განთქმული პიზა
რატომ პიზა? არ ვიცი ალბათ დაგვაინტერსა ის კოშკი, 200 წელი რომ აშენებდნენ და რომელზეც ყველა ლაპარაკობდა სათანადოდ იყო თუ არა გადახრილი...
ხოდა გადასამოწმებლად ჩავედით. პიზის აეროპორტიდან ცენტრი 3-4 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტი პატარა და კომფორტულია. ქალაქში მეტროც მიდის ავტობუსებიც, მაგრამ ჩვენ გვეძვირა 4 კილომეტრში რვა ევრომდე გადახდა და ფეხით დავადექით გზას, თანაც ქალაქს ასე უკეთ ვნახავთთქო ვიფიქრეთ.
გამთენიისას მივადექით პიზის კოშკს. მზე ახლა ამოდიოდა, მარმარილოს ქვებზე სინათლის ისეთ სიხშირეს ირეკლავდა რომ სამყარო სამჯერ მეტად თეთრი მოგეჩვენებოდათ. ხომ არის ადგილები თითქოს მარილი რომ აკლია. ამ ადგილს ზედმეტი აყრიაო იტყოდით... დილა იყო. ტურისტებს ჯერ კიდევ ეძინათ და ნამდვილად გირჩევთ, თუ ამ ადგილის ნახვას გადაწყვეტთ გამთენიას, მზის ამოსვლისას ესტუმროთ. ამ დროს განსაკუთრებით ლამაზი სანახაობაა და თანაც ტურისტების პირდაპირი მნიშვნელობით ალიაქოთის გარეშე.
კოშკი პიაცა დეი მირაკოლის მოედანზე მდებარეობს. მოედანი კი ქალაქის ცენტრში. ის გალავნითაა შემოსაზღვრული და შიგნით არა მარტო კოშკს არამედ კიდევ რამდენიმე შენობას იტევს რომლებიც არანაკლებ თვალის მომჭრელად გამოიყურებიან . ესენია : დუომოს კათედრალი, კამპოსტანო და პიზის ბაპტისტერია. თითოელი მათგანში შესვლისთვის ცალკე საშვია საჭირო, ფასი რვა ევროდან იწყება.
მე არ ვიცოდი და იქნებ არც თქვენც რომ მოედანს სახელი შეარქვა იტალიელმა მწერალმა და პოეტმა გაბრიელე დ'ანუნციომ, სულ რაღაც ერთი წინადადებით: L’Ardea roteò nel cielo di Cristo, sul prato dei Miracoli, რაც ნიშნავს - „ყანჩა ფრინავდა ქრისტეს ცაზე, სასწაულების მდელოს თავზე“.
მოედანი ნამდვილად სასწაულ მდელოებს მოიცავს. ბალახი ისეთი მწვანე და ხასხასაა და ისე ერწყმის ამ მარმარილოს ხელთუქმნელ შენობებს რომ გგონია სამოთხეში ხარ და ღმერთები შემოგეგებებიან სადაცააა.
კოშკი გადახდილია. ნამდვილად. მაგრამ, მის გარდა აქ კიდევ სამი შენობაა არანაკლებ თვალისმომჭრელი.
პირველივე დღეს გული ვიჯერეთ სურვილით გვენახა ქალაქის დღის შესანიშნაობა ახლა უკვე თავად ქალაქის გაცნობის დრო იყო. მოედნის გალავანს გამოვცდით. ქალაქი პატარაა, ვიწრო ქუჩებით სავსე. გალავნის გარშემო ქუჩის , სუვენირების ბაზრობებია. შემდეგ კაფეები.
წვრილი ქუჩები და პიზის ბაზრები დავიარეთ. ყველაფერი მშვიდი და ცალკეული გვეჩვენა,თითქოს ეს პატარა ქალაქი ამდენი ტურისტის მიუხედავად მყუდროდ თავის რიტმში ცხოვრობს... დადიხარ და ისეთი განცდა გაქ რომ შენ იქ არ ხარ. ქალაქი იმდენადაა მყუდრო და იტალიური რომ ვერ გამჩნევს.
ჩვენმა მასპინძელმა რომელზეც ქვემოთ მოგიყვებით აქ გემრიელი პიცის ადგილიც მიგვასწავლა. გაგიზიარებთ. ეს გარიბალდის მოედანზე, რესტორან INERIA DI PiAZZA-ს გვერდით მდებარეობს, პატარა რესტორანია სახელად „ ნეაპოლის პიცა". დაახლოებით 10 ევროდ ისე ისადილებთ რომ ნეაპოლში ჩასვლა არ დაგჭირდებათ პიცის საჭმელად... ( მაგრამ ეგ დიადი შეცდომაა იცოდეთ )
ჩვენ ხშირად კვების ობიექტების მაგივრად სუპერმარკეტებში ვყიდულობთ სადილისთვის საკვებს. პიზას ამ მხრივ ვერ ჩავთვლი ძვრიან ქალაქად. სულ რაღაც რვა ევროდ ვიყიდეთ ლიდლში ეს სასუსნავი.
ჩვენ ქაუჩსერფინგის საკმაოდ აქტიური მომხმარებლები ვართ, პიზასთან ახლოს დასახლებაშიც უკვე ნაპოვნი გვყავდა საოცარი ჰოსტი. ადამიანი რომელიც გვიმასპინძლებდა და იტალიურ კულტურას ადგილობრივის თვალით დაგვანახებდა. ჩვენი დასარჩენი ცენტრიდან 4 კმში იყო, გამოიცანით რა ვქენით? ცხადია ფეხით წავედით რომ გარემო გაგვეცნო, დრო გვქონდა ოხრად. გზით ნამდვილად გავერთეთ, შევუარეთ იტალიურ სასაფლაოსაც, გავიარეთ უზარმაზარი მინდვრებიც, ბროწეულის ხეივნებიც. ვინც მიცნობს კი იცის და ფართო მკითველისთვის უნდა ვთქვა რომ ბროწეულთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ცხადია ამ ხეივნებს გულგრილად ვერ ჩავუარე. გავიხედე, გამოვიხედე რომ მეთხოვნა ეგეთიც არ იყო არავინ, არც ღობე ჩანდა ჩემს სინდის წინ რომ აღმართოდა, ხოდა მოკლედ რამდენიმე ბროწეული ვიმსხვერპლე. იქვე ბალახში დავსხედით, ჩანთები მოვიხსენით და იტალიის ყველაზე ტკბილი ბროწეული გავკვნიტეთ. მაჯებამდე ვიყავი მის წვენში ამოსვრილი. მცირედ შევისვენეთ და გზას დავადექით.
ეუჟენიო, ჩვენი მასპინძელი კერძო დასახლებაში ცხოვრობდა. მინდვრებით შემოსაზღვრულ პატარა სოფლისებრ დასახლებას ხეხილის ხეივნები ამშვენებდა. მალევე მივაგენით ჩვენს სახლს. MAPS.ME-ს წყალობით, რომელიც ევროპაში 1-1 ზე მუშაობს იდეალურად ვაგნებდი ყველაფერს. მივედით , მასპინძელიც შემოგვეგება.
ეუჟენიო მუსიკოსი იყო. პომპეიში დაბადებული ახლა აქ გადმოსახლებულიყო. კულულა გრძელი, ქერა თმით და ჰიპებისთვის დამახასიათებელი მზისებრი ღიმილით შეგვეგება. სახლი პატარა და მყუდრო იყო. ხის იატაკითა და ჭერით. სახლში შესასვლელად ჩემზე წვრილი დერეფანი უნდა აგევლო, ჩემზე წვრილი კიბეებით. ერთი სიტყვით რომ დავახასიათო ეუჟენიო ის ადამიანი იყო მწვანილსაც რომ წყლით სავსე ქილაში ინახავდა.
იმიტომ არა რომ ეშინოდა დაჭკნებაო. პატივს სცემდა უბრალოდ მის არსებობას და ამ ფორმით გამოხატავდა. აქ ახლა ის და მისი სკოლის მეგობარი ცხოვრობდნენ ერთად.ორივე მონდომებით ცდილობდა ჩვენთვის აეხსნა როგორ მზადდება პასტა ღვინოში მოთუშული ბოსტნეულის გარნირით, გვიხსნიდნენ რომ ევროპამ სპაგეტი აიტაცა და გონია რომ იტალია გაიცნო. მაგრამ ისინი სპაგეტს და პასტასაც კი ვერ ანსხვავებენო. ორივენი საუკეთესო ადამიანები იყვნენ მთელს ჩემს იტალიურ გამოცდილებაში.
ბინის გარშემოც უამრავი მინდვრები იყო. საღამოს მე და ნინიამ გასეირნება გადავწყვიტეთ. ეუჟენიომ მიგვასწავლა ადგილები სადაც მზის ჩასვლა ლამაზია და გრილი ნიავი უბერავს ყოველ საღამოს. გავისეირნეთ. იტალიის მინდვრებში ვიდექით და 4 კილომეტრში მოკაშკაშე პიზას ვუყურებდით. გარშემო კალიები დახტუნავდნენ და მწერების ხმა ისმოდა. მშვიდი საღამო იდგა იტალიაში და მზე ჩადიოდა. ჩვენ წინ გრძელი მოგზაურობა გველოდა ევროპაში სახლში კი იტალიელი, ახლად შეძენილი მეგობარი გველოდებოდა. დილას აეროპორტში უნდა წავეყვანეთ და სამუდამოდ დავშორებოდით.
სწორედ ესაა ცუდი როდესაც ადგილობრივთან რჩები და არა ძვირადღირებულ სასტუმროებში. იქ მეგობრებს ვერ შეიძენ და მათგან განშორებაც ნოსტალგიად არ გექცევა. თუ ადგილობრივთან ხარ, თუ გაგიმართლებს და შენი სულისებრ ადამიანს შეხვდები სადღავ იტალიის გადაკარგულ მინდვრებში მცხოვრებს მაშინ სამუდამოდ გემახსოვრება, მისი სტუმართმოყვარეობა, ისტორიები, რჩევები, უანგაროდ გამოჩენილი სიკეთე და ის რომ სამყაროში ვალდებული ხარ ეს სიკეთე დააბრუნო.
მე კი ვაბრუნებ აქ, საქართველოში. ვიხვეჭ ხალხს და ისტორიებს, მერე თქვენ გიზიარებთ და გირჩევთ რომ წადით. დარჩით ადგილობრივებთან ნახეთ გადახრილი კოშკები საოცარი მდელოებით, კვნიტეთ სხვისი ეზოს ბროწეული და იცინეთ როდესაც პასტას კოვზით ჭამას დაიწყებთ ^_^