07 July 2017
  • 1011 ნახვა

გერმანული ვოიაჟი - კიოლნი

გამარჯობა მკითხველო! მე ლანა ვარ, სტუდენტი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამწყები მოგზაური. ჩემში ნამდვილი მოგზაურის პოტენციალი სულ რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე ჩემი პირველი მოგზაურობისას,რომელიც გერმანიასა და ჰოლანდიაში შედგა. მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები და გამოცდილება რაც მცირეხნიან, მაგრამ სასიამოვნოდ დატვირთულ მოგზაურობას მოჰყვა.

გერმანია, კიოლნი

ჩემი გერმანული ვოიაჟი ძირითადად ქალაქ კიოლნს უკავშირდება, მაგრამ პირველი გაჩერება ქალაქი დორტმუნდი იყო და ორიოდე სიტყვით ვიტყვი მის შესახებ. დორტმუნდი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.ქალაქში მრავლადაა ისეთი კულტურული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა მუზეუმები, საკონცერტო დარბაზი, ოპერის სახლი და სხვა. გამოირჩევა საგანმანათლებლო ინსტიტუტების სიმრავლითაც. ყველაზე ცნობილი რამ რაც დორტმუნდის სახელს უკავშირდება არის ,, დორტმუნდი ბორუსია“- ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანული საფეხბურთო კლუბი. რადგანაც დიდი დრო არ მქონია დორტმუნდში დასარჩენად, მხოლოდ Hauptbahnhof-ის (მთავარი სადგური) მიმდებარე ტერიტორია შევათვალიერე. ჩემი ჩაფრენის დღეს იმ რეგიონში რაღაც დღესასწაული დაემთხვა, ამიტომ ხალხის სიმცირე იყო ქალაქში. ზოგადად, გერმანიაში ძალიან ბევრი უქმე დღესასწაული აქვთ, ამიტომ ასეთ დღეებში გასაკვირი ის უფრო არის თუ ერთი ან ორი ღია კაფე და მაღაზია შეგხვდეთ. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი შევსულიყავი გერმანიის მუღამში. მაღალი შენობები, გარე კაფეები, ფართო სამანქანო გზები, სისუფთავე, უამრავი ერის წარმომადგენელი - ეს ის პირველი ნიუანსები იყო, რომელმაც მაგრძნობინა თავი ევროპაში. მოკლედ, თუ მოგიწიათ დორტმუნდში ჩაფრენა და დრო გქონდათ, აუცილებლად გაისეირნეთ ახლო ადგილებში მაინც, რათა პირველივე ქალაქიდანვე შეიგრძნოთ ,,გერმანიის სურნელი“.

ჩემი შემდეგი და ძირითადი გაჩერება  იყო ქალაქი კიოლნი, ასევე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის ერთ-ერთი კი არა მე ვიტყოდი მთავარი ქალაქი. მიუხედავად იმისა,რომ რეგიონალური ცენტრი დუზერდოლფია მე შთაბეჭდილებბა დამრჩა, რომ ეს სტატუსი კიოლნს უფრო ეკუთვნის. კიოლნი რეგიონის უდიდესი ქალაქია, გერმანიის მასშტაბით კი მეოთხე ადგილზეა სიდიდით, გაშენებეულია მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე. წარმოადგენს ისტორიულ და ეკონომიკურ ცენტრს, რაც ეტყობა კიდეც ცხოვრების დონის თუ ღირსშესანიშაობების თვალსაზრისით. გარდა ამისა, კიოლნი ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქია. რაც შეეხება მის ისტორიას, სანამ არ მომიყვნენ  ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი კიოლნი, ფაქტობრივად, ორი ათეული წლისაა. კიოლნი II მსოფლიო ომის დროს დასავლეთელი მოკავშირეების მიერ ძლიერად დაიბომბა. 1942 წლის 31 მაისს ქალაქი იყო ,,ოპერაცია ათასწლეულის“ მთავარი სამიზნე. დაბომბვის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქი. მოსახლეობა 95%-ით შემცირდა. ქალაქის განადგურებას მოჰყვა კულტურული საგანძურის უდიდესი დანაკარგი არაერთი ტაძრის მუზეუმის და ძეგლის სახით. 1945 წელს არქიტექტორმა რუდოლფ შვარცმა კიოლნს უწოდა,, II მსოფლიო ომის ყველაზე დიდი ნანგრევების გროვა.“ 1947 წელს შეიქმნა ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმა  და განახლება 1990-მდე გაგრძელდა. ქალაქი პრაქტიკულად თავიდან აშენდა.

როგორც ვთქვი, ჩაფრენის დღეს უქმე დღესასწაული დაემთხვა ამიტომ მაღაზიების დათვალიერების შესაძლებლობა არ მომეცა, ამიტომ გადავწყვიტე მენახა დომი - კიოლნის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა. დომი კათოლიკური საკათედრო ტაძარია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრების დათვალიერების მოყვარული არ ვარ, ამის არნახვა არ შეიძლებოდა, მითუმეტეს რომ ჩემი ყურადღება ამ ტაძარმა ჯერ კიდევ ჩემი საცხოვრებლის აივნიდან მიიპყრო, საიდანაც შენობის ორი ტყუპი ნაწილი ჩანდა. შორიდანვე იგრძნობოდა დომის მისტიკურობა. თავად ტაძარს საინტერესო ისტორია აქვს. მისი შენება 1248 წელს დაიწყო და 1880ში დამთავრდა. დასრულებისას ოთხი წლის განმავლობაში იყო მსოფლიოს უდიდესი ნაგებობა, დღემდე კი მსოფლიოში სიდიდით  მეორე გოთიკური ნაგებობაა. სიმაღლე 157.4 მეტრი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქთან ერთად ტაძარიც დაინგრა. მისი აღდგენა 1956-ში დასრულდა. ტაძარი მართლაც შთამბეჭდავია თავისი სიდიდით, ორნამენტებით, ნაკეთობებით, მოხაზულობით. მისი გარეგნული სიშავის გამო  თავდაპირველად მეგონა, რომ შენობას ხანძრის შედეგად დარჩა ასეთი ფერი, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიე  ტაძარს მუქი რუხის, თითქმის შავი ფერი არა ხანძრის არამედ ჭუჭყის გამო აქვს ( ისეთი მასალისგან არის აშენებული, რომელიც ჭუჭყს ადვილად იკრავს).

გარედან ისეთი შესახედავია თითქოს აქ ყველაზე გასაიდუმლოებულ რიტუალებს ატარებდნენ ან დრაკულას მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ, მოკლედ შენობის ფასადი არ შეესაბამება მის რელიგიურ დატვირთვას ( ეს თავისთავად სუბიექტური აზრია, რადგან საქართველოში არსებული ქრისტანულ ეკლესიებთან შედარებით ეს ნამდვილად უცხო იყო ჩემთვის). დომი შიგნიდან კიდევ უფრო გრანდიოზულია. უზარმაზარი ჭერი, მაღალი ფანჯრები, რომლებსაც, იმასთან ერთად რომ უზრუნველყოფენ ტაძრის განათებას, ის დატვირთვაც აქვთ რომ ვიზუალურად კიდევ უფრო ამაღლებენ შენობას. ტაძარში არ არის კედელზე მოხატული ფრესკები თუმცა არის  წმინდანებით მოხატული ფანჯრების მსგავსი ულამაზესი მინები.თითოეული ნახატი გარკვეული რელიგიური მოვლენის პროცესს გამოხატავს. ემოციას ამძაფრებს გალობა რომელიც სასულიერო პირები ასრულებენ, მოკლედ ტაძარი ისეთივე მიმზიდველია შიგნიდან როგორიც გარედან. დომი რომ კიოლნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ამაზე მეტყველებს ხალხის სიმრავლე დომთან თუ დომში. ამ ადგილას ყოველთვის უამრავი ხალხია, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი თითქმის ყოველდღიურად იმართება  მშვიდობიანი აქციები, შეხვდებით ახლადდაქორწინებულ გეი წყვილებსაც, შეხვდებით სულელურად ჩაცმულ საპატარძლოსაც თავის სულელურად ჩაცმულ მეჯვარეებთან ერთად. (გერმანიაში ტრადიციასავითაა, როცა გოგო თხოვდება, წინა დღით სისულელეების გაკეთების დღე აქვთ).

დომის გარდა თვითონ ქალაქია ძალიან მიმზიდველი. გარკვეულ ნაწილებში აშენებულია მაღალი ბიზნესცენტრები , საცხოვრებლად კი უფრო მეტად რამდენიმესართულიანი მიტყუპებული ფერად-ფერადი შენობებია. მოვიხიბლე იმითაც, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ შენობის ფასადს, თითქმის ყველა აივანი გალამაზებულია ცოცხალი ყვავილებით (რაც ძალიან მიღებულია არა მარტო გერმანიაში, არამედ მთლიანად ევროპაში). როგორც უკვე აღვნიშნე, შენობები სხვადასხვა ფერად არის შეღებილი, რაც კიდევ უფრო ალამაზებს გარემოს.

საინტერესოა რაინის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდიც, რომელიც გადაჭედილია პატარა ბოქლომებით, ამ ადგილას შეყვარებულები ბოქლომებს კიდებენ და გასაღებს რაინში აგდებენ. (ოხ ეს სიყვარული)

თუ შოპინგის მოყვარული ხართ, კიოლნი ამ მხრივაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. Schieldergasse- ასე ჰქვია ქალაქის საშოპინგო ნაწილს რომელიც იწყება ე.წ Neumarkt-დან , თუმცა თუ დომთან მოხვდებით იქიდანაც ადვილი მისაგნებია. Schieldergasse-ზე უამრავი ბრენდის მაღაზიაა ერთმანეთის ჩაყოლებაზე. იქაც არის ძალიან ძვირიანი მაღაზიები და ნორმალური სიძვირის მაღაზიებიც. რამაც მომხიბლა, არის მაღაზიების სიდიდე, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე სართულისგან შედგება და ფაქტობრივად პატარა მოლს წარმოადგენს. ზოგადად სეზონურად კარგი ფასდაკლებები აქვთ- ნამდვილი ფასდაკლებები! მე გამიმართლა და ჩემი ჩასვლის პერიოდს დაემთხვა მასობრივი ფასდაკლებები.

მე როგორც მეტროს ხშირ მომხმარებელს, მინდა აღვნიშნო გერმანული მეტროების უპირატესობები. პირველ რიგში, იქაური მეტროები არის უფრო განიერი და კეთილმოწყობილი, არანაირი ხმაური არ აწუხებს მგზავრს და არც იმის შეგრძნებაა, რომ სადაცაა ვაგონი მოწყდება დანარჩენ ნაწილს (რაც თბილისის მეტროებში ალბათ ყველას გაგვიფიქრებია ერთხელ მაინც), გარდა ამისა, რაც დავაფიქსირე არის სადგურებს შორის მოკლე მაძილი, დაახლოებით 1 წუთამდე. მოკლედ, თუ ჩახვალთ გერმანიაში სავარაუდოდ მეტროთი მოგიწევთ ერთხელ მაინც მგზავრობა და მიხვდებით თუ როგორი უნდა იყოს მეტრო. ერთჯერადი მგზავრობის  ფასი კი 2.50 $-ს შეადგენს.

გარდა ამისა ქალაქში გადაადგილებისას ყურადღებით იყავით ველოსიპედებთან. ვინაიდან გერმანიაში ძალიან გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებააა ველოსიპედი, ზოგჯერ მათი სიმრავლე და სიჩქარე დისკომფორტსაც ქმნის ფეხით მოსიარულეთათვის.

კიოლნის მაგალითზე შემექნა ზოგადი შთაბეჭდილება გერმანიაზე და ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი წერტილია თანამედროვე მსოფლიოში.

მსგავსი
29 November 2017

საირმე - ბოლაჯაური: დიდი ლაბორაოროტი, მეფის წყარო და ოქროს ციხე

მინდა მოგიყვეთ  ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გასვლაზე. ამჯერად საირმის დასაწყისიდან დავიწყეთ და ადიგენის რაიონში სოფელ ბოლაჯ...

13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...