მოგზაურობა მთიან აჭარაში

წელს განსაკუთრებული პოპულარობით ადგილობრივ ტურისტებში საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი მთიანი აჭარა სარგებლობს, ეს არის რეგიონი, სადაც შეიძლება ეზიარო როგორც მთის სილამაზეს ასევე ზღვისპირეთითაც დატკბეთ.

მთიან აჭარაში მოგზაურობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან უნდა დაიწყოთ, სწორედ აქ მდებარეობს ულამაზესი მაჭახელას ეროვნული პარკი - თქვენს თვალწინ ნამდვილი სანახაობა გადაიშლება, კოლხური ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების სინთეზი, ეროვნულ პარკამდე შეგიძლიათ გზად მირვეთის ჩანჩქერი მოინახულოთ, რომელიც სილამაზითა და მისტიკით გამორჩეული ადგილია. 

გვარის ციხე - ეს არის ერთ-ერთი ფეოდალური ხანის ნაგებობა მაჭახელას ეროვნულ პარკში, აქედან ულამაზესი ხედები იშლება, რომელიც ნამდვილად დაგატყვევებთ. 

მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - თუ ისტორია გიზიდავთ მაშინ ეს აუცილებლად უნდა მოინახულოთ, აქ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები ინახება, როგორიცაა: უძველესი ჭურჭელი, შრომის იარაღები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები და ა.შ.

კაპნისთავი - ეს ერთ-ერთი ლამაზი სოფელია აჭარაში, შეგიძლიათ გზად გაიაროთ და იქვე ღვინის მარანში უგემრიელესი ღვინო დააგემოვნოთ.

მერისი - ხეობა აჭარაში, რომელსაც ყოველ წლიურად უამრავი სტუმარი სტუმრობს, გაგიკვირდებათ და აქ ტურისტების უმრავლესობა უცხოელია, ქართველების უმეტესობამ კი არ იცის ამ ულამაზესი ადგილის შესახებ, აქ საოცარი სანახავი მერისის ჩანჩქერია, რომელიც წვიმის დროს გაცილებით უკეთესი სანახავია. კლდეებს შორის საბაგიროა გაყვანილი და ჩანჩქერის მონახულება ამ ხერხით შეგიძლიათ. 

მეძიბნა - მთიანი აჭარის დალაშქვრისას უნახავი ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ ისეთი სოფელი, როგორიც მეძიბნაა, აქ მოსახლეობა ნაკლებადაა, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურაც არ არის განვითარებული, თუმცა ბუნებრივი სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია და აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩანჩქერი, რომელიც ამ სოფლის სახელს ატარებს - "მეძიბნას ჩანჩქერი".

შუახევი - ამ პატარა დაბაში მდებარეობს ჩირუხის მთა, გამორჩეული სილამაზითა და საოცარი ხედებით, ძირითადად ზაფხულობით საქონელი ამოჰყავთ საძოვრად, ბათუმიდან დაახლოებით 4 სთ დაშორებითაა, აქ ულამაზესი სანახავი ნისლიანი ხედებია, რომლებიც მისტიკურ ელფერს მატებს ჩირუხს. 

ხიხაძირი - უძველესი ქართული სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იგი ზღვის დონიდან 1240 მ-სიმაღლეზეა. სოფელში XIII საუკუნის ეკლესია თიკანაური მდებარეობს, აქვეა ორი ისტორიული ძეგლი: ციხისყელი და ვარდციხე.

გზად ხიხაძირისაკენ შეგიძლიათ სხალთის მონასტერიც მოინახულოთ.

ბეშუმი - ეს ულამაზესი სოფელი ზღვის დონიდან 1850-1900 მ -ზე მდებარეობს, იგი წიწვოვანი ტყეებით მდიდარი ადგილია და სამკურნალოდ იყენებენ, საზაფხულო სეზონი ივნისი თვიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %