საბერძნეთი - მეტეორას მონასტრები
"ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული" მეტეორას მონასტრები ის ადგილია, რომელიც საბერძნეთის მონახულებისას must visit ადგილებში შედის. აქ სამონასტრო ცხოვრება X-XI საუკუნიდან დაიწყო და 1988 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. სამონასტრო კომპლექსში 24 ეკლესია-მონასტერი შედის, აქედან კი მოქმედი მხოლოდ ექვსია. ტაძრები ქვიშაქვის კლდოვან მასივებზეა აღმართული და ერთი შეხედვით მათ ბუნებრივ გაგრძელებას წააგავს. ნისლიან ამინდებში ისინი თითქოს ზეცაშია გამოკიდებული - სწორედ აქედან მოდის მათი ბერძნული დასახელებაც.
მეტეორას დამაარსებელი ბერები თავდაპირველად გამოქვებულებში ცხოვრობდნენ. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს მაღალ კლდეებზე მონასტრების მშენებლობა, რამაც დღევანდელ სურათამდე მიგვიყვანა. ძნელია იმის წარმოდგენა, რამხელა ჯაფა დაადგათ ამხელა კლდეებზე საშენი მასალების ასაზიდად.
რა უნდა გავითვალისწინოთ მეტეორაზე მოგზაურობისას?
- აქ მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა
- გზადაგზა ძალიან ბევრი სერპანტინია, ამიტომ, თუ მგზავრობისას ცუდად ხდებით, ჯობია წინასწარ მიიღოთ ზომები
- მონასტრებში შესვლა ფასიანია - რამოდენიმე ევრო ღირს. საფასურს ადგილზე იხდით.
- ჩაიცვით შესაბამისად - ვინაიდან მონასტრები ფუნქციონირებს, წესები ისეთივეა, როგორც ყველა ტაძარში - გრძელი კაბა და თავსაფარი (შარფი) .
სამონასტრო ცხოვრება აქ ყველაზე აქტიური XV-XVI საუკუნეებში იყო, შემდეგ ნელ-ნელა განიცადა უკუსვლა. დღეს, როგორც აღვნიშნეთ, სულ ექვსი მოქმედი ტაძარია : ფერისცვალების მონასტერი (დიდი მეტეორა), წმინდა ბარბარეს მონასტერი (რუსანუ), ღირსი ვარლაამის მონასტერი (ყოველთა წმიდათა), წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის მონასტერი, წმინდა სტეფანეს მონასტერი და წმინდა სამების მონასტერი.
მონასტრები ვიზიტორთათვის ღიაა დილის ცხრიდან შუადღის 1 საათამდე და შუადღის სამიდნ 5 საათამდე (ზაფხულის და ზამთრის სეზონზე, შესაბამისად). ყველა მონასტერს საკუთარი "დასვენების დღე" აქვს, ამიტომ ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს მონასტრის კალენდრის შესაბამისად. შაბათ-კვირას ყველა მონასტერი ღიაა.