ქუთაისიდან სათაფლიაში

ქუთაისიდან სათაფლიაში ტრადიციული, ასფალტდასხმული ტრასა და რომელიღაც ნომერი სამარშრუტო ტაქსი დადის, ასე რომ მავანს შესაძლოა აზრადაც არ მოსდიოდეს, რამდენად ლამაზი და საინტერესო გზებით შეგიძლიათ ესტუმროთ მამაქალაქიდან პრეისტორიული დინოზავრების დედულ-მამულს.
ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც მიკროავტობუსით ცხოვრების გამარტივებას სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა და ფეხის დაღლა ურჩევნია.
გზა ქუთაისიდან სათაფლიისკენ
ქუთაისიდან 5 წუთის სავალზე, მდინარე ოღასკურას ხეობაში კორპის ტყე მდებარეობს. კორპის ჩვენებურად, თორემ ადგილობრივები იქაურობას ''პროპკის'' ტყეს უწოდებენ, რეალურად კი ადგილი გოჭოურა-დ იწოდება. დასახელება ტყემ საბჭოთა კავშირის დროს ქუთაისში შემოტანილი კორპის მუხის გამო მიიღო, რომლის ქერქისგანაც საცობებს (რუსულად_პროპკა) ამზადებდნენ. კორპის ხის განაშენიანება საქართველოში 1930 წელს დაიწყო. აღნიშნულ ტყეში მუხების მცირე რაოდენობაა შემორჩენილი. ნაწილი დაავადებამ, ნაწილი კი 1990-იან წლებში ადამიანთა დაუდევრობამ გააჩანაგა.
გოჭოურას ბოლოს ეგრეთ წოდებული ''დევნილების სანატორიუმი'' მდებარეობს, რომელიც მეოცე საუკუნის საწყის ხანებში დამსვენებლებისათვის აშენდა. ჩვენი მოგზაურობაც სწორედ აქედან იწყება. სანატორიუმიდან პირდაპირ თეთრი ქვიშით დაფარულ გზას მდინარე ოღასკურას ნაპირზე თუ გაუყვებით, რამდენიმე მეტრში წყარო შეგხვდებათ, სადაც აუცილებლად უნდა აიღოთ წყალი. წყაროდან რამდენიმე მეტრში კი ტყიან ზონაში ასახვევია, საიდანაც სათაფლიისაკენ მიმავალი ბილიკები იწყება. მოგზაურობის მთავარი სირთულე ბილიკების გაუვალობა და მარკირების არარსებობაა, თუმცა ადგილობივი, ძალიან გამოცდილი გიდი ნამდვილად არ დაგკარგავთ და არც GPS-ით გზის გაგნებაა პრობლემა, მაგრამ თუ კომფორტი გნებავთ, ცოტა მოცდა მოგიწევთ - უახლოეს მომავალში ადგილზე ტურისტული ბილიკის მოწყობა იგეგმება. პროცესი უკვე დაწყებულია და დასრულებისას მოლაშქრეები ადგილზე ტურისტულ ცენტრს, მარკირებულ ბილიკს, რესტორანს და ცხენებით მომსახურების სერვისს მიიღებენ.
ლაშქრობა ქუთაისიდან სათაფლიაში
დავუბრუნდეთ გზას. როგორც კი ტყიდან აუხვევთ, სწორი ბილიკის არჩევის შემთხვევაში დაახლოებით 40 წუთში ან 1 საათში სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს იპოვნით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტყე, რომელიც კორპის მუხის სახელს ატარებს, ძირითადად წიწვოვანია - ფიჭვით, კუნელისა და ძახველის ბუჩქებით და გვიმრით სავსე. აქა-იქ შეგხვდებათ რცხილის და წიფელის ხეები. აქვე შეგხვდებათ უნიკალური, წითელი და ლურჯი ნიადაგები, გზის შუაში შეხვდებით კორპის მუხების კორომს, ძველ, მიტოვებულ დასახლებას, სადაც დღემდე ადიან მწყემსები და ნახირს აძოვებენ.
კორპის ტყე
რელიეფი მთა-გორიანია. წვიმის შემდეგ კი აუცილებელია მყარი სალაშქრო ფეხსაცმლით გადაადგილება და წებოვანი ტალახისაგან მაქსიმალურად თავის არიდება. ტყის ზედა ნაწილში წყარო მხოლოდ ერთ ადგილას გვხვდება, თუმცა ზაფხულის პერიოდში ხშირად შრება, ამიტომ წყლის გონივრული რაოდენობის თან წაღება აუცილებელია. 
წყლის პოვნა სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის შესასვლელში შეგიძლიათ.

სათაფლიანაკრძალი სათაფლიის მთაზე 1935 წელს დაარსდა. ის კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია  კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, პანტა, მაჟალო. ტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია  ღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც კირქვებზეა აღბეჭდილი.
დინოზავრის ნაკვალევი, სათაფლიაყველაფერს აგვირგვინებს სათაფლიის მინის ხიდი - გადმოსახედი, საიდანაც ქუთაისის და მიმდებარე ტერიტორიის პეიზაჟი ხელისგულივით იშლება.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %