები Cade del mar-ში:

ბურგერი: 17 ევრო

კოკა კოლა 300მლ - 5 ევრო

ყავა ,,ამერიკანო’’ -  6 ევრო   

Cafe Del Mar Ibiza

Café Mambo-ში სასმელების (ლუდის) ფასი იწყება 8 ევროდან, ხოლო-კოქტეილების - 15,50 ევროდან. ლიმიტირებული თანხა ერთი მაგიდის 50 ევრო ღირს ერთ ადამიანზე. თუ ამ თანხის გადახდა არ გსურთ, შეგიძლიათ ბარში მხოლოდ ერთი სასმელი შეუკვეთოთ და მამბოს თუხთუხს დილამდე აყვეთ <3 
 ჩემს სასტუმროში კვება არ შედიოდა, თუმცა დიდი ძებნა არც დამჭირდა და  ჩემი სასტუმროს გვერდით აღმოვაჩინე ჰოსტელი ,,მარი’’, რომელიც სოლედადის ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს .ძალიან ეკონომიურად და გემრიელად შეგიძლიათ ისაუზმოთ და ივახშმოთ.  თუ კვებაზე ,,ეკონომიას’’ გააკეთებთ და  იფიქრებთ, მარკეტში შეღავათიან ფასად იყიდით საკვებს, იმედები უნდა  გაგიცრუოთ. სან ანტონიოში სუპერმარკეტი ,,სპარი’’ საკმაოდ ძვირია, რომლის ფასებიც არ ჩამოუვარდება კაფეებს.

გადააადგილება/ტრანსპორტი: 

იბიცას აეროპორტი ქალაქ  სან ანტონიოდან საკმაოდ შორია. ტაქსის ტარიფით არც დავინტერესებულვარ, რადგან ქალაქში მისასვლელი ავტობუსი  8 ევრო ღორდა.  N9 ავტობუსს შეგიძლიათ გაჰყვეთ, რომელიც ქალაქის ცენტრში მიგიყვანთ. აეროპორტიდან სან ანტონიომდე 1-სთზე მეტი უნდა ავტობუსს. სან ანტონიო ძალიან პატარაა და ავტობუსის ბოლო გაჩერებიდან ფეხით ნებისმიერ სასტუმრომდე მიხვალთ. ძალიან მარტივად იპოვით ნებისმიერ სასტუმროს, იბიცაზე უბრალოდ ვერ დაიკარგებით…ადგილობრივი ხალხი ძალიან თბილი და კომუნიკაბელურია, ნებისმიერი სასტუმროს სახელწოდებით მარტივად მიგასწავლიან. ქალაქში შიდა ტრანსპორტი არ არსებობს. სან ანტონიოდან აეროპორტამდე წასვლა, იგივე ხაზით (N9 ავტობუსი) 4 ევრო ღირს, რომლის ბილეთსაც იქვე მდებარე სადგურში შეიძენთ. ავტობუსები ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დადის.

ფორმენტერა  - იბიცა

სამოთხე დედამიწაზე 
ფორმენტერა:
 
ეს არის ზღაპრული ,ყველაზე ლურჯი, ლივლივა და ლაჟვარდოვანი ადგილი. ფორმენტერაზე გასამგზავრებელი გემის ბილეთი, სან ანტონიოში სანაპიროზე მდებარე ნებისმიერ საინფორმაციო დახლთან შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც 29 ევრო ღირს. ეს ბილეთი უკანა გზისთვის აუცილებლად შეინახეთ. სან ანტონიოდან გემი ყოველ ერთ საათში ერთხელ გადის. ულამაზეს სანაპირო ფორმენტერაზე მოსახვედრად მხოლოდ 1 საათია საჭირო. ფორმენტერას პორტიდან სანაპირომდე ავტობუსით შეგიძლიათ წახვიდეთ, რომელიც 4 ევრო ღირს, ეს ბილეთი შეინახეთ უკანა გზაზე მძღოლს რომ წარუდგინოთ. სანაპიროზე მისასვლელად შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი ან მოტო. იბიცაზე ჩასულები ფორმენტერაზე ვერ/არ მოხვდეთ, ეს დანაშაულია . რაც შეეხება კვებას, ფორმენტერას სანაპიროზე მდებარე კაფეებსა და რესტორანში კვება საკმაოდ ძვირია. სასმელების ფასი იწყება 5 ევროდან - კოკა კოლა 300 მლ - 5 ევრო. პიცა - 25 ევრო; სხვადასხვა სალათები, ძალიან პატარა პორციებით - 8 ევრო.  ფორმენტერას სანაპიროზე შეზლონგის საფასური 2 ადამიანზე 10 ევრო ღირს, რომლითაც მთელი დღე შეგიძლიათ ისარგებლოთ. ფორმენტერადან წამოსასვლელი ავტობუსის განრიგი აუცილებლად გამოართვით მძღოლს. სანაპიროზე დაღამებამდე არ იყოთ, გემზე რომ არ დაიგვიანოთ, რადგან  ბოლო ავტობუსი, 18:00 -ზე გამოდის, აუცილებლად დახედეთ გრაფიკს.

ფორმენტერა - იბიცა

სან ანტონიოში საინფორმაციო დახლთან შეგიძლიათ შეიძინოთ გემის ბილეთი, სხვადასხვა სანაპიროების მიმართულებით. ყველა სანაპიროსკენ მიმართულებით ბილეთს სხვადასხვა ფასი აქვს. კალა კომტეს-კენ მიმავალი გემი 4 ევრო ღირს.  განსხვავებით ფორმენტერასგან, კალა კომტესკენ მიმავალი გემი ნახევარ საათში ერთხელ გადის.

ფორმენტერას სანაპიროზე მდებარე რესტორანი - იბიცა

ფორმენტერა - იბიცა

 

ფორმენტერას სანაპირო - იბიცა

 

ჩემი იბიცაზე მოგზაურობა იყო დაუვიწყარი, ყველაზე შთამბეჭდავი. ერთადერი, რასაც ძალიან ვნანობ  David Guettas კონცერტი  გამოვტოვე. თუმცა იმ იმედით, რომ შემდეგ წელს აუცილებლად  მოვხვდები. GUETTA-ს ტურნე ყოველ ზაფხულს Ushuai Ibiza -ში ტარდება, ბილეთის საფასური 60- ევროა.

ქალაქი სან ანტონიო - იბიცა

გისურვებთ ფერად, მზიან და ლაჟვარდოვან მოგზაურობას - ისეთი, როგორიც იბიცაა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %