დავით გარეჯი მსოფლიოს ყველაზე ველური და ლამაზი ადგილების სიაშია
National Geographic-მა მსოფლიოს ყველაზე ველური და ლამაზი ადგილების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში დავით გარეჯის მღვიმეებიც მოხვდა. "გარეჯის მღვიმეები აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. გამოქვაბულებში დაახლოებით 5 000 ბერის სენაკი იყო. ერთი მღვიმე დღესაც ფუნქციონირებს მონასტრის სახით და უდაბნოს ველის სიჩუმეს ბერების გალობა არღვევს" - წერს National Geographic-ი.
ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფარერის კუნძულებია. დანიის სამეფოს კუთვნილებაში მყოფი კუნძულები ატლანტის ოკეანეში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის მდებარეობს. აქაურობას განსაკუთრებულ მისტიკას ბალახებით დაფარული სოფლის სახლები მატებს.
მათ გვერდითაა არგენტინული ჰუ-ჰუის პროვინცია. არიდული და მიმზიდველი უდაბნო ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს. შუქ-ჩრდილების მუდმივი ცვალებადობა და მარილის ზედაპირი უდაბნოს ფოტოგრაფების საყვარელ ადგილად აქცევს.