ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვარძიის შესახებ არაერთი მოსაზრება მომისმენია, ზოგისთვის ეს უბრალოდ გამოქვაბულების ერთობლიობაა, ზოგისთვის კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი. როგორც არ უნდა იყოს, ჯობია თქვენ თვითონ ნახოთ ვარძია და დასკვნა თქვენითვე გააკეთოთ, მე კი ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

ვარძია რომ უინტერესო და ჩვეულებრივი ადგილი იყოს, ნამდვილად არ მომინდებოდა კიდევ ერთხელ წასვლა. ვარძია არაერთი ასპექტით არის სანახაობრივი ადგილი. მისი ისტორია, არქიტექტურა, ხელოვნება ისაა, რაც განსაზღვრავს მის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. უშუალოდ ვარძიამდე კი რამდენიმე საინტერესო ადგილია სანახავი. პირველი არის ხერთვისის ციხე. ის შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს წარმოადგენს. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული. ის ბევრჯერ გადააკეთეს,  ბოლო პერიოდში კი ორი მთავარი ნაწილისგან გალავნისგან და ციტადელისგან შედგებოდა, რომელიც ჩრდილო - აღმოსავლეთიდან მიუდგომელია, გალავანი კი დაზიანებულია.

მეორე ადგილი კი ვანის ქვაბებია. ის მერვე საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს კლდეში თექვსმეტ სართულად ნაკვეთ ორასამდე გამოქვაბულს. სამონასტრო კომპლექსში შედის ექვსი ეკლესია, თავშესაფარი, საძვალე... ვარძიასთან შედარებით აქაც არანაკლებ ,,საძრომიალოა“ , ამიტომ გამძლე ფეხსაცმელი და დიდი ენერგია დაგჭირდებათ.

რაც შეეხება თავად ვარძიას, სამონასტრო კომპლექსი ჯავახეთში ასპინძის რაიონში მდებარეობს. აშენდა XII-XIII საუკუნეში, აშენება დაიწყო გიორგი მესამეს დროს. დარწმუნებული ვარ, დაარსებასთან დაკავშირებული ლეგენდა უმეტესობა თქვენგანმა მაინც იცის: თუ  როგორ დაიძახა დაკარგულმა პატარა თამარმა ,, აქ ვარ ძია“.

ვარძია ერთგვარ კლედში ნაკვეთ ქალაქს წარმოადგენს. აქ ძირითადად 2, 3 და 4- ოთახიანი კლდის სახლები იყო აშენებული, ზოგიერთი მათგანი კი ორსართულიანიც იყო. ტერიტორიაზე სახლების გარდა იყო სამეფო მისაღები, საცხოვრებელი დარბაზები, ბერთა სენაკები , საიდუმლო და ყოველდღიური მოხმარების გვირაბები. სამწუხაროდ, დარბევას ასეთი გამაგრებული ადგილიც ვერ გადაურჩა და 1578-ში ოსმალების შემოსევის შემდეგ ეს ადგილი გაუკაცრიელდა.

კომპლექსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, რომლის ნაწილი გამოკვეთილია კლდეში, ნაწილი კი ქვიტკირით არის აშენებული. ეკლესიაში უნიკალური ფრესკებია მათ შორის გიორგი მესამის და თამარ მეფის, რომლის ფრესკაც ჩვენამდე მოღწეულ თამარის ფრესკებს შორის უძველესია.

ტერიტორიაზე შესვლა ფასიანია. დანიშნულების პუნქტამდე ფეხით სასიარულო აღმართია (დაახლოებით 15 წუთის სავალი გზაა), მაგრამ შეგიძლიათ ადგილზე მანქანაც დაიქირაოთ. თუ კარგად არ იცნობთ ამ ადგილის ისტორიას, სასურველია გიდიც თან გყავდეთ, რათა თქვენი ექსკურსია უფრო საინტერესო და ბევრისმომცემი გახდეს.

გვირაბებში სიარულისას თავი ერთგვარ ლაბირინთში გეგონება. ბნელ, ცივ და ვიწრო გვირაბებში სიარულისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. როგორც ჩანს, თავის დროზე ძალიან  დაბალჭერიან ოთახებს აშენებდნენ, ამიტომ თავჩაღუნული მოგიწევთ სიარული.

წინა ჩასვლის შემდეგ ვარძია კიდევ უფრო განუახლებიათ, ვარძიის კომლექსამდე არის გემოვნებიანად მოწყობილი დასასვენებელი ადგილები, მდინარის პირას კაფე-ბარები, სუვენირების მაღაზია, წყარო. თუ რამდენიმე დღით დააპირებთ დარჩენას, ვარძიაში არის ახალაშენებული კოტეჯები და მაღალი კლასის სასტუმროც.

ვარძია არის ადგილი, სადაც ჩვენი წინაპრების ნაკვალევზე სიარულისას ჩვენც ცოტა ხნით წარსულში ვხვდებით. მართალია უშუალოდ საცხოვრებელ ადგილებს დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე, მაგრამ წარმოსახვაში ისტორიის აღდგენის საშუალებას მაინც იძლევა. ამიტომ, თუ გაინტერესებთ საქართველოს ისტორია, თუ გიზიდავთ სათავგადასავლო ადგილები და თუ უბრალოდ გიყვართ მოგზაურობა, მოინახულეთ ვარძია,  დასკვნები კი თავად გააკეთეთ. 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %