5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ 2017 წელს ესპანეთს
თუ თქვენი ახლო მომავლის გეგმებში ესპანეთში მოგზაურობა შედის, უმჯობესია, თუ ვოიაჟს მნიშვნელოვან მოვლენებს დაუკავშირებით. ამით თქვენს დასვენებას უფრო საინტერესოდ დატვირთულს და დასამახსოვრებელს გახდით.
2017 წელს ესპანეთში მოგზაურობისთვის რამდენიმე საბაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
1. ღვთისმოსაობა და ტერორი, პიკასო. გზა გერნიკასკენ
რეინა სოფიას მუზეუმი - 4 აპრილი - 4 სექტემბერი
პიკასოს შედევრი პირველად 1937 წელს გამოიფინა პარიზში. აღნიშნული თარიღის 80 წლის და რეინა სოფიაში მისი ყოფნის 25 წლისთავთან დაკავშირებით პიკასოს შემოქმედების მოყვარულებს საინტერესო გამოფენა ელოდებათ. 4 აპრილიდან 4 სექტემბრამდე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან შეკრებილი პიკასოს 150 ნამუშევარი გამოიფინება.
2. ესპანური სამყაროს ხედვები - ესპანური საზოგადოებისა და ბიბლიოთეკების საგანძური
პრადოს მუზეუმი - 4 აპრილი -10 სექტემბერი
ამერიკის ესპანური საზოგადოება ნიუ იორკში დაარსდა 1904 წელს და გააჩნია ესპანური, პორტუგალიური და ლათინო-ამერიკული ხელოვნების ნიმუშების ყველაზე დიდი კოლექცია იბერიის ნახევარკუნძულზე. 200-ზე მეტი ექსპონატი აერთიანებს არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ისლამური ხელოვნების ნიმუშებს და ოქროს ხანის ოსტატების ფერწერულ ნამუშევრებს.
3. ფესტივალი Suma Flamenca
6-18 ივნისი
ტოპ მომღერლების, მუსიკოსების და მოცეკვავეების დამსახურებით Suma Flamenca ესპანეთში ფლამენკოს ყველაზე პოპულარული ფესტივალია. ფესტივალის ძირითადი ლოკაცია Teatros del Canal-ია, თუმცა ღონისძიებები იმართება მადრიდის სხვადასხვა უბანშიც. ფლამენკოს შემსრულებლებს განსაკუთრებული სპონტანურობაც ახასიათებთ.
4. Teatro Real Opera House - მნიშვნელოვანი თარიღები
Real Opera House-ი 2017 წელს რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. ხანგრძლივი რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებული ოპერის თეატრი 1997 წელს გაიხსნა. ამ თარიღის 20 წლისთავთან ერთად, თეატრს დაარსებიდან 200 წელიც უსრულდება. შესაბამისად, მისი რეპერტუარიც გამორჩეულია: Billy Budd (31 იანვარი - 28 თებერვალი); Bomarzo (24 აპრილი - 7 მაისი); Madam Butterfly (7 ივნისი - 21 ივლისი).
5. ტისენ-ბორნემისას მუზეუმის 25 წლისთავი
მუზეუმი 25 წლის იუბილეს განსაკუთრებული ღონისძიებებით ზეიმობს. მათ შორის ერთ-ერთია არქიტექტორ რაფაელ მონეოს ნამუშევრების რეტროსპექტივა (21 მარტი - 11 ივნისი). ზაფხულის ნამდვილი ბლოკბასტერი ვენეციური რენესანსის ექსპოზიციაა (20 ივნისი - 24 სექტემბერი), მას მოყვება პიკასო - ლოუტრეკი (17 ოქტომბერი - 21 იანვარი).