ქვეყნის ყველაზე დიდი გაყინული ფარავნის ტბა

წლებია გაყინული ტბის ნახვა მსურს. პატარა ტბები მთაში თუ აგერ ქალაქის გვერდით ბევრი დამიგროვდა ნანახიც მაგრამ არა, მე რაღაც უფრო დიდი მსურდა. ან ყველაზე დიდი....ერთი პერიოდი ვფიქრობდი გაყინული ბალატონის ტბა რა სანახავია ალბათთქო. ერთხელაც ამ ოცნებებში ვიყავი და გავიფიქრე:

 

 

  • შტერი თუ არ ხარ,  ბალატონს რას ნატრულობ აგერ ფარავანი არ გინახავსთქო...

 

 

ხოდა შარშან ავიკარი გუდა ნაბადი, გადავუჭირე ბათინკს თასმები და დავადექი გზას...ვერ ვნახე. ქარბუქი იყო ამოვარდნილი, გზა ჩაკეტილი და წალკის იქით არც გამახედეს...

 

წელს დაზამთრდა თუ არა ხელების ფშვნეტა დავიწყე. მეგობარმაც მხარი ამიბა და გზას დავადექით.

 

კიკეთიდან წავედით, გავიარეთ მანგლისი, წალკა, მივადექით სოფელ ფარავანთან - ფარავნის ტბასაც.

 

მთელი სოფლის გავლა მოგვიწია. მარტო ტბა კი არა სოფელიც გაყინული დაგვხვდა...ნახევარზე მეტი გზა კი არ ჩავიარეთ ჩავსრიალდით...

 

 

რუსულად ამეტყველებული ადგილობრივები შემოგვეგებნენ საით გაგიწევიათო, ქართულად რომ დავუწყეთ საუბარი რაღაც ეხამუშათ და მალევე გაგვშორდნენ.

 

მივადექით ტბას. გადასვლას არ ვჩქარობდით. წელს ბოლომდე ვერ გაიყინა. ბოლომდე ვერ დაკეტილა. მხოლოდ ნახევარზე მოახერხა ზამთრის სუსხმა ტბის დამორჩილება. ბოლოს შესაფერისი ადგილი შევარჩიეთ და გადავედით ტბაზე. ნამქერზე ისე მიბოდიალობ რომ გავიწყდება კიდეც ყინულზე რომ მიაბიჯებ და უზარმაზარ ტბაზე. გავიწყდება რომ შენს ქვემოთ დაუმორჩილებელი სტიქიაა, სიღრმე და სიცარიელე. უშიშრად მივაბიჯებდით და ვიდეოების გადაღებაში ისე გავერთეთ რომ კარგახნის შემდეგ დავიხედეთ ფეხქვეშ...ყინული არსად ჩანდა...ტბის გახსნილ პირს მივადექით ლამის, ჩვენიდან 5-8 მეტრში ტბას ხახა დაეღო, თითქოს მხეცი ყინულის გარღვევას და სააშკარაოზე გამოსვლას ლამობსო, მაგრამ ფეხქვეშ თავად ამ ყინულს ვერ ვგრძნობდით...ნამქერის გადაფხეკა დავიწყეთ, და გამოჩნდა...ყინული და ქვემოთ კოსმიური სიბნელე...არ ვიცი როგორაა სხვა ტბებზე? მართალია კადრი რაც ფილმებიდან გვახსოვს? აი ის, ვიღაც რომ ჩავარდება და სხვები ზემოდან ცდილობენ დაინახონ სადაა...რაც პრაქტიკა მაქვს მაგ ყინულის ქვეშ მხოლოდ კოსმიური სიშავე შეგიძლია დაინახო ადამიანმა,...

 

 

იქამდე არ გადმოვსულვართ ტბიდან სანამ ყინვამ ჩვენც არ მოგვაგნო, სახე და ხელები ერთნაირად გაგვეყინა...დრო იყო სახლისაკენ გზას დავდგომოდით...

 

აუცილებლად გირჩევთ თავადაც ესტუმროთ ზამთარში ფარავანსა და საღამოს ტბას...ორივე მათგანი ისეთ სანახაობას გპირდებათ რასაც ვერ წარმოიდგენთ...თეთრი უდაბნო, არც ხეები და არც ჰორიზონტი. მხოლოდ თოვლი, ყინული და ნაცრისფერი ცა...ისე ერწყმის ერთმანეთს რომ ვერ გაიგებთ რომელი სად სრულდება...

 

 

ზამთრის ნახვა გსურთ? მაშინ ნახეთ ჯერ რა შეუძლია...

 

ქვეყნის ყველაზე დიდი გაყინული ტბა ინახულეთ მეგობრებო ...

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %