თუშეთი - სამყირნეს ტბა . ნაწილი I

თუშეთში ლამის ალებად ვიქეცით... ეს ხუმრობით და ისე, ვიღაც იქ ზემოთ, ნამდვილად დავიმეგობრეთ. ვინატრებდით რამეს და ბუნება ასრულებდა. მოცვი გინდათ? მიიღეთ. დაისვარეთ   და გასაგრილებლად ჩანჩქერი არ გაწყენდათ? მიიღეთ. ძაღლებმა გაგაბრაზეს? ისინიც დაგიმეგობრებიან. დაიღალეთ? მაშ, ცხენებს გამოვუშვებ მოსახმარებლად. დაგცხათ? მოიღრუბლება. მოგშივდათ? მწყემსები მოგეხმარებიან...

       
მოკლედ მთავარი იყო აზრი გამევლო და ბუნაბა ყველაფერს მისრულებდა. ვიცი ეგ ამბავი საიდანაც დაიწყო: მისტიური ტბიდან, რომელიც გვესაუბრებოდა... ნელ- ნელა მოგიყვებით ^_^  

მოკლედ, მთელი წლის ნატვრის შემდეგ, ზაფხულის ის დღეც გაგვითენდა ,როდესაც გუდა ნაბადი ავიკარით და თუშეთისკენ სტოპით, მაგრამ მაინც გზას დავადექით... არ დაგიმალავთ უცნაურობანი გვჭირს, სეზონის ბოლოსკენ განსაკუთრებით ჩავიქნევთ ხოლმე ხელს ქალაქაურ ამბებზე და ისე, როგორც არასდროს სეზონს გაკიდებულები მთისკენ მივიწევთ... ახლაც, როგორც არასდროს ( სულ ეს შეგრძნებაა) გვსურდა სიმაღლის აწევა, ნახვა ბილიკებისა, რომელიც ბევრს არ უნახავს და თავგადასავლები რომლებიც გვაკლდა.
უზარმაზარი კამაზით ავუყევით თუშეშის ულამაზეს გზას. მეც და ნინიასაც უკან შეხტომა გვსურდა და არ დავეძებდით რომ მტვერი თვალებსა და პირს ერთნაირად ამოგვივსებდა, მაგრამ მერე შეგვეცოდა მძღოლი ამ გზისთვის მარტოდ გასამეტებლად და ისევ წინ ჩავუხტით გზად სალაპარაკოდ...

ავიარეთ. უღლეტეხილზე ასვლისას წნების მატება თავისას შვრებოდა და ფიქრები და წნევა ერთნაირად მთენთავდა... მქონდა განცდა რომ მივდიოდი იქ, სადაც ზუსტად მე, კონკრეტულად მე მელოდა რაღაც, ვიღაც, სადღაც. უნდა მომხდარიყო რაღაც რაც არ მოხდებოდა უშუალოდ ჩემს გარეშე, უნდა გამეღიმა კადრისთვის, რომელზეც არავინ გაიღიმდებდა თუ იქ არ ვიქნებოდო... და ასეც მოხდა...
მოკლედ. ავედით უღელტეხილზე. მოძრაობა დასავლეთით ფერდზე განვაგრძეთ, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში უკვე ტბის თავზე უნდა მოვქცეულყავით... 
მაგრამ გავიარეთ თუ არა 500-600 მეტრი მივხვდით რომ ასე არ გამოვიდოდა. წნევამ თავისი ქნა. ფეხზემდომებს გვეძინა. გავშალეთ ძირსაგებები და წამოვწექით. თავზე ღრუბლები მზეს გვიჩრდილავდნენ... მეძინა სულ რამდენიმე წუთს. მეძინა ბავშვივით. სიწყნარეში მწვანე ბალახზე წამოგორებულს. ქვეყნიერების წვერზე. ჩემს ქვემოთ თუშეთი დაწყებას იწყებდა. მე კი მის ფერდებზე მეძინა...

რომ გავიღვიძეთ 5 იყო დაწყებული. გაგვპარვია დრო. ძლივს ავიზლაზნეთ. გამოვიძინეთ მაგრამ საკმარისად არა რომ აზრზე მოვსულიყავით და ჩვეული ტემპი დაგვეჭირა. შემსუბუქება გადავწყვიტეთ და მთაში წამოღებულ ფუფუნებას ძირი გამოვცალეთ. ზეთისხილი! ჩვენი ნეტარება. არ ვიცი ზეთისხილის ბაღებში მთის წვერებზე სხვებს როდის რა განუცდიათ, მაგრამ ამ მთის წვვერზე ეს დაკონსერვებული ზეთისხილი ჩვენთვის შვება და სამოთხე იყო. წვნიანი და მარილიანი ენერგიით სავსე...


ავირაზმეთ და გზას დავადექით. 

რამდენიმე კილომეტრში ცხენოსნები შეგვხვდნენ. ბარგი მოჰქონდათ უღელტეხილზე. ჯერ სამი კაცი. აქედან ერთმა დაგვიბარა იარეთ ან აქ დარჩით და დაგეწევით მალევე უკან მოვბრუნდებითო... ნუ კაი.
მერე კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ცხენზე შემომჯდარი ბიჭი. ტბებზე ნათესავს რომ წამოუყვანია, .
რაღაცნაირად დამცინავად გადმოგვხედეს და "

- " ტბებზე მიდიხართ? რავი მალე ვერ მიხვალთ ერთ-ორ საათში შეიძლებაო ... "   გვანუგეშეს, თან - ნეტა რა ძალა გაქვთ დამშრალია იქავრობაო-  მოგვაძახეს და ბილიკს თავღმა დაეშვნენ, ვდგავარ და ვუყურებ როგორ მიდიან.
-"გაშეშდი თუ რა გჭირს?!", მომაძახა კარგად გაცდენილმა ნინიამ.
თითქოს ხმამაღლად გავიფიქრეო ისე შევიკურთხე 
- იმდენი სიკეთე ამათ რაც 2 საათი კი არა 20 წუთი არ დაგვჭრდება, ამათი მანუგეშებელი ყოვლისმცოდნეობას რა ვუთხარითქო და ისევ აღმართის ტკეპვნას მოვყევი. 
მართალი ვიყავი. 20 წუთიც არ დაგვჭირდა ტბებს თავზე რომ მოვექეცით. 

ბიჭები იმ ნაწილში იყვნენ მართლები რომ ტბები დამშრალა. მაგრამ ჩვენი ამ ბიძის ბიჭის დამშრალ ტბებზე როდის მოვდიოდით.... ცხენები ვერ დაგვეწივნენ... მხოლოდ ქედს გადაღმა დაშვებას რომ ვიწყებდით მაშინღა დავლანდე ტბებისკენ მოიზლაზნებოდნენ .ზურგი აღარც ტვირთი ქონდათ დატვირთული და აღარც ორატორებით...
დავეშვით სამყირნის ტბაზე.

დახაზვაში ოდნავ ავცდით და 500 მეტრით ადრე დავეშვით. ხეობას გავუყევით და იოლადვე მივაგენით სასწაულს. 
ულამაზეს ტბას, რომელზეც მხოლოდ ადგილობრივებს სმენიათ.

აქ არაფერია გარდა სილაღისა. სილამაზისა. ველური ბუნების და ხელშეუხებელი ფლორა-ფაუნისა.

ტბის პირას დავბანაკდით თუ არა მზე მიიწურა. იმ დღეს ბანაობა აღარ გამოგვივიდოდა. აქვე, სამყირნეს ტბიდან, ქედის გაყოლვის შემთხვევაში, 10 - იოდე კილომეტრში მეორე ტბაა, რომელიც პანკის უფრო ეკუთვნის და სამწუხაროდ, რომლის სახელიც არ ვიცი. გეგმა ისეთი იყო რომ : მეორე დღეს პატარა ჩანთებით იქით უნდა გადავსულიყავით. ერთ დღეში გვენახა და უკან დავბრუნებულიყავით ტბასთან. მაგრამ გათენდა თუ არა მეორე დღე, ისეთმა მზემ გამოანათა რომ მაშინვე შევცვალეთ გეგმა და პირობა დავდეთ : პანკისი ტბისთვის სხვა დროს დავბრუნდებოდით, ახლა კი მთლიანად სამყირნესთვის გვსურდა დაგვეთმო დრო. დავმტკბარიყავით და დაგვესვენა მისით.

შუადღეს მზემ რომ უშუალოდ თავზე დაგვნათა გაყინულ ტბაში გიჟებივით შევეყარეთ, სულ რამდენიმე წუთი გავატარეთ შიგ და სულ რამდენიმე ხელის მოსმა თუ მოვასწარით რომ სიცივემ ძვლებამდე შეაღწია.

წყალი ისეთი სუფთა იყო რომ სამი მეტრის ქვემოთაც კი ყველა კენჭს გაარჩევდი ადამიანი...

გამოვედით ქვეშსაგებებზე გავენთხეთ და ძვლების გათბობას მთელი საათი დავუთმეთ. ხვლიკებივით ვეყარეთ მზის გულზე ტბის პირას და არანაირი ცივილური ხმა ჩვენამდე არ აღწევდა. მხოლოდ სიჩუმის და ბუნების ხმაური. დასვენება.
ეს იყო საუკეთესო რამ რაც საკუთარი თავისთვის შეგვეძლო გვეჩუქებინა. აქედან უკვე თავქვე გვქონდ მანძილი გასავლელი ვესტომთამდე.

   
3 იქნებოდა დაწყებული რომ ავიბარგეთ, ტბას უკანასკნელად  თვალი შევავლეთ და გზას გავუდექით.
მოცვი. მოცვს ვეძებდით ყველგან მაგრამ არსად გვხვდებოდა. ბოლოს იმედი გადაწურული გვქონდა რომ დეკებში შევამჩნიეთ. ცხვრებმა ყელგან დაგვასწრეს პირის ჩატკბარუნება,  მაგრამ დეკებში არ მოუძებნიათ. გადაწევდი ერთ დეკას და ქვეშ მოცვის საბადო გხვდებოდა. მუჭებით ვიყრიდით და როგორც დათვები ასე წამოკოტრიალებულები ნელ-ნელა ჩავდიოდით ქედზე.

საოცრად დიდი დრო დავკარგეთ და მხოლო მაშინ როცა მივხვდით რომ მეტის ჭამა უბრალოდ ფიზიკურად აღარ შეგვეძლო მოვიკიდეთ ჩანთები და გზას დავადექით. თან ერთმანეთს დავცინოდით რომ პირები ლურჯად გვქონდა მოთხვრილი.
მეცხვარე ძაღლები. ერთადერთი საშიში რამ რასაც თუშეთში გადააწყდებით. მაგრამ არც ისე...
მოკლედ. პირველ მეცხვარეების ქოხს მშვიდობით ჩავუარეთ. მხოლოდ ერთი ძაღლი ისიც ხევს იქით... ძლივს გავარჩიეთ ცხვრებისგან, დაგვინახა თუ არა ისე გამოექანა ქედზე დაგორდა და ორი ყირამალა გააკეთა. სიცილი წაგვსკდა მე და ნინიას, გაბრაზდა შერცხვა და მოინდომა... იდგა სიმბას გადმოსახედზე და სანამ თვალს არ მივეფარეთ იქამდე ყეფა არ შეუწყვეტავს...
მეორე მეცხვარეთა ქოხს უკვე 3-4 კილომეტრში შევხვდით. ცხვარი მთაში იყო და ძაღლების ნაწილი მას გაყოლოდა. დანარჩენები შემოგვეგებნენ მაგრამ ბედად მეეცხვარეთა ნაწილმაც გამოგვხედა  და ძაღლები მოგვაშორეს. ბევრი გვეპატიჟეს მაგრამ გვიღამდებოდა და გზა განვაგრძეთ... ძაღლები არ ცხრებოდნენ... მახსოვს აქ სასწაული მოხდა....


მოკლედ : მეცხვარემ გაგვაფრთხილა მდინარეს რომ გადახვალთ იმას იქით ძაღლებისა ნუღარ შეგეშინდებათ, არ გამოგყვებიანო... ლამის მდინარემდე მიგვაცილა მაგრამ როგორც კი უკან მიბრუნდა ჩუმად გამოყოლილი ნაგაზებისთვის ისევ მტრებად ვიქეცით და ისევ აენთნენ, დავინახეთ რომ გაავებულები ისევ კუდზე დაგვასხდნენ და ფეხს ვუჩქარეთ. მდინარემდე ბევრი არ იყო დარჩენილი მაგრამ ლამის დაგვეწივნენ. ერთი ცუდი ჩვევა მაქ : პატარა მდინარეზეც კი ან შიგ უნდა ჩამიცდეს ფეხი ან უნდა გავიხადო და ისე გავიარო ხოლმე... აქ კი ასე 10 მეტრის სიგანის მდინარეს ისე გადავაფრინდი, მხოლოდ მეორე ნაპირზეღა მივხვდი რომ წყლის წვეთსაც კი არ მივკარებივარ... 
- "შიშისგან მგონი წყალზე გაიარე..." დამცინოდა ნინია და ვიცინოდი მეც... მწყემსი მართალი იყო. ძაღლები მდინარეზე არ გადმოსულან, თუმცა მათი ყეფა კიდევ დიდხანს გვესმოდა....

მდინარეს კიდევ რამდენიმე კილომეტრით ჩავუყევით. საოცრად მშვიდი იყო ბუნება. შებინდებისას კიდევ ერთ მეცხვარეების ქოხს მივადექით. ეს კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა ძაღლების გამო. ცხვარი შინ ბრუნდებოდა. მათ უკან ჩვენ მივსდევდით და სულ ნაგაზის ძებნაში ვიყავით. სწორედ ეს დრო იყო რომ ჩვენიდან ასე 5 მეტრში თავზე ნიამორი გადაგვაფრინდა, ერთი დიდი მეორე მომცრო და თავქვე მდინარისკენ დაეშვნენ...

"-დაინახე? " შევყვირე ნინოს და მანაც გაბარულად დამიქნია თავი... გაგვიკვირდა მეცხვარეებთან ასე ახლოს მათი ყოფნა მაგრამ ფაქტია ნიამორი იყო. მკვირცხლი თავისუფალი და ლამაზი...
ძაღლებმა ყეფა დაიწყეს, ჩვენს შტვენა ( ჩანთას მიმაგრებული ეგ პატარა მოწყობილობა რა კარგი რამე ყოფილა ) რომ მეცხვარეების ყურადღება მიგვექცია, მათაც მალევე შეგვამჩნიეს ერთ-ერთი გამოემართა და გვანიშნა მოდით ნუ ღელავთო... ძაღლები დაუმწყვდევით. მივედით. მიგვიღეს. გვიმასპინძლეს. რადგანაც ღამდებოდა იქვე მათ ბინასთან ახლოს გავიშალეთ კარავი...


ღამით ვახშამზე დაგვპატიჟეს, დაისვენეთ და შუქს რომ ავანთებთ დაგიძახებთ, მერე გადმოდიოთო...
ისინიც რომ საქმეებს მორჩნენ, ცხვარი დააბინავეს ძაღლებს აჭამეს ჩვენც რომ კარავი გავშალეთ და დავისვენეთ ვახშმობის დროც მოვიდა და ვესტუმრეთ. აქ ვნახე ცხოვრებაში პირველად მოხარშული პური. მეცხვარეებამმა საოცრად გემრიელი სუფრა გაგვიშალეს. ახლად მოხარშული ხორცი, ხაჭო და ეს უცნაურობა მოხარშული ცომისგან პური. ჩვენს წინ მოზილეს ცომი.,დაამრგვალეს გუნდებად და ადუღებულ წყალში მოხარშეს შემდეგ შუაზე გადატეხდი და ძალიან გემრიელ პურს მიირთმევდი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ასეთი ციცქნა ქვეყანა და ყველა კუთხეში, ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც ახალი. ლამის 7 წელია ვწურავ, ვწურავ და ვერ ამოვწურე...

მოკლედ ახალი გემოების და ამბების გაგების საღამო იყო.  ბინა ეკუთვნოდა თუშს სახელად ოტო. საოცრად კეთილ გულღია კაცს. ტბაზე რა თქმა უნდა იცოდნენ. მაგრამ უკვირდათ თქვენ საიდან იცით ან საიდან მოხვდით მანდო.. აქ ავლილები არ დაგვინახიხართო... საოცრად კეთილებმა შემოგვთავაზეს ხვალ ბარგობა გვაქვს ( როცა მეცხვარეები თუშეთიდან ბარში ჩასვლას იწყებენ) ხოდა ჩანთები ცხენებზე შეყარეთ და ვესტომთამდე ერთად ავიდეთო...

რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდით, მეორე დღეს 7 საათზე ცხენებმა და ჩვენ ერთად დავიწყეთ მოძრაობა და ბარგობას შევუერთდით... გზად ჩვენი კეთილი თუში მასპინძელი ოტო,  კითხვებით ავავსეთ, რაც კი რამე მცენარეს ვცნობდით მასთან მივარბენინებდით და კიდე ერთხელ ვაზუსტებდით სწორად გვქონდა თუ არა ცოდნა . ეს ჩაისთვის? ეს არ იჭმევა ხო? ... ეს ტრადიცია როგორაა? ამ დღეობაზე რა ხდება? მოკლედ კითხვებით ვავსებდით და ისიც მოთმინებით და გულღიად გვპასუხობდა...

ეს იყო ჩვენი მოგზაურობის პირველი ორი დღე...   თუ როგორ დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ამას უკვე მეორე ბლოგში მოგიყვებით... 

თუშეთი - მოგზაურობის დასასრული. ნაწილი II

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %