სტუდენტები, ავტოსაგზაო შემთხვევები,შავი კატა, ელისაბედ I და ნავთობის დღე - 17 ნოემბერი
#365days #17ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 17 ნოემბერს
სტუდენტების საერთაშორისო დღე
1941 წელს ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საერთაშორისო სტუდენტების დღე (International Students' Day), რომლის აღნიშვნა 1946 წლიდან დაიწყეს.
1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სტუდენტები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დემონსტრაციაზე გამოვიდნენ. ოკუპანტებმა დაშალეს აქცია და, სამწუხაროდ, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, იან ოპლეტალი (Jan Opletal) დაცხრილეს. 15 ნოემბერს სტუდენტის დაკრძალვის დღე ისევ აქციაში გადაიზარდა. ათობით დემონსტრატი დააპატიმრეს. 17 ნოემბერს ფაშისტებმა ალყა შემოარტყეს სტუდენტების დასახლებას და 1200 სტუდენტი დააპატიმრეს და გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში. ჰიტლერის დავალებით ათობით სტუდენტი სასამართლოს ჩატარების გარეშე დაცხრილეს და ყველა უმაღლესი სასწავლებელი დახურეს.
ზუსტად ამ დღის ხსოვნის საპატივცემულოდ დაწესდა სტუდენტების საერთაშორისო დღე.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მსოფლიო დღე
2005 წლის ოქტომბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოემბრის ყოველი მესამე კვირა დღე ( ამ წელს 17 ნოემბერია) ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა (World Day of Remembrance for Road Traffic Victims).
ამ დღის მიზანია მთელმა მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს ძალიან დიდ ტრაგიკულ მოვლენას: მთელ მსოფლიოში ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება და 100 ათასობით მნიშნველოვან ფიზიკურ ზიანს იღება. დაღუპულთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან.
ამ დღით ცდილობენ კიდევ ერთხელ გაახსენონ ადამიანებს, სახელმწიფოებს და შესაბამის ორგანიზაციებს რაოდენ მნიშნველოვანია საგზაო უსაფრთხოება თითოეული ჩვენთაგანისთვის.
ავტოსაგზაო შემთხვევების უმრავლესობის მიზეზია - სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის მიღება, მანქანის შესაბამისი ტექდათვალიერების დროულად არ გავლა.
#იარენელა
შავი კატების დაცვის დღე იტალიაში
ყოველწლიურად 17 ნოემბერს იტალიაში საკმაოდ უცნაურ დღესასწაულს აღნიშნავენ - შავი კატების დაცვის დღე (უფრო ცნობილია როგორც შავი კატების დღე), რომელიც დააწესა გარემოსა და ცხოველთა დაცვის იტალიური ასოციაციის აქტივისტებმა. ეს დღე პირველად 2007 წელს აღნიშნეს.
ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანაში შავი კატა უბედურებასთან ასოციირდება. მათ ჯადოქრებისა და შავი მაგიის წარმომადგენლების დამხმარედ თვლიან.
ყოველწლიურად მსოფლიოში იღუპება ან იკარგება უამრავი შავი კატა. მხოლოდ რომში ყოველწლიურად ათასობით შავი კატა იკარგება.
როგორც ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ორგანიზაცია არა მხოლოდ დაეხმარება კატებს, არამედ დააჯილდოვებს კიდევაც იმ ადამიანებს, რომლებიც მოიშინაურებენ ამ ცხოველებს.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შავი კატა პირიქით დადებით ემოციებთან ასოციირდება. ასე მაგალითად, ინგლისის ზოგიერთ უბანში სჯერად, რომ შავი კატის პატრონი ქალბატონი არასოდეს დარჩება თაყვანისმცემლების გარეშე, ხოლო შოტლანდიაში ფიქრობენ, რომ ღამის ფერის კატას სახლში სიმდიდრე მოაქვს.
ელისაბედ I - ბოლო ტიუდორი
1558 წლის 17 ნოემბერს, 461 წლის წინ, ინგლისის ტახტზე ავიდა ტიუდორების დინასტიის ბოლო დედოფალი - ელისაბედ I.
ისტორიკოსები მისი მართველობის წლებს ინგლისის ოქროს ხანას უწოდებენ, ვინაიდან ზუსტად მის დროს მოღვაწეობდნენ შექსპირი, მარლოუ, ბეკონი და ამ დროს გაიზარდა ინგლისის როლი მსოფლიო არენაზე.
ნავთობის დღე
ნავთობი XXI საუკუნის მნიშნველოვანი ნაწილია. ეს დღე იმისთვის დააწესეს, რომ ადამიანებმა გაიაზრონ თუ რაოდენ დიდი მნიშნველობა აქვს მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს რესურსი უსასრულო არაა, ამიტომ ამ დღით ორგანიზატორებს უნდათ ხაზი გაუსვან, რომ საჭიროა მისი გაფრთხილება და გონივრულად გამოყენება.