კინჩხა - სამი წლის წინ და დღეს

"მოვიარე გორდი, კინჩხა
 ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა”

ყვება ქართული ხალხური ლექსი ხონის რაიონის მიტოვებული სოფლების სევდას. მივდივარ და გულში ვიმეორებ: ”მოვიარე გორდი, კინჩხა...”
ეს იყო სამი წლის წინ...
მაშინ გორდის (ოკაცეს კანიონის) გადმოსახედი ახალი ხილი იყო ტურისტებისთვის, კინჩხა კი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი, აუთვისებელი ტერიტორია თავისი ქალწულებრივი მშვენებით ხვდებოდა ყველა მნახველს. ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, როცა ქალაქის ქუჩებში ადამიანების ნაცვლად ლანდებიღა დადიოდნენ, მე და გიგამ ჩავალაგეთ ზურგჩანთები, ავიბარგეთ და კინჩხის დალაშქვრა გადავწყვიტეთ. ქუთაისიდან ხონამდე მიკროავტობუსით,  ხონიდან გორდამდე ავტოსტოპით, გორდიდან კინჩხამდე კი, ჯერ კიდევ ასფალტუნახავ გზაზე, ფეხით ჩავედით. იყო სიცხე და ჭრიჭინობელები ხვატისგან გათანგულ სიმღერებს მღეროდნენ. კინჩხის ორღობეებში აქა-იქ ცისფრად შეღებილი, ცალთვალა, საღებავგადაცლილი იმერული ოდები იდგნენ და ზღაპრული დევებივით იცავდნენ დაცარიელებულ სოფელს. ეძინა ყველას - ხვატისგან ორთქლადენილ საქონელს, სოფელში შემორჩენილ თითო-ოროლა, ხელებდაჩამიჩებულ მოხუცს, ეძინა ტყეს და ეძინათ ჩანჩქერებს. ზლაზვნით იკვლევდა თეთრ კლდეებს შორის გზას მდინარე, ძალით აითრევდა ტანს და მაღალი კლდიდან ეშვებოდა ზათქით. გრილ წყალში ოქროსფერწინწკლებიანი კალმახები ეძებდნენ საკბილოს. თვლემდა და თავს იდრეკდა დედა-ბუნება მზის უძლეველი სხივების წინაშე. კარავი მდინარის პირას, კლდოვან ბაქანზე გავშალეთ. ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა ჩვენს თვალებს, ადამიანები იყო. თუმცა თავს ასეც კარგად ვგრძნობდით. ხოლო ამ ლაშქრობიდან სამი წლის შემდეგ, გასულ ზაფხულს აღმოვაჩინე, რომ უადამიანობით ყველაზე ბედნიერი თავად კინჩხა იყო. თუმცა ამაზე მოგვიანებით გიამბობთ... 

მთიან სოფლებში ყველა სეზონი დღესასწაულია. მაშინ ზაფხული დღესასწაულობდა: მწიფდა ატამი, ყვავილობდა ათასობით ყვავილი, ფერადები, თითისტოლები, ხელისგულზე დასატევები. ორი უკიდურესობაა სოფლის მხარეებში. ერთი- ხალხმრავალი, ხმაურიანი, მოღრიალეა. მეორე-ჩუმი, შორეული. ასეთი იყო მაშინდელი კინჩხა. ორღობეში ხის ჩამომპალი ღობეებიდან თავგამოჩრილი ძაღლების გამაყრუებელი ყეფა გვაცილებდა. ენერგიაგამოცლილი, მუხლდაბერებული მოხუცები გვესალმებოდნენ და უკბილო ღიმილს გვჩუქნიდნენ, ყველაზე თბილს და მართალს. დიდი ჩანჩქერიდან ლომინას ტბისკენ ავიბარგეთ. ისრიმისფრად ლიცლიცებდა ტბა შუადღის მზის შუქზე, არყის ნაჟურივით წვეთავდა ერთ დროს წყალუხვი ჩანჩქერი, მზისა და სიცხისაგან გათანგული. ტბის პირას გრილოდა და ტყიდან კუდფუმფულა ციყვები გვიყურებდნენ გაოცებით...

არ მოგიყვებით, როგორი მარგალიტია კინჩხა იმერეთისთვის, ან რისი ნახვა შეგიძლიათ იქ - ამას ჩემზე უკეთ ოფიციალურ წყაროებში (გუგლი, ვიკიპედია) ამოიკითხავთ. არც იმას გიამბობთ, როგორ მევსება გული მზით, როცა იქ მივდივარ და არც იმას გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ და ნახოთ ბუნების ეს საოცრება. მე გიამბობთ იმაზე, თუ როგორი ცხოველია ადამიანი და რისი შეცვლა შეუძლია მას სამ წელიწადში...

კინჩხასამი წლის წინ კინჩხა - იმერეთის მიტოვებული სოფელი თავს იწონებდა თავისი ქალწულებრივი მშვენებით. სამი წლის შემდეგ კი ადგილზე ჩასულს დამხვდა გაუპატიურებული, ღირსება აყრილი მეძავი ქალი - ხალხით სავსე სოფელი, რომელშიც ხალხზე მეტი ნაგავი ყრია. ნაგავი ყრია ყველგან: ანკარა მდინარეში, სადაც წლების წინ ოქროსფერი კალმახები ცხოვრობდნენ და მრავლდებოდნენ, ტყეში, სადაც ხიდან ხეზე ხტომაში ვარჯიშობდნენ კუდფუმფულა ციყვები, მდინარის პირას, თეთრ პრეისტორიულ ქვებზე, ჩანჩქერების ძირში, ზურმუხტისფერ მდელოზე... ნაგავში სხედან და სამშობლოს სადღეგრძელოს ამბობენ ჩვენი თანამემამულეები. სოფელში კი დგანან ცარიელი, ფუნქციაწართმეული ნაგვის ურნები და პირდაღებულნი შესცქერიან ადამიანთა ულმობელ ხელებს. სამი წლის წინ, როდესაც პირველად ვესტუმრე კინჩხას, ჩანჩქერებიან სოფელში - გზაზე, ტყეში, მდინარის პირას, მდინარეში, ბეწვსაც ვერ იპოვნიდი. ზუსტად ისე, როგორც იმ ხალხურ ლექსშია: ”მოვიარე გორდი, კინჩხა ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა.” ადამიანებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ და თუ ეს ცვლილებები ყველგან ისეთი იქნება, როგორიც კინჩხაში, მაშინ თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ბუნება არ გვიმსახურებს ჩვენ, ან ჩვენ არ ვიმსახურებთ ბუნებას... როგორც გენებოთ...

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %