ყარაყაი - იგივე შავი კლდე

ყარაყაი იგივე შავი კლდე, თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილია და 2850 მეტრს აღწევს. 
აქ ჩვენი მეგობრებიც ნამყოფნი იყვნენ. მათგან გვსმენია ამ მთის მშვენიერი ხედების შესახებ. თავადაც არაერთხელ დაგვინახავს სხვადასხვა მარშრუტებიდან და გულში ჩაგვიდია მასზე აბღოტება მომავლისთვის. ნაცნობების  უმეტესობას  სოფელ ოთადან დაუწყია მარშრუტი და და წაღვერში დაუსრულებია. ან სოფელ ციხისჯვარში დაუწყია და მცირე კრუგით ისევ ციხისჯვარში დაბრუნებულა.
ჩვენი პირველადი ვარიანტი მარშრუტის კახისის ტბიდან დაწყება, ყარაყაიზე ასვლა, ბაკურიანში გადასვლა და იქვე დასრულება იყო. თუმცა დაგეგმარების პროცესში, მარშრუტზე მუშაობისას აზრი შევიცვალეთ და გადავწყვიტეთ: სოფელ ციხისჯვრიდან დაგვეწყო, ყარაყაიმდე ავსულიყავით, თრიალეთის ქედის ნაწილი გადაგვევლო და ტაბაწყურისკენ აგვეღო გეზი. სადაც მარშუტს, ოფიციალურად მაინც, დავასრულებდით.
დროც გვქონდა, ხალისიც და ამინდითაც ვერ გვაშინებდნენ.
პირველ რიგში მინდა ციხისჯვარზე მოგითხროთ. 
ესაა პატარა სოფელი ბაკურიანთან. დაახლოებით 15 კმ-ში. ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. უმეტესად ბერძნებით დასახლებული სოფელი ყოფილა. გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ ეს ადგილი თუ ბაკურიანის მიმდებარედ გადაწყვეტთ დასვენებას. უზარმაზარი მინდვრები, საოცრად მშვიდი და მყუდრო გარემო დაგხვდებათ, საოცარი ხედებით. პირადად მე იმდენად მოვიხიბლე, რომ ადგილობრივების გამოკითხვა დავიწყე, ვინმე მცირე მიწას ხომ არ ყიდდა. ასე რომ, გირჩევთ ნახოთ. მშვენიერი ადგილია საპიკნიკოდ, გასასეირნებლად, ახლის სანახავად...ციხისჯვარი
ისევ ჩვენს მარშრუტს დავუბრუნდები: ციხისჯვართან მილსადენი გადის, რის გამოც გაძლიერებულად იცავენ მიმდებარე ტერიტორიას. გავცდით თუ არა სოფელს, გზასთან ჩვენს ქედამდე, გვთხოვეს პირადობები, გადაგვამოწმეს და ყოველგვარი შეყოვნების გარეშე " მიგვიშვეს'. აქედან სულ მალე უკვე ქედის ძირას ვიდექით, რომელსაც შავ კლდემდე, იგივე ყარაყაიმდე უნდა ავეყვანეთ. ლაშქრობა
თითქოს არაფერი განსაკუთრებული. ჩვენ ვიღლებოდით, გზა ყოველ  ნაბიჯზე მოკლდებოდა, სიმაღლეებს უკან ვიტოვებდით. მაგრამ ტყიანი ფერდი ავიარეთ თუ არა, ალპურ ზონას უნდა შევჭიდებოდით რომ ჩვენიდან ოციოდე მეტრში მობაჯბაჯე მურა დათვი შევამჩნიეთ. აქამდე ყოველთვის, როდესაც დათვებზე ვფიქრობდით, შიში აგვიტანდა ხოლმე.  ვგეგმავდით რა და როგორ  უნდა გვექნა, როდესაც პირისპირ გადავეყრებოდით. ახლა კი მის წინ მდგომებს შიში თითქმის არ გვიგრძნია, უფრო გაკვირვებულმა იმით, რომ თვალებს არ ვუჯერებდით: თითქმის ჩურჩულით შემომძახა მეგობარმა " თეო დათვი". სწორედ ამ დროს დათვმაც შეგვამჩნია და უკან მოუხედავად გაბაჯბაჯდა ისევ ქვემოთ, ტყეში. მისი ტორების ხმა ახლაც მესმის, ფეხქვეშ ხმელ ტოტებს რომ ლეწავდა. შემდეგ ერთიანად დავიწყეთ სიცილი, ალბათ შიშის და ბედნიერების გამოც, როგორც იქნა 7 წლის ტყეში ბოდიალის შემდეგ პირველად დავინახეთ კიდეც  ეს საოცარი არსება.... რა თქმა უნდა, სრულად ვიაზრებდით იმასაც, რომ " მაგრად გადავრჩით" თუმცა... ეს უკვე სხვა საკითხია...
მოკლედ გასვლის მთავარი პოზიტივის გაზიარება ვცადე თქვენთვის. ყარაყაი, შავი კლდე
ამ ამბის შემდეგ ისევ ორმაგი ენერგიით გავაგრძელეთ გზა.  ახლა უკვე ალპურ ზონაში გვიწევდა აღმართთან ჭიდაობა. როგორც ხდება ხოლმე ბოლოსკენ უკვე ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენსავე ჩანთას ამძიმებდა თითქოს. ამინდი ფუჭდებოდა, რის გამოც იმ დღეს ყარაყაიმდე ვერ ავაღწიეთ. მისგან დაახლოებით 200 მეტრით ქვემოთ გავშალეთ საბანაკე და ემოციებისგან დაღლილებმა დასვენება გადავწყვიტეთ.ლაშქრობა ყარაყაიზემეორე დღეს, გამოძინებულებმა და ენერგიააღდგენილებმა გავაგრძელეთ გზა. 20 წუთიც არ დაგვჭირდა, რომ უკვე შავი კლდის თავზე ვიყავით მოქცეულნი. იმ წუთას ჩვენ ვიყავით თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილები. არაფერი იყო ამ ქედზე ჩვენზე მაღალი ...
თუმცა, ამინდმა ისევ არ ივარგა. ნისლი ამოწველილიყო ხეობებიდან და ხედებს გვიფუჭებდა კავკასიონზე. კავკასიონს კი არა, ბაკურიანსაც რთულადღა თუ ვხედავდით.
მალევე გზა გავაგრძელეთ და ქედს ტაბაწყურისკენ შევყევით.
აქეთ ცხვარი ყავთ ბლომად. უნდა გაითვალისწნოთ მათი ძაღლები დათვებზე არანაკლებ სახიფათონი არიან. ცხვარია იმის მიზეზიც, რომ დათვი თუ მგელი მოჭარბებულია ამ მხარეში. ჩვენ გაგვიმართლა, ქედზე მივდიოდით ცხვარი კი ხეობაში იყო, მხოლოდ მათი ხმა გვესმოდა და ზემოდან დავყურებდით. ძაღლებმა მალევე შეგვამჩნიეს და გამოემართნენ კიდეც გმირულად ჩვენს შესაკავებლად, მაგრამ მალევე ჩაიქნიეს ხელი, მიხვდნენ "ვერ მოგვწვდებოდნენ" და მხოლოდ ყეფა-ღრენით გაგვაცილეს...
აღსანიშნავია, რომ ქედის ბოლოს ადგილი ვიპოვნეთ. საბჭოთა დროინდელი სამხედრო ბაზის ნანგრევები. შორიდან ისეთ სურათს დებდა თითქოს ერთ- ერთ მთის წვერს თავზე გვირგვინი დაადგესო. სანამ მივიდოდით ასობით სახალისო ვერსია დავდეთ, რა შეიძლება ყოფილიყო.ყოფილი სამხედრო ბაზაავედით, იქავრობა "დავზვერეთ" და  კარგად დავისვენეთ, წავიხემსეთ და გზას ტაბაწყურისკენ დავადექით. აქედან გზას სულ " თავქვე" ადგახართ. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ მეცხვარეების ბინები, რომლებზე გავლაც გიწევთ და მათი არაკეთილმოსურნე ძაღლები. არ მგონია, ის ადამინი ვიყო, ვინც მეცხვარე ძაღლებთან მოქცევა უნდა გასწავლოთ, თუმცა პირადი გამოცდილებიდან მაინც ვიტყვი, რომ მთავარია არ გაიქცეთ, შიშის მიუხედავად თავი შეიმაგროთ, ჯოხები არ უქნიოთ, უბრალოდ დახარეთ თავი და ოდნავ უკან დაიწიეთ სანამ ამის საშუალებას მოგცემენ, შემდეგ ილოცეთ, რომ მეცხვარემ მოგისწროთ... თუმცა, რა თქმა უნდა, ძაღლსა და შემთხვევას გააჩნია ალბათ, ასეა თუ ისე მაინც უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლი იცავს საკუთარ "სოციუმს", რომელშიც თქვენ არ შედიხართ, და სხვა არაფერი. ეცადეთ აჩვენოთ, რომ მტერი არ ხართ.ტაბაწყურიტაბაწყურის შესახებ მინდა უამრავი რამ გითხრათ. ესაა საოცარი ადგილი. საოცარი ხედებით. ადგილი, სადაც წეროები ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ, მიდიხართ სოფელში და უცბად უზარმაზარმა წერომ შესაძლოა გადაგიფრინოთ თავზე. ტბაში სოფელი კუნძულოვნადაა შეჭრილი. 
ხო მართლა, ტბაში თევზაობა შეგიძლიათ, ნავით გასეირნებაც. თუ თევზაობისთვის დრო ან ხალისი არ გაქვთ, ადგილობრივებისგან შეგიძლიათ მისი შეძენა და საღამოს უგემრიელესად, კოცონზე შემწვარი თევზით დასრულება.თევზაობა ტაბაწყურზემოსახლეობასთან კონტაქტი თითქმის არ ჭირს, რადგან უმეტესობას ენის პრობლემა, ასე თუ ისე, არ აქვს... 
ტაბაწყური ყველა სეზონზე გენიალურია. გირჩევთ რომ ნახოთ, ამ ან რომელიმე სხვა მარშრუტის გავლით.

თავად მარშრუტზე კონკრეტული დეტალები, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ კატეგორიით რთულში გადის. მარშრუტზე წყლის პრობლემაა (სეზონზე ბევრია დამოკიდებული). კილომეტრაჟით ეს მარშრუტი 42 კმ-ს შეადგენს, რაც ციხისჯვრიდან ტაბაწყურამდე მანძილს მოიცავს. ადიხართ 2850 მეტრზე და შემდეგ ქედზე გიწევთ გადაადგილება. გირჩევთ ამინდი სწორად გათვალოთ ამის გამო. 

ამ ადგილების ნახვას, ხედებსა და მზეს გისურვებთ მეგობრებო ^_^ 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %