10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექცევით. დღეს წარმოგიდგენთ 10 ჩანჩქერს საქართველოში, რომლებიც გაგაოცებენ სილამაზით, მათ გარშემო არსებული ბუნებით და დაგეხმარებიან დაგროვილი სტრესისგან განთავისუფლებაში.
ლეღვთახევის ჩანჩქერი
ლეღვთახევი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც ძველი ქალაქის ცენტრს წარმოადგენდა. ამ უბანში მდებარეობს ლეღვთახევის ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში განსაკუთრებით ზაფხულში. მდ. წავკისისთვალი ბოტანიკური ბაღიდან კლდეებზე გადმოედინება და ულამაზეს ჩანჩქერს ქმნის. კლდეების და ჩანჩქერის კომბინაცია მას ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აქცევს. აღსანიშნავია რომ იქვე მდებარეობს სახელგანთქმული აბანოთუბანიც. ჩანჩქერის მონახულების შემდეგ, შეგიძლიათ პირდაპირ გოგირდის აბანოებისკენ აიღოთ გეზი, განიტვირთოთ და ისიამოვნოთ პროცედურებით.
ონიორის ჩანჩქერი და ტობას მღვიმე
ტობას მღვიმე და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერი იშვიათი სილამაზის სანახაობას ქმნის. მღვიმიდან გამომავალი მიწისქვეშა მდინარე 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქმნის. ეს საოცრება მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადში, ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს.
აბაშას ჩანჩქერი
აბაშას ჩანჩქერი თავისი სილამაზით და ეკოლოგიური პოტენციალით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩანჩქერია. ის ზღვის დონიდან 895 მეტრზე მდებარეობს, სოფელ ბალდაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან და დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. ის უნიკალურ კლიმატს ქმნის, რაც სპეციფიკური ფლორის და ფაუნის განვითარებას უწყობს ხელს.
მახუნცეთის ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ძალზე შთამბეჭდავი ჩანჩქერი, რომელიც უამრავ მნახველს იზიდავს.
ოკაცეს ჩანჩქერი
ოკაცეს ჩანჩქერი მდ. საწისქვილოს ხეობაში მდებარეობს და სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერს წარმოადგენს. პირველი ორი საფეხური წარმოიქმნება მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზე. მათი სიმაღლე 25 და 70 მეტრს აღწევს. ნაკადი წარმოიქმნება მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში. კასკადის მესამე საფეხური დაახლოებით 35 მ სიმაღლისაა. ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. კინჩხას მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მეტრზე მდებარეობს.
გველეთის ჩანჩქერი
გველეთის ჩანჩქერი დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1560 მეტრზე მდებარეობს. ჩანჩქერთან მისასვლელად დარიალის ხეობაში უნდა დაეშვათ და ყვავილებით გარშემორტყმულ, ვიწრო ბილიკს უნდა გაუყვეთ ფეხით (დაახლოებით 700 მეტრი). გველეთის ჩანჩქერი რეალურად დიდი და პატარა ჩანჩქერისგან შედგება.
სამცვერა ჩანჩქერი
სამცვერა ჩანჩქერი, იმერეთში, სოფელ საზანოში, მდ. ძუსაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 194 მეტრს აღწევს.
შდუგრას ჩანჩქერი
შდუგრას ჩანჩქერი სვანეთში მდებარეობს, მან მთელს საქართველოში გაითქვა სახელი თავისი სილამაზით. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ის ერთ-ერთ ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ჩანჩქერია. შდუგრას ჩანჩქერამდე მისვლა საფეხმავლო ბილიკითაა შესაძლებელი.
გურგენიანისჩანჩქერი (ნინოსხევის)
გურგენიანის იგივე ნინოსხევის ჩანჩქერი, ლაგოდეხში, მდ. ნინოსხევზე, ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 40 მეტრს შეადგენს. საუკეთესო პერიოდი მის მოსანახულებლად გაზაფხული და ზაფხულია, როდესაც ბუნება აყვავებულია და ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე შეგიძლიათ უამრავი იშვიათი ჯიშის ყვავილი იხილოთ, მათ შორის ლაგოდეხის ნაღველა, ლაგოდეხის თეთრყვავილა, იულიას ფურუსულა, ჯონჯოლი, ლაფანი, წაბლა, ქართული მუხა.
ქადაგიძის ჩანჩქერი
ქადაგიძის ჩანჩქერი 4 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც სოფელი საზანოში მდ.ძუსაზე, ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. ზაფხულში, წყლის დონე მნიშვნელოვნად იწევს დაბლა, ამ დროს შესაძლებელია 25 მეტრიანი სიგრძის გამოქვაბულის შესასვლელის დანახვა. ჩანჩქერის გვერდით შეგიძლიათ იხილოთ პრეისტორიული ნაკვალევი.