მზეთამზე - უნიკალური სოფელი ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტი დამსვენებლებისა და ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ სწორედ აქ მდებარეობს უნიკალური სოფელი მზეთამზე. მზეთამზე წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს და ბორჯომიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტს უნიკალურობას მისი განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნების გარდა, ისტორიული არტეფაქტებიც ანიჭებს. სოფლის სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ადგილობრივების გადმოცემით, ერთ-ერთი ნადირობის დროს, მონადირეებს ტყეში გზა აებნათ და შემთხვევით გამოქვაბულს მიადგნენ, როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, მათ იხილეს ულამაზესი ქალწული და გაოცებისგან აღმოხდათ: მზესავით ლამაზი კიარა "მზეთამზეაო". თუმცა ისტორიული ფაქტები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები მეორე ვერსიას ადასტურებს. 1980-იან წლებში მზეთამზეში განხორციელებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს რიტუალური სამარხები, რომლებშიც ქალები ემბრიონის პოზაში იყვნენ დამარხულნი და მუცელზე მზის ფორმის ბრინჯაოს დისკოები ჰქონდათ დამაგრებული. აღნიშნული არტეფაქტები, ამჟამად, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სპეციალისტების მოსაზრებით, სამარხები 3500 წლის წინანდელია და მზის თაყვანისცემის პერიოდს ემთხვევა. ბორჯომისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე ასეთი 25 დისკოა აღმოჩენილი. დისკოები ეკეთათ ქურუმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებული წინასწარმეტყველების ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული. არსებობს მომსაზრება, რომ ეს დისკოები გარკვეულ ასტრონომიულ ცოდნასაც განასახიერებდნენ. კლიმატი შუამთისაა (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი. ზემო და ქვემო მზეთამზე დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, გარშემორტყმულია მაღალი მთებით. მთის კლიმატი კურორტის ძირითადი სამკურნალო ბუნებრივი რესურსია. ის გამოიყენება სუნთქვის ორგანოთა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. სოფელში მდებარე ტაფობზე მზე მისი ამოწვერვიდან გვანობამდე, მის ჩასვლამდე მუდმივად ანათებს. კურორტ მზეთამზეს სტუმრებს ეკო-სასტუმროები, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო ელოდებათ.