ქალაქი ევროპისა და აზიის გასაყარზე- რა მოვინახულოთ სტამბოლში

ვიქნები ბანალური და ვაღიარებ, სტამბოლზე ფიქრი ფამუქის ‘’უმანკოების მუზეუმის’’ შემდეგ დავიწყე. ძალიან მინდოდა წიგნში აღწერილ ქუჩებში მოხვედრა, მითუმეტეს,რომ ის ასე ახლოა, უვიზო მიმოსვლაა და ხელმისაწვდომია. ჩასვლისთანავე სუნთქვა რომ შეგვეკრა, ბოლოს მგონი თბილისის აეროპორტში ამოვისუნთქეთ.

 გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს სტამბოლის შესახებ: 

  • სტამბოლის მოსახლეობა დაახლოებით 14 მილიონია.
  • ბოსფორის სრუტე როგორც ყოფს აზიასა და ევროპას,ასევე აკავშირებს მარმარილოს და შავ ზღვას.
  • ადგილობრივები ძალიან კონტაქტურები, არ დაგზარდებიან მიმართულების მიცემას, არა მხოლოდ მიგასწავლონ გზას, არამედ შეიძლება ბოლომდე მიგაცილონ.
  • გადაადგილების ძირითადი საშუალებებია:  მეტრო (7 ლირა ერთი დღის აბონიმენტი), ფუნიკულიორი ისტიკლალზე, მეტრო, წყალქვეშა მეტრო, გემი.
  • ქუჩებში უამრავი კატაა, რომლებიც ყველა ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებიან.
  • არ მოგერიდოთ, ევაჭრეთ! ტურისტული ფასებიდან ადგილობრივ ფასზე მარტივად შეთანხმდებით.
  • საუკეთესო ადგილი გასაჩერებლად ბეიოგლუა.

უმანკოების მუზეუმი

საოცარი დამთხვევით ჩვენი გესთჰაუსი ზუსტად უმანკოების მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდა ძალიან ვიწრო ქუჩაზე და მუზეუმთან მხოლოდ 4 მეტრი გვაშორებდა. 1 კვირის განმავლობაში ფანჯრიდან ვუყურებდით ჩვენი მოგზაურობის მიზეზს. შესვლა ბილეთებით (20ლირა) ან წიგნით უფასოდაა შესაძლებელი. წიგნში სპეციალური ბილეთის ადგილია გამოყოფილი სადაც პატარა პეპელის ნიშანი ჩამირტყეს. ექსპოზიცია თვალწინ დაგიხატავს წიგნის მთელ 600 გვერდს და ყველა მოქმედ უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან ნივთს.

გასეირნება ისტიკლალზე

ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ალბათ ნებისმიერი ტურისტი პირველ რიგში ისტიკლალზე გასეირნებას გეგმავს. უამრავი მაღაზიით, კაფე-ბარით დატვირთული ქუჩა, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე უგემრიელეს წაბლს და სიმინდს ხარშავენ, პატარა მაღაზიებში ულამაზეს სანათებს და უცხო სუნელებს ყიდიან. ერთ-ერთი სიამოვნება მთელს ქუჩაზე ფუნიკულიორით გასეირნებაა.მთელი ღამის განმავლობაში კი, გოგოებს უფასოდ კლუბში შესვლას და უფასო სასმელს გთავაზობენ. თავიდან ეს საეჭვოდ ჩანს, თუმცა მალე მიხვდებით აქ საშიში არაფერია, ესეც მათთვის ჩვეული მარკეტინგია ხალხის მისაზიდად.

მეჩეთები სულთანაჰმეთზე

ამ ნაწილში მკვეთრად იგრძნობა სტამბულის კულტურული მხარე. ამ მონაკვეთში სასტუმროში გაჩერებას ან კვებას მისი ფასების გამო არ გირჩევთ, მაგრამ სწორედ აქ არის აია სოფია და ლურჯი სინაგოგა. აქედან ტრანსპორტით მარტივად მოხვდებით ფატიჰში, სადაც მდებარეობს გრანდ ბაზაარ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაზარი, 61 გადახურული ქუჩით და 4000-ზე მეტი მაღაზიით.

ბაზილიკა ცისტერნის მისტიკა

მიწისქვეშა ცისტერნები წარსულში მოსახლეობას წყლით ამარგებდა. ამ ნაგებობას 400მდე მარმარილოს სვეტი იჭერს, ფონად ნელი მოტივის აღმოსავლური მუსიკაა ჩართული და აქაურობა სავსეა სუფთა წყლით და თევზებით. გარდა ისტორიული დატვირთვისა, თუნდაც მისტიკისთვის ღირს ნახოთ.

დიდი აკვარიუმი

სტამბულის აკვარიუმი ერთ-ერთ უდიდესად ითვლება. ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებითა, თუმცა კილომეტრნახევრიანი ექსკურსია ზღვის სამყაროში საინტერესო უნდა იყოს. ფასი დაახლოებით 40 ლირაა.

ხედი გალათას კოშკიდან

ქვის კოშკიდან სტამბულის პანორამული, 360იანი ხედი იშლება. ამავე სართულზე შეგიძლიათ ყავის/ჩაის დალევა, ერთი სართულით ქვემოთ კი გადაიღეთ ფოტოები ტრადიციულ სამოსში,პროფესიონალური დამუშავებით. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაქციეთ ყურადღება პატარა, მიმალულ მაღაზიებს, სადაც ულამაზეს აქსესუარებს თუ სუვენირებს მიზერულ ფასად შეიძენთ.

სამეფო განწყობა

ტოპკაპის სასახლე ყველაზე დიდი სამეფო რეზიდენციაა სტამბულში, აქ არის 400-ზე მეტი მასიური ოთახი,სადაც ოტომანები 400 წელი ცხოვრობდნენ.

დოლმაბაჰჩეს სასახლეში ექვსმა სხვადასხვა სულთანმა იცხოვრა. მარტივი წარმოსადგენია ის სიმდიდრე და ისტორიული ღირებულება რაც ამ ორ შენობას გააჩნია.

იდეალური რომანტიკული განწყობის შექმნა კი პრინცის კუნძულებზეა შესაძლებელი,სადაც სამგზავრო გემით თავისუფლად მოხვდებით ბოსფორის ხიდიდან. ეს არის 9 პატარა კუნძულისგან შემდგარი ჯგუფი. ბიზანტიის პერიოდში ხშირად აქ დევნიდნენ, დღესდღეობით ეს ადგილი პოპულარულია ტურისტებში, განსაკუთრებით წყვილებისთვის, რადგაც აქ ტრანსპორტი ცხენია, ეტლით კუნძულის დათვალიერება-რომანტიკული.

იდეალური საღამო

სადაც ვართ იქაური ქუდი რომ დაგვეხურა ჩილიმ ბარში წავედით, ჩილიმს ტრადიციული სასმელი რაკიაც მივაყოლეთ, კუმპირი მივირთვით და ადგილობრივებს ნარდიც ვეთამაშეთ. როგორ მინდა მოვიტყუო მოვუგეთ მეთქი, მაგრამ ალბათ არც დამიჯერებთ. რა თქმა უნდა ვერ მოვერიეთ სასწაულმოქმედ თურქებს,რომლებიც კამათელს იმ ციფრზე სვამენ რასაც ამბობენ. ბოლო აკორდი 1001 ღამეში არაბული ცეკვის ყურებაა.

ევროპიდან-აზიაში

ევროპულიდან აზიურ ნაწილში მოსახვედრად ორი გზაა- წყალქვეშა მეტრო (მოლოდინი არ გქონდეთ,რომ საინტერესოა, ან მიხვდებით რომ წყალქვეშ ხართ,რისი ილუზიაც მე მქონდა) ან კაბატაჟი, იგივე სამგზავრო გემი. გზა 40 წუთია, გემზე უკვეთავ თურქულ ჩაის/ყავას, ნამცხვარს, ჯდები გემბანზე, მოგყვება თოლიების უზარმაზარი გუნდი და მთელი გზა უყურებ მეჩეთების ზღაპრულ ხედს. კადიკოიზე უფრო უბრალო,რეალურ სტამბულს ათვალიერებ, აქაც ვიწრო ქუჩებით, უამრავი ვაჭრით და ხმაურით,კეთილი მოხუცი კაცით,რომელიც ულამაზესი კალიგრაფიით დაგიწერს შენს სახელს და მოგიყვება ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ უყვარდა ქართველი ქალი. მოსაღამოვებულზე ქუჩის მუსიკოსებით და ანდერგრაუნდ ბარების არჩევანით გამოირჩევა. ჩვენი ადგილობრივი ახალშეძენილი მეგობრებიც სწორედ აქ ცხოვრობდნენ და მათი საშუალებით დავინახეთ სტამბულის ალტერნატიული მხარე : მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები თუ უბრალოდ მეამბოხეები.

ღამის ცხოვრება სტამბოლში

საღამო საკმაოდ აქტიურად შეგიძლიათ დაგეგმოთ. ესტუმრეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ბარებს:

  • TAMIRANE

ავანგარდული კომპლექსი საინტერესო პერფომანსებით და შოუებით.

  • REINA

სელებრითების რჩეული ადგილი სელმა ჰაიეკის, ქელვინ ქლაინის და კევინ ქოსტნერის ჩათვლით.

  • NARDIS JAZZ CLUB

გალათას კოშკთან მდებარე ჯაზ კლუბში კვირაში 6 დღე ჯაზის საღამოებს შეგიძლიათ დაესწროთ.

  • Hard rock café- ინტერიერით ჩემი საყვარელი ფილიალია სხვა ქვეყნებს შორის.
  • Rock N Rolla- ალტერნატიული ბარი ლუდის არჩევანით და თავისუფალი სულით

როგორც ხედავთ, სტამბოლში საკმაოდ მრავალფეროვნად შეგიძლიათ გაატაროთ დრო. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და საყვარელი ადგილები თურქეთის უდიდეს ქალაქში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %