რჩევები შიდა ტურებით სარგებლობისთვის
შიდა ტურიზმი საქართველოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობის და უბრალოდ, უქმეებზე ქალაქიდან გასვლის მსურველები სეზონის განმავლობაში მუდმივად უერთდებიან სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებს. ინტერნეტში ასეთ უამრავ შეთავაზებას შეხვდებით, ამიტომაც საჭიროა გარკვეული კრიტერიუმები თუ პრიორიტეტები შეიმუშავოთ, რის მიხედვითაც შეარჩევთ, რომელ ჯგუფს შეუერთდეთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინებაც საშუალებას მოგცემთ შიდა ტურებით სარგებლობისას არასასიამოვნო სიურპრიზები თავიდან აიცილოთ და უკან დადებითი ემოციებით დაბრუნდეთ.
1. დააზუსტეთ ტრანსპორტის სახეობა და მგზავრთა რაოდენობა! შეგიძლიათ მოითხოვოთ ტრანსპორტის ფოტოების ჩვენებაც. გაითვალისწინეთ, რომ თუ ტრანსპორტირება ხდება მიკროავტობუსით და გეუბნებიან, რომ არის 22 ან მეტი ადგილი, ეს ნიშნავს, რომ გამოიყენება დამატებითი სკამები.
2. დააზუსტეთ, უამინდობის შემთხვევაში ხომ არ გაიზრდება ფეხით გასავლელი მანძილი? ეს შეიძლება განაპირობოს გზის სირთულემ, რის გამოც კონკრეტულ ტრანსპორტს, შესაძლოა გაუჭირდეს დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
3. დააზუსტეთ, ვინ, როდის და როგორ უზრუნველყოფს კვებას. თუ კვება შედის საფასურში, დაინტერესდით, როდისაა განსაზღვრული კვების დრო, ასევე დაგჭირდებათ თუ არა დღის განმავლობაში დამატებითი კვება, რომელიც თავად უნდა უზრუნველყოთ
4. გაიარეთ კონსულტაცია მეგობართან, რომელიც ხშირად მოგზაურობს. მეგობარს რჩევა შეგიძლიათ ჰკითხოთ როგორც მარშრუტთან, ასევე ორგანიზატორთან დაკავშირებით.
5. მოიძიეთ მარშრუტის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებლად. ასეთ დროს შეიძლება ბევრი დამატებითი ნიუანსი გახდეს თქვენთვის ცნობილი, რის შესახებაც ინფორმაცია ორგანიზატორმა არ ან ვერ მოგაწოდათ.