ლაშქრობა პირველი - გერგეტის სამება

იცით როგორია პირველი ლაშქრობა? იმ თხილიანი შოკოლადის გემო აქვს, სულის მოსათქმელად , შესვენებისას რომ ნეტარებით ჩაკბეჩ და ენერგიით აგავსებს. პირველი ლაშქრობის მოგონებებს ტალახის და ხის ფესვების სუნი ასდის, ახალამოწვერილი ბალახისფერია.
 ჩემი პირველი ლაშქრობა სპონტანური და თავბრუდამხვევი იყო. მიწისფერი სომხეთიდან ვბრუნდებოდი. იდგა მაისი და ბუნება სააღდგომოდ ემზადებოდა. ვუყურებდი მიკროავტობუსის ფანჯრიდან სომხეთის კუშტ კლდეებს, ტალახისფერ გორაკებს და ჩემთვის ვბუტბუტებდი_ ”რა ლამაზი მთებია, საოცრებაა.”
_შენ საოცრება არ გინახავს._ ირონიულად მომიგდო გიგამ. 
ჰოდა, ასე და ამგვარად, დაგეგმა ჩვენი პირველი ერთობლივი ლაშქრობა გერგეტზე. 
დღევანდელი გადმოსახედიდან გერგეტის სამებაზე ასვლას ლაშქრობას ვერ, მაგრამ გასეირნებას კი ვუწოდებ. თუმცა, მაშინ ის დღე ლაშქრობაზე მეტი იყო ჩემთვის. ეს იყო დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და მთებით მომწამლა. 
თბილისში იდგა თბილი მაისი , იყო აღდგომა და ქალაქში მხოლოდ ხოხბებიღა შემორჩენილიყვნენ. დედაქალაქში ჩასვლისთანავე დაგვხვდნენ მეგობრები. ვისგან კარავი ინათხოვრა გიგამ, ვისგან საძილე ტომარა. ასე, სპონტანურად ავიბარგეთ და ტაქსით წავედით სტეფანწმინდაში. 
მაშინ ლაშქრობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა... ფეხზე ტყავის მოდური ფეხსაცმელი მეცვა, ზემოთ - ხაკისფერი ფარატინა ქურთუკი. ტაქსის მინებიდან მზერად ქცეული თვალებით ვისრუტავდი პეიზაჟებს, ვუყურებდი როგორ იქცნენ გორაკები ნელ-ნელ მთებად, მშვიდად მოდუდუნე მდინარეები - მთის დუჟმორეულ ჩქერებად, როგორ დაპატარავდნენ და მერე საერთოდ გაქრნენ გზის პირას ჩამწკრივებული ხეები და ბოლოს - როგორ დაამუხრუჭა ჩვენმა ბუზღუნა ტაქსის მძღოლმა ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის წინ. 
საღამოვდებოდა. ტაქსიდან გადმოსულს სახეში ცივი, სუფთა ჰაერი შემომეფეთა, ტალახის, დეკისა  და ცხვრის სუნით გაჟღენთილი. მთის ბილიკიდან მეცხვარე ბეწვის გორგლებად ქცეულ პირუტყვს მოერეკებოდა, ეზოებიდან პატარა, წითური მოხევეების კისკისი ისმოდა. გზადაგზა მესმოდა ადგილობრივების დიალოგი. თავდაპირველად, სპეციფიური, მთისთვის დამახასიათებელი აქცენტის გამო ვერცერთი სიტყვა ვერ გავარჩიე. მერე ყურმა ნელ-ნელა დაიწყო ფრაზების აღქმა. ვკრებდით სიმაღლეს და ქვემოთ ვტოვებდით ელექტრონათურებით განათებულ დაბას. ჩვენი მიზანი - გერგეტის სამება ჯანღით მოსილი, ამაყად იდგა და ცაზე აკიაფებულ პირველ ვარსკვლავებს უცქერდა. 

ლაშქრობა ყაზბეგშიტყიანში ასვლისას პირველ სიძნელეს შევეჩეხე - ჩემი სუპერმოდური ტყავის ფეხსაცმელი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას კოჭამდე ეფლობოდა წებოვან, ფერად ტლაპოში, ფარფატა ქურთუკში მთის ცივმა სიომ გაშალა ფრთები, ზურგჩანთა დამძიმდა და გზაც ვიწრო და ციცაბო გახდა. თუმცა, ჩემი და გიგას გასაკვირვად, სიძნელეებმა არ შემაშინა. ახლა უკვე სხვანაირი ჟინით ვაგრძელებდი გზას. თუმცა ერთი კია, ბავშვობაში, ბებიას მოყოლილი ზღაპრების წყალობით ყველა ხის უკან ალი, დალი და ჭინკები მელანდებოდა.
გერგეტის სამებამდე ღამის 11 საათზე მივაღწიეთ. შევედით, ვილოცეთ, ბერების გაოცებული მზერა დავიმსახურეთ, საჩუქრად მივიღეთ სანთლები და ორი ხატი, რომლებსაც ახლა ჩვენს მყუდრო სახლში უდევთ ბინა. კარავი ტაძართან ახლოს გაშალა გიგამ. ციოდა და თბილ საძილე ტომრებში მთელი სხეულით ჩავეფალით. კარვის შემოსასველთან ტაძრიდან წამოყოლილი, ფუმფულა, თვინიერი ნაგაზი მოკალათდა. თუმცა, სითბომ და კარავში დაბინავების რომანტიკამ მხოლოდ ნახევარი საათი გასტანა. მალე კავკასიონიდან ცივმა, გაზაფხულის ქარმა მოუბერა, თან მოიტანა ერთმანეთში არეული სეტყვა, წვიმა და თოვლი. კარავი, რომელიც არც თუ ისე საიმედო გამოდგა, ლერწამივით დაიგრიხა და ლამის ქარს გაჰყვა. კართან მწოლიარე, შეშინებული ნაგაზი შიგნით შემოსვლას ცდილობდა. სასწრაფოდ ავიბარგეთ, ფაცხაფუცხით დავკეცეთ ჩვენი ”ბინა” და მონასტერს მივაშურეთ. დაკეტილი კარიბჭის გამო ანცი ბავშვებივით ღობეზე  გადაძრომამ მოგვიწია. მთელი ღამე სამების ტაძრის კარიბჭესთან, ძელსკამზე მჯდომებმა გავატარეთ. დროდადრო მოქუფრულ ზეცას შევყურებდით და გასათბობად თან წამოღებულ კონიაკს ვწრუპავდით. 
დილით, მთელი ღამის წამებას რომ გმირულად გავუძელით, მივიღეთ ჯილდო, რომელიც ბუნების ყველა საჩუქარზე უპირატესია დღემდე ჩემთვის და რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე მემახსოვრება - კავკასიონის კალთებიდან სინათლემ იწყო დენა,  ნისლთან ერთად მზის სხივებმა დაადნო ღრუბლებიც, სტეფანწმინდაში ერთმანეთის მიყოლებით ჩაქრა ნათურები, ცა გაფერადდა, ჩვენს წინ მყინვარწვერი აღიმართა, დეკაზე დილის ნამი აკიაფდა. კელიებიდან ბერები დილის ლოცვისთვის გამოვიდნენ. ჩვენს დანახვაზე თვალები მოიფშვნიტეს, ხომ არ გვეჩვენებაო. როდესაც დარწმუნდნენ, რომ არც სულები ვიყავით და არც ავსულები, ტაძარში შეგვიძღვნენ, თბილ ღუმელთან დაგვსვეს და ზარებს ჩამოჰკრეს... 
გერგეტიდან ემოციებით მთვრალი დავბრუნდი. სამარშრუტო ტაქსში ჩაძინებული გზად გიგამ გამაღვიძა, თოვდა და პეპლისოდენა ფიფქები ჩუმად ეფინებოდა მთებს. 
ჩემი პირველი ლაშქრობა შედგა. შედგა და სამუდამოდ მომწამლა მთებით... დღემდე მახსოვს გემო, რომელიც იმ ორ დღეს ახლდა თან - თხილიანი შოკოლადის და ცივი კონიაკის, მახსოვს დეკის სუნი და დილით, მყინვარწვერის კალთებზე დაღვრილი მზის სხივების ფერი, ცაზე ხალიჩასავით გადაჭიმული ცისარტყელა, კელიებიდან ამოსული შავოსნების კაბის კალთების ჩუმი შარიშური, ბუჩქებს უკან დამალული ჭინკების ხითხითი და ნაგაზი, რომელმაც დაბაში ჩასვლამდე გვიერთგულა. 
 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %