10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის. დღეს წარმოგიდგენთ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ულამაზეს ტბებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ბატეთისტბა 

ბატეთის ტბა, ქარელის მუნიციპალიტეტში, ბატეთისწყლის ხეობაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე. ტბის წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი, მისგან პატარა ნაკადულიც გამოედინება. ის  გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით. მისი სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. საუკეთესო დრო მის მოსანახულებლად შემოდგომაა, როდესაც გარშემო ბუნება სხვადასხვა ფერით იმოსება.

ლევანისტბა 

ლევანის ტბა ჯავახეთში, სამსარის ქედზე მდებარეობს. ის გაუდინარი მყინვარული ტბაა, რომელიც თოვლით, წვიმით და მიწისქვეშა წყლით წარმოიქმნება. მისი აუზის ფართობი 1,38 კმ², უდიდესი სიღრმე 2,8 მ , მოცულობა 0,12 მლნ. მ³.

ანგელოზისტბა

ანგელოზის ტბა - ასე უწოდებენ სვანეთში მდებარე, საქართველოს რუკის ფორმის მქონე, ულამაზეს ტბას. უნდა აღინიშნოს, რომ მას თავდაპირველად სხვანაირი ფორმა ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში შეიცვალა. ის მესტიიდან 11 კმ-ში, ქორულდის ტბებთან ახლოს მდებარეობს.

შავი კლდეების ტბა

შავი კლდეების ტბა (გრძელი ტბა) კახეთში, კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოს და რუსეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს. მისი მონახულება ზაფხულში და შემოდგომაზეა შესაძლებელი. საფეხმავლო ბილიკი ზღვის დონიდან 500 მეტრზე იწყება და 3000 მეტრამდე ადის. 2500 მეტრიანი სხვაობის დაფარვა მნახველებისთვის ძალიან რთულია. ტბაზე მოხვედრა ცხენითაც არის შესაძლებელი. ტბისკენ მიმავალ ბილიკზე შეგიძლიათ იხილოთ ფართოფოთლოვანი ტყე, სუბალპური ზონა, ალპური ზონა, სუბნივალური ზონა, ფრინველები და ცხოველები.   

ორეთისტბა

ორეთის ტბა(უძირო ტბა) თუშეთში, სოფელ ქუმელაურთან, ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2660 მეტრზე მდებარეობს. ის წვრილი ნაკადულებით საზრდოობს და ზამთარში იყინება. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება რაჭის კავკასიონსა და მდინარე ჭანჭახის ხეობაზე, კარგ ამინდში კი სვანეთის მწვერვალების დანახვასაც შეძლებთ. კამკამა ტბის ზედაპირზე მწვერვალების მიმზიდველი სილუეტები აირეკლება, რაც ზღაპრულ სანახაობას ქმნის და მნახველს ამაღლებულ განწყობას უქმნის.

 საღამოსტბა 

საღამოს ტბა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე მდებარეობს. მას ტრაპეციის ფორმა აქვს და ჯავახეთის სხვა ტბების მსგავსად, საღამოს ტბაც ზამთარში რამდენიმე თვით იყინება. 

მადათაფის ტბა

მადათაფის  ტბა  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მეტრზე მდებარეობს. ის თოვლით, წვიმით და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. მისგან მდინარე მადათაფა გაედინება, ტბას ასევე აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც წყლის დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C აღწევს, ზამთარში კი თითქმის ფსკერამდე იყინება. ტბა სუსტად მინერალიზებულია.

ტაბაწყურის ტბა

ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. ის საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.  ტბა დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე გაყინულია, მისი წყალი მტკნარია და მდიდარია თევზით.

კახისისტბა

კახისის ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ჭობისხევის და დვირულის წყალგამყოფ შტოქედზე, ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს. ტბის ქვაბული სუფოზიის შედეგად არის წარმოქმნილი. გარშემორტყმულია ულამაზესი ტყით და ბუნებით, მშვენიერი ადგილია ლაშქრობის და პიკნიკის მოყვარულთათვის. 

ყელიწადის ტბა

ყელიწადის  ტბა ყელის ტბის ზეგანზე, ზღვის დონიდან  2914 მეტრზე მდებარეობს. ის ვულკანურ-მყინვარული გენეზისის ტბაა, რომელიც თოვლით, მიწისქვეშა და წვიმის წყლით საზრდოობს. აქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. ტბის ქვაბული დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით არის შექმნილი. ტბა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც  ველური, ხელშეუხებელი ბუნება უყვარს და სირთულეების არ ეშინია. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %