46
გოლდ-კოსტი - სერფერების სამოთხე ავსტრალიაში
პირველი ევროპელების გამოჩენამდე აქ 23 ათასი წლის განმავლობაში ავსტრალიელი აბორიგენები ცხოვრობდნენ. მე-19-ე საუკუნის დასაწყისში აქ იუგამბეჰის ტომის წარმომადგენლები სახლობდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა ნადირობა და თევზაობა იყო. პირველი ევროპელების გამოჩენის შემდეგ იუგამბეჰის ხალხი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა და კონტინენტის სიღრმეში გადასახცლებულიყო. 1890 წლისთვის ტომის ის წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ წინაპრების მიწაზე ცხოვრობდნენ, რეზერვაციებში გადაასახლეს.
გოლდ-კოსტი ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში მდებარეობს. პირველი ევროპელი, რომელიც აქ ფეხი დადგა, ითვლება რომ კაპიტანი ჯეიმს კუკი იყო, რომელმაც სანაპიროს 1770 წლის 16 მაისს ჩაუარა. თუმცა პირველმა ევროპელმა აქაურ მიწაზე აქ 1823 წელს დადგა ფეხი და ეს ადამიანი ჯონ ოქსლი იყო.
მიუხედავად ამისა, აქაურობა 1840 წლამდე ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. შემდეგ კომერსანტების ყურადღება აქ არსებულმა ავსტრალიური წითელი კედრის ტყეებმა მიიპყრო, რომელსაც საკმაოდ ძვირფასი მერქანი აქვს. გადმოსახლდნენ პირველი ევროპელები, დაიწყეს საქონლის მოშენება, გააშენეს შაქრის ლერწმის და ბამბის პლანტაციები.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ კუინზლენდის გუბერნატორმა აგარაკი აიშენა გოლდ-კოსტის თანამედროვე თანამგზავრ — საუთპორტის ჩრდილოეთით ბორცვზე. ამ დროიდან მოყოლებული აქაურობა მდიდარი და გავლენიანი ადამიანების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა. გაიყვანეს რკინიგზაც. ასე დაიწყო ამ რეგიონის განვითარება. მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედამდე მოსახლეობა ნელა იზრდებოდა, მაგრამ 1925 წელს სანაპირო ზოლზე გამავალი საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ ნამდვილი ტურისტული ბუმი დაიწყო.
1930-იან წლებში ავტოტრანსპორტის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა ტურისტების ნაკადი და სანაპირო ზოლის უმეტეს ნაწილზე - საუთპორტიდან ახალ სამხრეთ უელსამდე სასტუმროები და კერძო აგარაკები აშენდა. მოგვიანებით ამ ადგილს სერფერ-პარადაისი (სერფერების სამოთხე) დაერქვა. აქვე აშენდა ამავე დასახლელების სასტუმროც, რომელიც 1936 წელს დაიწვა, მაგრამ მის ადგილას მალევე ააშენეს გრანდიოზული კომპლექსი, რომელსაც საკუთარი ზოოპარკიც კი ქონდა.
1940-იანი წლების ბოლოს ჟურნალისტებმა აქაურობას გოლდენ-კოსტი (ოქროსფერი სანაპირო) შეარქვეს. 1858 წლის 23 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს ოფიციალურად ეწოდა გოლდ-კოსტი. სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ დასახლება გამოცხადდა ქალაქად.
1981 წელს აეროპორტი აშენდა და 1980-იანი წლებში უამრავი უცხოური ინვესტიციაც შემოვიდა: იაპონელებმა აქ უამრავი ფული ჩადეს სასტუმროების და ცათამბჯენების მშენებლობაში.
გოლდ-კოსტი ახლაც ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს. განსაკუთრებით პოპულარულია აქაური პლაჟები, მაღალი ტალღებით, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იზიდავენ სერფერებს.
სერფინგის აქაური ისტორია მხოლოდ ჰავაის და სამხრეთ კალიფონიას თუ ჩამორჩება. Surf World-ის მუზეუმში სერფინგის მოყვარულებს საათობით შეუძლიათ საინტერსო ისტორიული ფაქტების გაცნობა და ძველი დაფების თვალიერება, რომლებიც მე-20-ე საუკუნის დასაწყისშია დამზადებული.