ქართული მარსი ანუ ამბავი ყელიწადისა
07:30 სთ. თბილისი, დიდუბის ავტოსადგური.
დილის რვის ნახევარია და ყველაფერი გენიალურადააა!
დიდუბის ავტოსადგური ჩვეული ხმაურით და აურზაურით იღვიძებს. ხალხი დაფუსფუსებს, მძღოლები თავისკენ უხმობენ პოტენციურ კლიენტებს შეძახილებით: აბა, ქუთაისი გავიდა, ქუთაისი! გორი, აქეთ, გორი! რაც დღემდე ჩემთვის ერთობ ამოუხსნელი მარკეტინგული ხრიკია, თუმცა who cares, my adventure awaits! სულმოუთქმელად ველი სტეფანწმინდის მარშუტკის შევსებას, რაც ჩემი თავგადასავლის დაწყების პირდაპირპროპორციულია.
10:30 სთ. კობი.
ხევში, იგივე ყაზბეგში, ჩემი ვიზიტების მრიცხველი უკვე სამს აჩვენებს, თუმცა თრუსოში მანამდე ჯერ არ ვყოფილვარ.
ფოტოებით, ვიღაცების რეკომენდაციებით და ა.შ. საკმაოდ მსუყე მოლოდინები მაქვს.
მივდივარ და "თერგი რბის, თერგი ღრიალებს" ჩვეულ ამპლუაში. დროდა დრო თვალს ძლივს ვუსწორებ, რაც ჩემს წყლისადმი, განსაკუთრებით კი მთის მდინარეებისადმი შიშს ერთი ორად ამძაფრებს. სასწრაფოდ თვალს ვაშორებ და ყურადღება სხვა ობიექტზე გადამაქვს, რადგან უსუსურობა არც თუ სახარბიელო შეგრძნებაა, დამეთანხმებით.
ნელ-ნელა სანახაობებიც ჩნდება. აგერ, ქასარას კანიონის გოროზი კედელი აღიმართა, უკვე ტრავერტინების კონტურებიც გამოჩნდა, ცოტაც და მთელი თრუსოც გადამეშალა თვალწინ, მთელი თავისი დიდებულებით.
რას ვნახავთ თრუსოში?
ჩემმა მოლოდინებმა გაამართლა. თრუსოს ხეობა ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალურია.
ბუნებრივი სილამაზე ენით აღუწერელია, ეს აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით უგემრიელეს მჟავე წყლებს. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ მოილოცოთ სოფელ აბანოს დედათა მონასტერი ან თორმეტი წმინდა მოციქულის მამათა მონასტერი. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ხელნაკეთი ხატები ან სუვენირები სამახსოვროდ.
მარად თოვლით შემოსილ კალთებიანი მთების ფონზე ამაყად დგას ზაქაგორის ციხის ნანგრევები და ისტორიას კვლავაც ხელშესახებს ხდის.
მის უკან კი უფრო ძველი, X საუკუნის აბანოს მთავარანგელოზის ეკლესია უძლებს ჟამთასვლას.
აქაური მზის ჩასვლა კი ნამდვილი ზღაპარია და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად შემოინახება თქვენს მოგონებათა ნუსხაში.
თუკი ყაზბეგში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ თრუსოში, ნამდვილად ღირს.
მოკლედ, ის დღე თრუსოში გავატარე. საღამოს უამრავი ოთხფეხა სტუმარი მეწვია. ვისაუბრეთ აქეთურ-იქითური, გემრიელი ბალახით გავუმასპინძლდი და მზის ჩასვლისას დავემშვიდობეთ ერთმანეთს, წარმატებები ვუსურვეთ, რაც არც მე მაწყენდა და არც მათ, ალბათ. : ))
დღე მეორე, უფრთხილდით მეცხვარის ძაღლებს!
როგორც იცით, აღმოსავლეთ მთიანეთში გავრცელებულია მეცხვარეობა. ეს უკანასკნელი ჩემთვის ფუმფულა ცხვარზე მეტად ძაღლთან უფრო ასოცირდება, ოღონდ საყვარელ ცუგოსთან კი არა, არაა - დიდ, ავ, შენს შესაჭმელად ყოველთვის მზადმყოფ კავკასიურ ნაგაზთან, რომელსაც პატრონები თითქმის არასოდეს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
უკვე სიკვდილს თვალებში რომ ჩავხედე, გონებაში გამოვემშვიდობე საყვარელ ხალხს და დაკრძალვის ცერემონიაც მიილია, აი მაშინ ძლივს მოიფიქრა მეცხვარემ, რომ რაღაც ზომები უნდა მიეღო და თავისი ძაღლი შეეჩერებინა.
ასე რომ წინასწარ ფრთხილად იყავით!
ცხვარს სოფელ კეტრისში აბინავებდნენ მაშინ და შესაბამისად ძაღლებიც იქვე დათარეშობენ.
თრუსოს ხეობას უერთდება უამრავი პატარ-პატარა ხეობა. ერთ-ერთი ასეთია ესიკომის ხეობაც, რომლის იქეთაც მარსული სამყაროა. ჩემი მარშრუტის ისარიც ამ ხეობას მიუთითებს. ვიცი, რომ სულ რაღაც 9 კილომეტრია. ვფიქრობ, საკმაო სიმაღლეა ასაწევი, მაგრამ მაინც მარტივად ავივლი და შუადღისთვის უკვე ტბაზე ვიქნები და ვინეტარებთქო, მაგრამ ხომ გსმენით: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. აი, ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ეგრე მოხდა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყელიწადისთვის ვარ აბსოლუტურად გამოუცდელი. ერთ-ერთი რთული მარშრუტია საქართველოსი, მე კი ჯერ საშუალო სირთულის ბილიკიც კი არ მაქვს გავლილი.
მოკლედ, ძალიან გამიჭირდა. ჩემი გათვლებით უკვე ტბაზე რომ უნდა ვბანაობდე, ჯერ ბილიკის ნახევარიც კი არ მაქვს დაფარული. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და ერთი ორად გართულდა გადაადგილება. ჩემი და მთის მდინარეების ურთიერთობის შესახებ გაკვრით ვახსენე მაღლა. ჰოდა, ამ ურთიერთობას შეეწირა ყველაფერი. მდინარის კვეთა რომ არ ყოფილიყო საჭირო, ვიფიქრე მთის ფერდზე ავალ და ამ პატარა მონაკვეთს ესე გავივლითქო. მაგრამ აქ ღმერთმა მქუხარედ გაიცინა და პატარა მონაკვეთი უსასრულოდ გაწელა. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ფაქტიურად ნახევრად ჰაერში ვიარე. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ბოლო მომეღო.
იმ დღეს რა თქმა უნდა ტბამდე ვერ მივაღწიე.
უკვე ბნელდება და მე სადღაც ნაშალებსა და დიდ ლოდებს შორის ვარ გაჭედილი.
ბედად ერთი ციცქნა მოსწორებული ადგილი აღმოჩდა, პატარა მინდვრით. ნამდვილი ოაზისი ამ კლდე-ღრეში.
მეეჭვება იმ მომენტში სადმე ვინმე ჩემზე მეტად ბედნიერი ყოფილიყო მთელ დედამიწის ზურგზე.
რა თქმა უნდა, უკანასკნელი ძალებით ეგრევე დავბანაკდი.
მთელი დღის მშიერს, ერთი ლუკმის გადაყლაპვის თავიც კი აღარ მაქვს.
თუმცა ნელ-ნელა ვაანალიზებ, რომ ჩემდა გასაოცრად თავს მაინც კომფორტულად ვგრძნობ. ამდენი ტანჯვის, სახის ახევამდე დაღლისა და შიმშილის მიუხედავადაც კი!
ვერანაირი სიტყვებით, ვერანაირი ფოტოებით ვერ აღვწერ თუ როგორი საოცარი სიმშვიდე იყო იქ, მაღლა. ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ოდნავ მაღლა.
და ამ სიმშვიდემ მთელი არსებით მომიცვა.
ზემოდან დავყურებ თრუსოს ხეობას. ბინდდება, ნისლები ცეკვავენ. ხან ღუნღულა საბანივით გადაეფარებიან მაღლა ამოზიდულ მთებს, ხანაც ისევ შორდებიან ერთმანეთს.
სრულ სიმშვიდეს ხანდახან სადღაც ქვის დაგორების ხმა თუ დაარღვევს, ან რომელიმე ფრინველის საოცარი ხმა.
ყველაფერი ჰარმონიულია. ბუნება თავის მუსიკას უკრავს. ეს იდუმალი, ჩუმი მუსიკა დღესაც ჩამესმის და უბრალოდ შეუძლებელია ოდესმე დავივიწყო. ასეთ სულის სიმშვიდეს არათუ ქალაქში, ვერცერთ დასახლებულ პუნქტში ვერ იპოვით, ალბათ.
აქ ყველაფერი ხელშეუხებელია და სამყარო ჯერ კიდევ თავის თავს ეკუთვვნის.
დღე მესამე, პლანეტა მარსი.
როდესაც მზისა და დედამიწის პაემანი შედგება, ხეობას მზის პირველი სხივები მორიდებით ათბობს და ანათებს, მე უკვე გადავყურებ ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ხედს და ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში: რა საოცრად მშვიდი ყოფილა თურმე სამყარო. შეუძლებელია ეს დაინახო ქალაქის ფუსფუსსა და რიტმულ ცხოვრებაში.
გუშინდელი დღე თითქოს სიზმარი იყო. დღეს უფრო დალაგებულად და მშვიდად ვიაზრებ ყველაფერს. თითქოს მავიწყდება საიდან მოვდივარ, რა ხდება ნაცრისფერ გაცრეცილ ქალაქში. ადამიანები და მათ სახეებზე აღბეჭდილი ყოველდღიური აუტანელი ყოფა და პრობლემები. თუმცა კი არ მავიწყდება, კონტრასტი უფრო მკაფიო, აუტანელი და სევდიანია. რა იქნებოდა ამ ადამიანებს წამით მაინც ეგრძნოთ ეს სიმშვიდე.?
მძიმედ წამოვიზლაზნე და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი კავკასიონს. მყინვარწვერიც ჩანს.
ქვეყნად მოიძებნება ვინმე, ვინც ბუნების ამ შემოქმედებაზე და ჩუმ ჰარმონიაზე ერთი დადებითი ემოცია მაინც რომ არ გაუკრთეს გულში-მეთქი, ვეკითხები უნებურად საკუთარ თავს და იქვე ვპასუხობ - არ არსებობს!
ყელიწადის ტბამდე მისასვლელად უღელტეხილი უნდა ავიარო. ღრმად ჩავისუნთქე,ფილტვები სუფთა ჰაერით ავივსე და ნაშალი ქვების აღმართს შევუყევი. აქედან უკვე იწყება მარსიანული ფერები.
შეფერილობა და ვულკანური წარმოშობა მიჩენს ასოციაციას, რომ აქაურობა მარსს ჰგავს.
მეტად რთული გამოდგა ნაშალებზე გადაადგილება. უფრო ზუსტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოიდგინეთ, რომ ერთ ნაბიჯს წინ დგამთ, ორს უკან და ამ სიჩქარით გადაადგილდებით ციცაბო აღმართზე. ფაქტიურად ძალაგამოცლილი მივლასლასებ. ასე გაიარა რამდენიმე საათმა.
ცოტაც და წვერზე ვარ.
ერთი ნაბიჯი,
ორი,
სამი.
ღმერთო ჩემო! წამით დრო ჩერდება, უეჭველად ჩერდება!
მარსიანულ ფერებში გამოწყობილი, კონუსისებრი შერხოტა უდარდელად წამომართულა, თავს იწონებს ზებრისებური თოვლის სამოსით და ფუმფულა ღრუბლების ნაფლეთებით, რომლებიც გარს ეხვევიან და არადა არ შორდებიან.
მის ქვემოთ კი ყელიწადის უზარმაზარი ტბა გაწოლილა და თავს ირთობს მზის სხივებთან თამაშით.
ისე ლივლივებს და ისე ირეკლავს სხივებს, ისე , რომ მგონია ნამვილად სიზმარში ვარ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყარო იღიმის.
აღარ მეგონა რამდენიმე საათის წინ განცდილი სიმშვიდის მერე რამე თუ გამაკვირვებდა
მაგრამ ყველაფერი ხდება თურმე..
ჯამში: ეს იყო ნამდვილი, საოცარი თავგადასავალი. სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო გზა და საშუალება. უამრავი სირთულის, სინანულის, გაბრაზების, სასოწარკვეთის და საერთოდ ყველაფრის მიუხედავად მაინც დაუვიწყარი ემოციები.
ბინდდებოდა ესიკომის ხეობიდან რომ გამოვაღწიე.
ცენტრალურ მაგისტრალზე ვარ, ყველაფერს თვალი გადავავლე სამშვიდობოდან და დიდი ხნის მოგონებებით დახუნძლული მივქრი თბილისისკენ.
ღამის 12 საათია და ყველაფერი გენიალურადაააა!
შენიშვნა* ყელიწადი განეკუთვნება რთული კატეგორიის ბილიკს. შესაძლოა მისი წრიულად გავლაც. ასვლა ხორისარის უღელტეხილით, ჩამოსვლა ესიკომის ხეობით. თუმცა, როგორც ვიცი, ხორისარის უღელტეხილი გაცილებით რთულია, მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას, გამოცდილებასა და GPS მოწყობილობასთან მეგობრობას, რადგან ძალიან დიდი შანსია გზის აბნევის.