რუმინული მოგზაურობა/ სიგიშოარა

სიგიშოარა იმ ქალაქთა სიას მიეკუთვნება, რომლებმაც ევროპის შუასაუკუნოვანი ხიბლი დღემდე თითქმის უცვლელად შემოინახეს.

ჩემი რუმინული მოგზაურობის გეგმაში ოთხი ქალაქის მონახულება შედიოდა და ბოლო, მეოთხე ლოკაციად სწორედ სიგიშოარა ამოვარჩიე. ქალაქი არ არის ისეთი ცნობილი როგორც მაგალითად ბრაშოვი, სინაია ან უფრო დიდი ტურისტული ქალაქები, თუმცა თავისი ისტორიული წარსულით, არქიტექტურით, ბუნებით და ცხოვრების რიტმით სიგიმ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, როგორც რიგით ტურისტზე.

სიგიშოარაში ბრაშოვიდან მატარებლით 3 საათის გზაა, თუმცა ავტობუსით 2 საათშიც ჩახვალთ. ჩემი განრიგის და ბრაშოვში მატარებლის დაგვიანების გამო ქალაქში ღამის 4-ის ნახევარზე ჩავედი, ამიტომ ამ შემთხვევაშიც ერთადერთი გეგმა სასტუმროს მიგნება იყო. გაითვალიწინეთ, რომ თუ თქვენც გვიან მოგიწიათ ქალაქში ჩასვლა ტაქსის გამოძახების ან თუნდაც გზაზე გაჩერების იმედი არ გქონდეთ, დღისითაც კი აქ რატომღაც მანქანების ძალიან მცირე რაოდენობა მოძრაობს. თუმცა ნუ შეშინდებით ქალაქი იმდენად პატარაა, რომ ყველა ვარიანტში სადგურიდან ფეხით ნახევარ საათში ქალაქის ნებისმიერ წერტილამდე ადვილად მიაღწევთ. 

ქალაქის ისტორიული ცენტრი  გამოყოფილია დანარჩენი ურბანული ნაწილისგან. ცენტრში მოსახვედრად კი ჯერ აღმართი, შემდეგ კი ხეივანში ჩაფლული ბილიკი უნდა აიაროთ, ბილიკის ავლის შემდეგ  პირდაპირ შუასაუკუნეებში გადაინაცვლებთ. სიგიშოარას ციტადელი - ისტორიული ცენტრი, რომელიც საქსი კოლონისტების მიერ მე-12 საუკუნეში გაშენდა, ღირსეულ ადილს იკავებს იუნესკოს  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ციტადელი შუასაუკუნოვანი რუმინეთის ღირსშესანიშნაობებითაა დატვირთული, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვლად ცეპეშის (ვლად დრაკულას) სახლისკენ გავემართე, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მმართველის დაბადების და გაზრდის ადგილის ნახვით დრაკულასეული აურა შემეგრძნო. სახლი ძალიან მოკრძალებული ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის 0 (GROUND)  სართულზე ახლა რესტორანი ფუნქციონირებს. რადგანაც ვლად დრაკულასთან უამრავი მისტიკური ლეგენდა ასოცირდება, სახლიც პატარ-პატარა დეკორაციებით თავისებურ ,,სისხლიან“ ისტორიას გახსენებთ.

ცენტრში რამდენიმე მთავარი კოშკი და ტაძარია. საათის კოშკი, რომელიც უშუალოდ ცენტრში მდებარეობს მე-14 საუკუნის ძეგლია. არქიტექტურული დატვირთვის გარდა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში ქალაქის ისტორიული საგანძური ინახება. ,,ეკლესია გორაკზე“ ასევე არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ პირადად ჩემთვის ბევრად საინტერესო მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასაფლაო აღმოჩნდა. გორაკზე, ტყის მახლობლად გერმანელ ჯარისკაცთა სასაფლაო მუზეუმს მოგაგონებთ. თითოეულ საფლავს განსხვავებული მონუმენტი ამშვენებს, რომლებიც  არანაკლებ საინტერესო ცხოვრებისეული წარწერებითაა დატვირთული. გორაკიდან კი ქალაქის ხედები იშლება. შუაღამისას აქ ამოსვლა უფრო შთამბეჭდავი იქნება თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი ,,თავგადასავლების“ მოყვარული ხართ.

რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა არის ის, რომ ციტადელში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული წარსულის ნაშთები. ისტორიული ნაგებობების გარდა აქ საცხოვრებელი სახლებიც კი რამდენიმე საუკუნისაა და ოდნავ გადახრილი, ასიმეტრიული სახლები ხის კარებითა და ფანჯრებით უფრო მიმზიდველს ხდის იქაურობას. სიგიშოარას დასათვალიერებლად ერთი დღე სრულიად საკმარისია, ამიტომ რუმინეთში მოხვედირსას აუცილებლად გამონახეთ დრო სიგიშოარასთვის. ქალაქი თავისი ისტორიით, მოკირწყლული ქუჩებით, ფერადი შენობებით და ტრანსილვანიური ეშხით ნამდვილად შეგაყვარებთ თავს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %