რა უნდა ვნახოთ შიდა ქართლში ? (ნაწილი 1)

ყოველთვის, როცა მეკითხებოდნენ, თუ საქართველოს რომელ მხარეში არ ვიყავი ნამყოფი 2-3 მათგანს ვასახელებდი, თუმცა ამ მცირე ჩამონათვალში, გაუცნობიერებლად, არასოდეს ყოფილა შიდა ქართლი. თითქმის მთელი ზაფხულის თბილისში გატარების შემდეგ შემოდგომის უთბილეს შაბათ-კვირას მეგობრებმა გადავწყვიტეთ  უცნობი ადგილები მოგვენახულებინა. 25 ოქტომბერს ძამას ხეობაში გატარებულმა დღემ მიმახვედრა, რომ შიდა ქართლი მხოლოდ გორით და ხაშურით არ შემოიფარგლება და თურმე იმაზე საინტერესო ადგილები ყოფილა სანახავი ვიდრე წარმომედგინა. 

გეზი ძამას ხეობისკენ ავიღეთ. დედაქალაქიდან დაახლოებით 160 კილომეტრის სავალზე მდებარე ძამა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ 40 კილომეტრიანი სიგრძის ხეობა 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ინახავს, მათ შორის ძველ და ახალ ეკლესია-მონასტრებს, ციხე-სიმაგრეებს და კიდევ სხვა ისტორიულ თუ ბუნების ძეგლებს. სანახავი ბევრია, ამიტომ მარშრუტი კარგად უნდა დაგეგმოთ და თუ ერთი დღით წახვლათ აქცენტი მნიშვნელოვან ლოკაციებზე შეაჩერეთ, მე კი ჩემი მხრივ ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით რამდენიმე მათგანზე. 

პირველი გაჩერება სამწევრისის ციხე-მონასტერია, რომელიც ქარელიდან მანქანით სულ რაღაც 5 წუთის სავალზეა. შემაღლებულ ადგილას აშენებულ ციხეს ადვილად შეამჩნევთ. ფეოდალურ ხანაში აშენებული ციხე-მონასტრიდან ლამაზი ხედები იშლება, რასაც ნისლი თავის ეშხს აძლევს. ციხის დასათვალიერებლად და ფოტოების გადასაღებად მაქსიმუმ 10-15 წუთი დაგჭირდებათ.

შემდეგი გაჩერება ყინწვისის მონასტერია, რომელიც სამწევრისიდან 15 წუთის სავალზეა. აქ უკვე ნამდვილად იგრძნობა, რომ დასახლებიდან მოშორებით ხარ და სიმშვიდის გრძნობა გეუფლება. მონასტერი ტყით არის გარშემორტყმული და შემოდგომის სეზონზე ფერების მრავალფეროვნებაში კიდევ უფრო ლამაზია იქაურობა. აქ თითქმის თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი. ყინწვისი იმ ოთხ ეკლესიათაგან ერთერთია, რომელშიც დღემდე შემორჩა თამარ მეფის ფრესკა. დაგუგლვით ადვილად მიხვდებით, რომ ყინწვისის ეკლესია არაერთხელ გახვეულა სკანდალში. ეს სწორედ ის ეკლესიაა, სადაც 2019 წელს სასულიერო პირებმა თვითნებურად დააგეს ძვირადღირებული მარმარილოს მეტლახი და ეს ფაქტი განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა. თუ ამ ადგილის მონახულებას გადაწყვეტთ, თქვენ თვითონაც დარწმუნდებით, რომ ასეთ ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ძეგლებს ძველი იერსახის შენარჩუნება სჭირდებათ და არა სარემონტო სამუშაოების საჭიროებით გამართლებული ევრორემონტი.

მესამე ლოკაცია სარკინეთია. სარკინეთი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით კლდეში გამოკვეთილი მონასტერია, ამიტომ შორიდან ძნელი შესამჩნევია, რომ მტკიცე ქანებში ფუნქციური ეკლესიაა აშენებული. სარკინეთი იმით გამოირჩევა, რომ შიო მღვიმელის ეკლესიის, XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა. ეკლესიის გამოკვეთა 2008 წლიდან 2011 წლამდე მიმდინარეობდა და დღეს ცხრამდე ბერი ცხოვრობს. 

ზემოთ მოყოლილიდან გამომდინარე შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ადგილების მონახულება ალბათ უფრო ეკლესიური ადამიანებისთვისაა საინტერესო, თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ თქვენს ინტერესს არ წარმოადგენს ეკლესია-მონასტრების დათვალიერება, ვფქირობ, მაინც ღირს ამ ადგილების ნახვა, თუნდაც არქიტექტურული თუ ისტორიული ძეგლების ინტერესის , ან თუნდაც ბუნების ხედების სიყვარულის გამო. შემოდგომა, ხუროთმოძღვრული ძეგლები და ლანდშაფტი ერთად ულამაზეს სანახაობას ქმნის.  

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %