ერთადერთი ორ გუმბათოვანი ეკლესია საქართველოში
კახეთის ტურისტულ და ისტორიულ ძეგლებში გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი უდავოდ გამორჩეულია. ტაძარი საქართველოში ერთადერთი ორ გუმბათოვანი ნაგებობაა. გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს გურჯაანის ეპარქიაში, სოფელ გურჯაანის მახლობლად, ტყეში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე. ტაძრის არქიტექტურა დღესაც ნათლად გადმოსცემს VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ხელოვნების ისტორიაში დაიწყებულ განვითარების ახალ საფეხურს, რომელიც X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. შიდა სივრცე სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს. ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას. გურჯაანის ყველაწმინდა ძალზედ რთულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის ასაგებად გამოყენებულია სამი ტიპის საშენი მასალა: ესაა რიყის ქვა, შირიმი და აგური. ტაძარი ჩვენამდე კარგადაა შემონახული, თუმცა მცირე გადაკეთებები დროთა განმავლობაში მაინც განუცდია. არსებობს ლეგენდა გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარზე და იქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებით. ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზეა, რომელიც წლების განმავლობაში იქ ინახებოდა. ლეგენდის თანახმად, 1615 წლის შემოდგომაზე შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები ტაძრის საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის წმინდა გიორგის ტაძრის ( რომელიც ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში მდებარეობს) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა როგორც ყველაწმინდასა , ასევე წამებულის მონასტერიც. 200 წლის შემდეგ, 1820-1822 წლებში იწყებენ ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, კახთუბნის მონატერში მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. დაახლოებით 1845 წელს, მონასტერი კვლავ დაცარიელდა. ხატი კი გურჯაანში წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიტანეს. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.