გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება
გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში. არჩევანი დიდია: ამსტერდამი, პარიზი, ბუდაპეშტი, ვენა და ა.შ. მაგრამ, დროა განსხვავებულ მიმართულებებზეც იფიქროთ.
ჩვენ გთავაზობთ Insight Guides-ის მიერ შერჩეულ საუკეთესო მიმართულებებს გაზაფხულისთვის.
ზადარი, ხორვატია
ზადარი ხორვატიის ტურისტულად ყველაზე საინტერესო ადგილია დუბროვნიკის და სპლიტის შემდეგ. ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ქვიშიან სანაპიროსთან წყლის კონტაქტისას განსაკუთრებული ხმის ეეფქტი იქმნება. ზადარის სანაპიროზე მზის ჩასვლაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ამ დროს სხივების მრავალფერად არეკვლა ხდება.
იტალიის ტბები
ალპების გასწვრივ ულამაზესი ტბები იტალიის ოთხ რეგიონს მოიცავს: პიდმონტი, ლომბარდია, ტრენტინო და ვენეტო. განსაკუთრებულ სამეულს წარმოადგენენ მაგიორეს, კომოს და გარდას ტბები. მათ მიმდებარედ კიდევ არაერთი პატარა ტბაა. გაზაფხულზე სტუმრობის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საუკეთესო მდგომარეობაშ ნახოთ ტბები და ხალხმრავლობასაც თავი აარიდოთ.
ლესვოსი, საბერძნეთი
ლესვოსი საბერძნეთის სხვა კუნძულებისგან გამოირჩევა სამხრეთული ტყეებით, ულამაზესი ბაღებით და ცხელი წყაროებით. თერმული აბაზანები და სპა ლესვოსს სხვა კუნძულებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს. ოსმალები მას "ეგეოსის ბაღს" უწოდებდნენ. კუნძულზე, ასევე, იწარმოება საუკეთესო ზეითუნის ზეთი მთელს საბერძნეთში. ასე რომ, მოგზაურობის დროს გემრიელი საკვებიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
სევილია, ესპანეთი
სევილია არ არის მხოლოდ ფლამენკოს ქალაქი! ანდალუზიის დედაქალაქს დიდი ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. აქ მდებარეობს ევროპის უძველესი სამეფო სასახლე (რომელიც დღემდე შემორჩენილია) და უდიდესი გოთური ტაძარი მსოფლიოში. აქ აქტიური ღამის ცხოვრებითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ და ულამაზესი პანორამული ხედებითაც დატკბეთ. სევილია იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ!
ლუბლიანა, სლოვენია
მდინარე ლუბლიანიკაზე გადებული დახვეწილი ხიდები, მტირალა ტირიფის ხეივნები, ღია კაფეები, მოკირწყლული ქუჩები, ბაროკოს ტიპის შენობები, და ამ ყველაფრის თავზე გადმომიცქირალი ციხე - საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სლოვენიის დედაქალაქს ეწვიოთ.