დღიური - ამბავი პირველი, ბორჯომი

სიმღერის ტექსტების დამახსოვრების ნიჭით, დიდად, არასდროს გამოვირჩეოდი, თუმცა ეს ფრაზა დილიდან ამეკვიატა და თუ ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ვცდილობ, გაბმულად, ხმამაღლა მიკაკუნებს - "Circles they grow and they swallow people whole... Circles they grow and they swallow people whole... Circles... Circles...whole".

 

როგორ იწყება თავგადასავალი, როცა ერთადერთი, რასაც გრძნობ, დაღლაა, ერთადერთი, რასაც ხედავ - სამსახურის ფანჯარასთან მშენებარე კორპუსი?! ჩემი "წრე" ესაა - ექვსი სამუშაო დღე, ორმოცდარვა სამუშაო საათი კვირაში. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს - ჩვეულებრივად - მე ვიღვიძებ, შენ იღვიძებ, მე მივდივარ სამსახურში, შენ მიდიხარ სამსახურში, მერე ვმუშაობთ, ვბრუნდებით, ვიძინებთ... მერე ისევ თენდება, მერე ისევ ღამდება და ზოგჯერ, საკუთარ უფერულ ყოველდღიურობაში იმდენად ღრმად ვიძირებით, რომ ზედაპირზე ამოსვლა და ღრმად ჩასუნთქვა არათუ აღარ გამოგვდის, არამედ აღარც გვახსოვს, აღარც გვგონია, რომ საერთოდ, შესაძლებელია. 

ინსტაგრამს ვსქროლავდი წეღან და ბორჯომის ფოტოებს გადავაწყდი, სექტემბერია, 2019 წელი, შემოდგომა. მე და ჩემმა მეგობარმა სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ თბილისიდან უნდა წავსულიყავით. ბევრი არ გვიფიქრია, მიმართულებად ბორჯომი შევარჩიეთ, ტრანსპორტად - მატარებელი.

ყველაფერი გადასარევად აეწყო. 

მატარებლების მოძრაობის გრაფიკში ეწერა:
თბილისიდან გამოსვლა - 7:15 - 16:45
ბორჯომში შემოსვლა - 11:15 - 20:45

პირველივე რეისს გავყევით. მატარებელი ძველია და ხმაურიანი, ნელი და არაკომფორტული, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონია, სინამდვილეში, ესეც მომწონს და მაინტერესებს. მგზავრობა სულ ორი ლარი ღირს, ბილეთს იქვე ყიდულობ, მთავარია, ხურდა გქონდეს. 

 

ბორჯომთან მიახლოებისას, ნელ-ნელა იცვლება ლანდშაფტი. მთები მაღალია, ტყიანი და გგონია, რომ თუ ფანჯრიდან სახეს გადაყოფ, ამ ნაძვების მთელ სიმწვანეს ერთიანად ჩაისუნთქავ.  

ბორჯომის სადგურში ჩამოსვლის შემდეგ, ვცდილობთ, ჯუმბერი ძიას სასტუმრომდე მივიდეთ. სასტუმრო ძალიან ძველია, კიდევ უფრო ძველი, ვიდრე გარედან ჩანს. ოთახები პატარაა, საწოლზე პლედებიც ისეთი აფარია, ბებოები რომ ინახავენ ხოლმე ყუთებში - მწვანეები, წითლები, შავი ზოლებით, ბუსუსებიანი. მისაღებში დგას ბევრი მცენარე, ძველ ხის მაგიდაზე - უძველესი ტელევიზორი, ხოლო სამზარეულო შავ-თეთრ ქართულ ფილმებში ნანახ სასადილოს მაგონებს. კმაყოფილი ვარ, ბევრად უფრო კმაყოფილი, ვიდრე მოველოდი. 

ჩანთებს ოთახში ვტოვებთ და სასეირნოდ გავდივართ. ნაწვიმარია.

სანამ ბორჯომის ცენტრალურ პარკში შევალთ, ქალაქში დავსეირნობთ. უცნაური შეგრძნებაა, როცა ქუჩაში ბევრი ხალხი არ გხვდება და ისე მომწონს, შემიძლია ხტუნვა-ხტუნვით ვიარო. 

ბორჯომელი ბებოები ისევ ყიდიან მოხალულ მზესუმზირას, რომელიც მეტად მიმზიდველი, მეტად ნოსტალგიური, თუმცა ნაკლებად გემრიელია (ან, უბრალოდ, არ გამიმართლა). 

მსუნაგებს ჩვენი საკბილოს ნახვა ამ ქალაქშიც მარტივად შეგვიძლია, განსაკუთრებით, თუ მარკეტში კონსულტანტი ერთი შეხედვით ხვდება, რა შეიძლება იყოს ის ტკბილეული, რომელიც მელასავით მიგაჩვევს ამ კონკრეტულ ადგილს. 

კრემიანი თითებით ბორჯომის ცენტრალურ პარკსაც ვუახლოვდებით. ბილეთი ორი ლარი ღირს. რაც უფრო ღრმად შედიხარ პარკში, ისე ძველდება, როგორც ჯუმბერი ძიას სასტუმრო. რადგან ცივა, ბავშვები სათამაშოდ არ გამოდიან, კარუსელები მიტოვებულია, სველი და უფერული. შენობები ინგრევა და მარტოსულად გამოიყურებიან. პარკის ბოლოს ტყეში გამავალი ბილიკი იწყება. ბილიკი ჯერ ფართოა, მერე ვიწრო, რამდენიმე ადგილას პატარა რუ ჩხრიალებს. თუ ტყეში სიარული არ გეზარება და თუკი ხეების, მიწის, წვიმის სუნით გაბრუებული ნახევარ საათს ბილიკზე სიარულში გაატარებ, აუცილებლად მიადგები გოგირდის აუზს. ეს აუზი განსაკუთრებულად შემოდგომასა და ზამთარში მიყვარს, როცა თოვს, ცივა, წყალი კი იმდენად თბილია, რომ შეგიძლია დიდხანს იცურაო და გემრიელადა ჩაღუნღულდე. 

 

ზაფხულში არასდროს ავსულვარ გოგირდის აუზზე, თუმცა ვიცი, რომ მათთვისაც შესანიშნავი ადგილია, ვინც ვერც ბორჯომის გრილ საღამოებს ელევა და ვერც მზის აბაზანებს. 

 

ინსტაგრამს ვხურავ. თვალი ისევ მშენებარე კორპუსზე მიშტერდება. შაბათია. ხვალ კვირაა და ალბათ, მთელ დღეს ვიძინებ, ზეგ ისევ სამსახური, მერე ისევ, ისევ...

ჩემს კითხვაზე პასუხი მეც მაქვს. თავგადასავალი "წრიდან" გამოსვლით იწყება. ზუსტად ასე - "წრი დან" გა მოს ვლით! მერე ლაგდება ზურგჩანთები. მერე იბურძგლებიან გზები და ბილიკები, მერე იყრიან ტანს გორაკები. მანამდე ვსხედვართ ოფისებში, კომპიუტერებთან და საკუთარ სურვილებს ძველი ფოტოსურათები გვახსენებენ. ჰოდა, ვინ იცის, სანამ გვახსოვს, იქნებ ჯერ კიდევ არაა გვიან, იქნებ ჯერ კიდევ შეგვიძლია ყოველდღიური მარწუხებისგან თავის გამოხსნა, ზურგჩანთების აკიდება და აქვე, ახლოს, უცხო, საინტერესო ბილიკების მოშინაურება, თუნდაც ძალიან, ძალიან ცოტა ხნით?! 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %