შემოდგომის მოგზაურობა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში

გზაზე ვდგავართ, დილაა და ქუთაისური ქარი გვერდებს გვიყინავს. შემოდგომაა. დილით უკვე ცივა. კეთილ მძღოლებს ველოდებით, ავტოსტოპით ბორჯომამდე ვაპირებთ ჩასვლას.

 

გიგა მთამსვლელია, მე -მოლაშქრე. მთაში უკვე ორი წელია დავდივარ. გიგა- ექვსი. 

 

ქუთაისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკამდე ავტოსტოპით წასვლა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ არ გვიმართლებს. 

 

‘’-არა, არა, უცხოელი ტურისტები რომ იყოთ წაგიყვანდით, მარა ერთი ადგილი მაქვს. ჩამოივლის რამე კიდე.’’ – გვიღიმის მიკროავტობუსის მძღოლი და ცხვირწინ გვიჯახუნებს კარს.

 

საბოლოო ჯამში გვიმართლებს და ხაშურამდე ავტომობილს მივყვებით. 

 

ხაშური ისევ ისეთია როგორც ჩემს ბავშობაში-მტვრიანი, მიტოვებული, ღარიბული. 

 

ხუთი წლის ასაკში, პირველად რომ მოვხვდი აღმოსავლეთში, თვალებგაფართოებული ვუსმენდი იქაურებისთვის დამახასიათებელ კილოს… მერე ამ კილოს ”ათვისება” ყოველ ზაფხულს თავიდან მიწევდა ხოლმე. მივხვდი ერთს_აქ ყველაზე სუფთა, მშრომელი, ალალი ხალხი ცხოვრობს, რომელიც არასოდეს არაფერს ითხოვს ზედმეტს ბოლოს აქ დაახლოებით ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ცივი, ჭუჭყიანი ქუჩები, ღარიბულად ჩაცმული ხალხი, ბინძური სადგური, მზეზე გამომხმარი ნაზუქები და ქარში მოტორტმანე ჰამაკები.

 

ხაშურიდან აწყურამდე მიკროავტობუსს მივყვებით. ლიანდაგთან ჩამოვდივართ და სოფლის ოღრობის მიღმა ჯადოსნური სამყარო იწყება. აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი პეიზაჟით, რომელიც სამწუხაროდ იშვიათად მინახავს. გზა საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო წინ გველოდება…


 

რამდენიმე კილომეტრის შემდეგ, დაღლილებს წყალი გამოგველია, წყაროს ნიშნულს ავცდით და ტყეში უმიზნოდ დავეხეტებით. მე გიგას იმედი მაქვს, გამოცდილი მთამსვლელია, ვიცი რომ არ დამკარგავს. გიგას ჩემი ინტუიცია ეიმედება. უეცრად, შუაგულ ნაკრძალში ძაღლის ბოხი ყეფა გვესმის. თავდაღმართს ლამის გორვით ჩავუყევით და რას ვხედავთ – ნაძვების სიღრმეში მაღალ ფეხებზე შედგმული ქოხი დგას. ქოხის წინ მოხუცი დადის, ქათმებს აპურებს. იქვე მსუქანი ნაგაზი წამოწოლილა და ეჭვის თვალით ყნოსავს ჰაერს.


 

მოხუცი ეთერი ბაბოა. ღიმილიანი თვალებით შეგვეგება, წყლის ბოთლები აგვივსო და ერთი დიდი თავი ყველიც გვაჩუქა. მერე გვთხოვა, ცოტა მელაპარაკეთო და თავისი ამბებიც მოგვიყვა. 

 

‘’-ღმერთმა დაგლოცოთ, ბაბო. ამ ტიალა მთაში კაცი კაცს როდის შეხვდება კიდე ვინ იცის. ღმერთმა გაგამრავლოთ და გაგახაროთ. მოდით, გამომიარეთ რომ ჩამოხვიდეთ ამარათიდანა. მე სულ აქა ვარ ბაბო, დეკემბრამდე, სანამ თოვლს ჩამოყრის აქა ვართ მე და ჩემი ქმარი. 12 სული ძროხა და კამეჩი გვყავ. ეს ძაღლი შვილებმა მიყიდეს…2 შვილი გვყავ და 5 შვილიშვილი. პატარები, ტყუპები, სკოლაში მიდიან. აქა მყვანდნენ მთელი ზაფხული ეგ გასახარებლები… სულ აქ კი არა ვიყავ, ბაბო. ლენინგრადში დავამთავრე ინსტიტუტი. მერე აფხაზეთში და ოსეთში ვმუშაობდი, ბაბო, პარტიულ კომიტეტში. აფხაზები ჩავუშვი. მააშ! საქართველოდან უნდოდათ, ბაბო, გამოყოფა. ეგე, სამოციანებში და მეთაური ჩავუშვი. დაიჭირეს , ბაბო, მა რას იზამდნენ…აი, აგვისტოს ომის წინ აქ ჯარისკაცები ჩამოყარეს თვითმფრინავებიდანა. ქართველები. ავარჯიშებდნენ, ამზადებდნენ ოსეთისთვინა. სუ პირტიტველა ბიჭები. ღამე ისე ცვიოდნენ ციდანა, როგორც ე,იმ ხიდან პანტა…შემოვიყვანე, ცხელი რძე დავალევინე… ყველა დაღუპულა, ბაბო, მერე გავიგე რადიოში იმათი სახელები და გვარები…იმათ სახეებს რა დამავიწყდებს. მწარეა , ბაბო, შვილი…ოცივე მოუკვდა დედებსა არაფრის გამო. აბა რუსეთსა ჩვენ მოვერევით? რუსეთი, ბაბო, დათვია. დაგარტყამს ტორსა და გაგაქრობს…’’

 

ლაპარაკობს და ოფლს თავსაფრის ყურით იწმენდს. გვეუბნება, რომ იქ, სადაც ახლა ცხოვრობს, ოდესღაც სოფელი იყო. კომუნისტების ეპოქაში სოფელი ყველამ მიატოვა.მერე სახლებიც დაანგრია დრომ. იქაურობას მხოლოდ მისი ქოხი შერჩა. ისიც იმიტომ, რომ მისი და უვლიდა.


ეთერი ბაბოს მონატრებით სავსე თვალები აქვს, სინათლეწართმეული. კიდევ ერთხელ გვთხოვს, რომ დაბრუნებისას ვნახოთ. აუცილებლად დაგიმახსოვრებთ და მომავალ წელსაც თუ მოხვალთ, ღამეს ჩემთან გაგათევინებო, გვპირდება.


 

მოხუცს ვემშვიდობებით და გზას ვაგრძელებთ. ნაძვნარს ფარსმანდუკებით სავსე მინდორი მოსდევს, შორიახლოს საკარვე ადგილიც მოსჩანს და ცაზე პირველი ვარსკვლავებიც აპირებენ აციმციმებას. დაღლილობას საერთოდ ვერ ვგრძნობთ, ბედნიერებიც ვართ იმით, რომ დღეს ერთ მოხუცს, სოფელში მარტო დარჩენილი ერთ სულს ბედნიერება მივანიჭეთ. 

 

ვფიქრობ და ვხვდები, რომ გავა რამდენიმე წელი. ერთ ცივ, ზამთრის დღეს ეთერი ბაბო და მისი მეუღლე წავლენ იქ, საიდანაც აღარასოდეს ბრუნდებიან. მერე მისი შვილები და შვილიშვილებიც დაივიწყებენ წინაპრების სახლს. ქოხი დაინგრევა და წლების შემდეგ, ნაკრძალში მოხვედრილ ტურისტებს აღარავინ მიაწვდის ბებრული ხელებით ამოყვანილ მსუქან ყველის თავს, აღარც წყაროს წყლით აუვსებენ ბოთლებს და არც დიდბეწვა ნაგაზის ყეფა დაარღვევს ღამის სიჩუმეს. 


 

აღმოსავლეთ საქართველოს თავზე ღამე იპარება. მე და გიგა კარავს ვშლით. ეთერი ბაბო ალბათ ქათმებს აბინავებს და სათიბზე წასულ მეუღლეს ელოდება, გზას გასცქერის. ცაზე პირველი ვარსკვლავი კიაფობს, ღამის უტყვი მაცნე. ყრუდ აღწევს ჩვენს კარვამდე ნაგაზის ყეფა- პატრონს თუ ეგებება, შორი გზიდან დაბრუნებულს. ალბათ ქოხიდანაც ამოდის უკვე კვამლი და ეთერი ბაბო ძროხებს წველის. საძილე ტომარაში თბილად ვძვრები, მეორე დღეს დიდი მისია გვაქვს- მწვერვალზე ასვლა და უკან იმავე გზით დაბრუნება. ისევ უნდა ვეწვიოთ ეთერი ბაბოს, ბებრულ მხრებზე მოვეხვიოთ და მომდევნო ლაშქრობამდე დავემშვიდობოთ...


კარავში ქარის შრიალის ხმა ისმის. სანამ მე ვფიქრობ ცაზე საწვიმარი ღრუბლები იკრიბებიან და სადღაც შორს ელვაც ანათებს. ქართლის მთების თავზე წვიმს...ფიქრს ვწყვეტ და ძილის ღმერთებს ვნებდები. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %