მთა date 14 დეკემბერი 2019
count 4819

ის რასაც მარტო გომის მთაზე ნახავთ

 

ვისხედით და ვფიქრობდით, სად არ ვყოფილვართ, რა არ გვინახავს მაგრამ აი მაღალ მთიანი აჭარა კი ნამდვილად ვერასდროს მოვიხერხეთთქო...

 

ივნისი ჯერ ეხლა დამდგარიყო და ქალაქი უკვე ისე ხურდა სუნთქვა გვიჭირდა ხალხს. მაღალმთიან აჭარაში კიდევ აქა-იქა თოვლიაო შერჩენილი მთებზე, ხმები დადიოდა სიცხისგან ადუღებულ ქალაქში.  ხოდა დავიწყეთ გეგმის შედგენა, საიდან და როგორ მივდგომოდით. რით დაგვეწყო, რით დაგვესრულებინა, საიდან სად გადავსულიყავით და რა გვენახა. ტბები. წამო რა ტბები  ვნახოთთქო ავიჩემე. გადავხედეთ ინტერნეტს დიდი ვერაფერი ინფორმაცია დაგხვდა.მე კიდევ  მთის გაყინულ ტბებში ცურვა მეწადა. რუკებს ხან ზევით ავუყვებოდით ხან ქვევით. შემდეგ ერთი მეტადრე ძვირფასი ადამიანი გამახსენდა. ყველას გისურბეთ თითო ეგეთ კაცს  ცხოვრების გზაზე ერთხელ მაინც  გადაჰყროდით. ბესიკ ჩიქვინიძე. ეგაა ის კაცი, მარშუტებს რომ ხაზავს და ჭერში აწყობს კი არადა, ხალხს გვახმარს...ლამის 15 წელია აქტიურად დადის მთაში და ისეთ ადგილებს პოულობს, სადაც თითო-ოროლა ადგილობრივ კაცს თუ დაუდგამს ფეხი. პოულობს და მხოლოდ თავისთვის არ იტოვებს, რაც მთავარია  სხვებსაც გვიზიარებს. ცხვანდირის ტბებიდან დაწყებული აგერაა, აჭარის მთიანეთში დამალულ ტბებით დასრულებული მაგ კაცს უნდა ვუმადლოდე მე. ინფორმაცია ბევრს ჩამოაქვს მთიდან, ალბათ ასე თუ ისე მოუხელთებელ, ჯერამც ნაკლებად ცნობილ ან სულაც უცნობ ადგილებშიც ბევრი ხვდება,  მაგრამ გავლილ მარშუტს და პრაქტიკულ რჩევებს გამოცდილებიდან ყველა კი არ იმეტებს ნაცნობებისთვის, მით უფრო უცნობებისთვის. ხოდა ჩემს ბავშობაში რომ იყო ზოგი გათხოვებდა წიგნს და ზოგს არ ემეტებოდა კარგი წიგნით წაკითხული ემოცია სხვისთვის გაემეტებინა ეგრეა ეხლაც...მე ბესიკისგან ვიღებ მაგალითს...მარშუტებს სიხარულით ვუზიარებ სულ უცხოებსაც, რჩევებსაც არ ვიშურებ ოღონდ მთაში კაცი წავიდეს. ოღონდ მიტოვებული ბილიკი აღდგეს, ოღონდ ქვეყანაში ხალხმა მთას მისცეს გონების  გაწმენდის უფლება, ოღონდ ვინმემ დეკა თელოს, ასკილი კვნიტოს  და მდინარეებზე უხტუნაოს...მოკლედ, რაც კი მთის ტბებში დაუვიწყარი დღეები მიტარებია ამ კაცს  უნდა ვუმადლოდე ალბათ... 

 

ხოდა მივწერე: გამოცდილი კაცი ხარ, რა მთა აღარ გიტკეპნია და ეგება მაღალმთიან აჭარაზეც იცოდე რამეთქო. ბესიკი რა ბესიკი იქნებოდა იმედი რომ გაეცრუებინა, მიპასუხა: - ცხადია ვიცი და შენც მიგასწვალიო.

 

 

მოკლედ მიმასწავლა ორი ტბა ჭინჭაო და ტბიყელი. მესამე პატარა და უსახელოზე გამაფრთხილა ან დაგხვდება ან არაო. ხოდა ასე ერთ გასვლაში სამი ტბის იმედად ჩავალაგე ჩანთა, ავიღე შვებულება და გავეცალე მწველ ქალაქს. არაფერია იმაზე სასიამოვნო ჩემნაირი ადამიანისთვის ლაშქრობისთვის ჩანთას რომ ალაგებ და შიგ საცურაო კოსწიუმსაც ჩააგდებ. თან ისე კი არა, ალალ ბედზე, არა! ზუსტად რომ იცი დაგჭირდება ოხერი ^_^

 

მოკლედ გეგმა ასეთი იყო : 3-4 დღე გვქონდა, კილომეტრები არ გვაშინებდა. გომის მთიდან ვიწყებდით და აჭარაში გადავდიოდით...უფრო კონკრეტულად კი ავიდოდით გომის მთაზე, გადავიდოდით ჭინჭაოს ტბაზე, შემდეგ ტბიყელის ტბაზე, შემდეგ კი სოფელ ხინოში დავეშვებოდით კინტრიშის რაიონში და ქობულეთსკენ უკვე მანქანას გავყვებოდით...

 

მაგრამ ჩვენ ჩვენებურად შევცვალეთ და უფრო საინტერესო გავხადეთ ეგ დღეები. მოკლედ  არ იჩქაროთ რაც მანდ მოხდა მაგ მაბებმა  მეც გამაოცა...

 

მოკლედ მარშუტი ჩავწერეთ ჯიპიესში ( მაგის გარეშე დაკარგვის გარანტია გაქვთ ) და გზას დავადექით. გომის მთამდე მანქანით ავედით. აქაც პირველად ვიყავით და ინტერესი გვკლავდა რა ადგილია აბა ერთი ხალხი რომ ქოთქოთობსო...გაამართლა. გომის მთა მშვენება იყო. ყველას გირჩევთ ერთხელ მაინც მოხვდეთ მანდ. ფერდობზე შეფენილი ხის სახლები და საბალახედ მიმოფანტული საქონელი. ნაძვნარი შენს ქვემოთ და მის ქვემოთ ღრუბლების ზღვა. მზის ჩასვლილას ჰორიზონტზე მე ნამდვილ ზღვასაც ვარჩევდი, მეგობარი ვერა.  თითქოს ღრუბლის ტალღები ნაძვთა წვერებს ეჭირათ. თითქოს ბამბის ნაყინის თავზე ვისხედით.

 

 

საბანაკედ ისეთი ადგილი შევარჩიეთ აქეთ ხედზე გომის მთის დასახლებას ვუყურებდით და იქით კიდევ ნაძვნარსა და ღრუბლებს. ხალხი როგორც შეგვეფერება, თბილი და მზრუნველია, რომ გაიგეს გოგოები კარვით ვრჩებოდით ქალებმა ქოთ-ქოთი დაგვაყარეს, - რას ქვიაო აქ ხალხი ვცხოვრობთ და თქვენ  გარეთ, როგორ უნდა დაგტოვოთო, მოდით შიგნითო, დიდი ვერაფერია მარა რაცაა გაგინაწილებთო...მადლობები ვუხადეთ, დავამშვიდეთ რომ არაფერი გვიჭირდა და ბანაკი გავშალეთ.  ტელეფონი მხოლოდ  განსაკუთრებულად შერჩეულ ადგილებში იჭერს. საღამოს ბავშვები გამოცვივდნენ ყიჟინით ზოგი სად რეკავდა და ზოგი სად...ვახშმობის დრო მოსულიყო. გავხსენით გუდა ნაბადი და აღმოვაჩინეთ რომ ახალი რეგიონის ნახვით აღფრთოვანებულებს საჭმელი ვერ გაგვეთვალა სწორად...80 % პურეულობა გვქონდა...ისე გამოვიდა რომ  ნახშირწყლების იმედად ვიყავით სამი დღე :/ ეგ ცარიელი პურისა და ნაზუქის ჭამის ამბავი შეგვეტყო კიდეც მესამე დღეს ტემპზე... ეგრეც ხდეა, 8 კი არა 18 წელი მთაში რომ დადიოდე ერთხელ მაინც მოხდება ისე რომ ყველაფერს ვერ გათვლი...მაგრამ ეგ არაფერი, გული არ გავიტეხეთ მთავარია ჯანი გვაქ, მთაში ვართ და ცარიელ-პურს და ყველს ნეტავ რას ვუწუნებთთქო...

 

სიმშვიდით ვტკბებოდით და მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა. ვიდეოს ვწერდი, როდესაც თავში რაღაც მომხვდა. დავხედე, ყინულის ნატეხია. ავიხედე მოწმენდილი ცაა...არ ვიცი რატომ საკუთარი თვალების შემრცხვა და არაფერი ვთქვი. გავიდა ხუთი წუთი და კიდევ, მერე კიდევ, მერე კიდევ, მოწმენდილი ციდან სანტიმეტრიანი ყინულის ბურთულები ცვივა, ნინიამაც შეამჩნია, აშკარად არ მეჩვენებოდა.  გაოგნებულებმა ცაზე ღრუბელს ძებნა დავუწყეთ. სამხრეთიდან მოდიოდა შავი გველეშაპი. ჯერ მოსული არ იყო და სეტყვას ისე გვაჩვევდა. ვიცი სასაცილოდ ჟღერს. სხვას რომ ეთქვა ალბათ მეც ვერ დავიჯერებდი მაგრამ ეგრე იყო, გომის მთაა ადგილი, სადაც მოწმენდილმა ცამ შეიძლება დაგსეტყვოთ...თუმცა მხოლოდ 5 წუთი. მერე ცაც გაშავდა და სეტყვა ჭექა-ქუხილად გადაიქცა...ლამის მთელი ღამე  ქარი კარავს გვალეწავდა თავზე.  ვცდილობდით დაგვეძინა, მეორე დღე რთული რომ იქნებოდა ვიცოდით. ჯერ ჭინჭაოს ტბა უნდა გვენახა რომელიც გომის მთასთან ძალიან ახლოსაა, ასე 5 კილომეტრში შემდეგ კი ტბიყელის ტბისკენ უნდა დავდგომოდით გზას. რთული იქნებოდა, მაგრამ რამდენად რთულიც აღმოჩნდა მაგას არ ველოდით.

 

 

მეორე დღის ამბებს: თუ როგორ გადავიარეთ ცხრა მთა, მოვიარეთ ტბები და ვიძინეთ დათვის ბუნაგში შემდეგ ბლოგში მოგიყვებით.

 

         

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %