შირაზი - ირანის სხვა პოლუსი

 

ჩემი მოგზაურობის შესახებ ირანში არც თუ ისე ბევრი მომიყოლია.

ამ ბოლო დროს კი საშინელი ამბები მესმის მაგ საოცარი ხალხისგან და გული მეწვის. გადავწყვიტე ჩემი წილი ისტორიები მოვყვე და განახოთ რომ ეგ ქვეყანაც, ჩვენი სამშობლოსი არ იყოს, პოლუსებად არის გაყოფილი. ერთ პოლუსზე ხალხი საელჩოებსა და საავადმყოფოებს წვავს, მეორე პოლისზე კი საოცრად ინტელექტუალი ლიბერალი ადამიანები ცხოვრობენ, ხელოვნების საოცარი ნიჭით დაჯილდოვებულები, კეთილშობილი და წარსულის ირანის გადმონაშთი შეხედულების მქონეები. ნამდვილი ირანელები...

ირანში ორი კვირა გავატარეთ ორმა კინკილა, 40 კილოიანმა გოგომ. არცერთხელ საფრთხე არ მიგვრძნია მოსახლეობის მხრიდან. პირიქით ყველა გვეხმარებოდა გზის გაგნებაში, ციფრთა ცნობაში, არ დაკარგვასა და ირანის გაცნობაში.

ბევრ ქალაქში მოვხვდით და გზადაც ბევრს გადავეყარეთ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქალაქმა შირაზმა მოახდინა. ირანის ნამდვილი სახე, ალბათ სწორედ ეს ქალაქია, საოცარი არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუში. საოცარი მეჩეთებით და კეთილშობილი ადამიანებით. აქ ფარსი, ანუ ირანული ჟღერადობით ფრანგულს მოგაგონებთ, ერთადერთი რამ გსურთ, ისხდეთ და ადგილობრივებს უსმინოთ. მანდ იჭერთ განსხვავებას ჩვენს ორ სიტყბას შორის , ეს ხალხი კი არ ლაპარაკობს არამედ საუბრობს.

შირაზი პატარა ქალაქია ირანის სამხრეთით. სწორედ ამ ქალაქშია მოქცეული ირანის , ალბათ, ყველაზე მშვენიერი არქიტექტურის მქონე მეჩეთები. გრძელი გზა გავიარეთ მანქანით სანამ მანდ ჩავაღწევდით, გზად ათობით საოცარი ადამიანი გავიცანით მაგრამ დავიქანცეთ საოცრად, თუმცა, შევედით თუ არა ქალაქში მაშინვე მივხვდით რომ ღირდა. ნამდვილად ღირდა.

აქ ყველაზე იაფიან სასტუმროფსაც კი საერთო მოსასვენებელი სივრცე აქვთ სადაც მცირე ზომის ფანტანი დაგხვდებათ და ირანული ხალიჩებით გაფორმებული ინტერიერი, სადაც ჩაის აუცილებლად შემოგთავაზებენ და ადამიანები თბილად დაგიტოვებენ.

ჩვენ გადავწყვიტეთ ადგილობრივთან გვეცხოვრა. შირაზელ მუჰამედზე მგონი ყველა ქართველ მოგზაურს სმენია ვისაც შირაზში ფეხი ჩაუდგამს და ადგილობრივებით დაინტერესებულა. ამ ბიჭის სახლი შირაზთან ახლოს მდებარე კერძო დასახლებაშია, და ეს უბრალო სახლი არაა, ეს სახლია სადაც ყოველდღე 10-20 ტურისტს შეხვდებით. გერმანელები, შვედები, ბელარუსები, თურქები, ფრანგები, ებრაელები, ყველა განურჩევლად რასისა და მრწამსისა მუჰამედთან იყრის თავს. საღამოობით ერთმანეთს ისტორიებს უზიარებენ და იჯერებენ. ტელევიზიები მხოლოდ ირანის მეორე პოლუსზე გვიყვებიან, მუჰამედის მსგავს ადამიანებზე იქ ვერაფერს მოისმენთ.

სამაგიეროდ დასახლებაში სადაც 1000 ადამიანი ცხოვრობს, მუჰამედის სახლი ყველამ იცის, ძველ მეჩეთთან მარცხნივ ჩაუხვევ და ეგაა, მაღაზიაში შეხვალ იკითხავ მუჰამედს და ყველამ იცის, თუ უცხოელი ხარ მაშინ მხოლოდ ერთ მუჰამედს შეიძლება კითხულობდე.

ადგილობრივმა მიგვიყვანა მუჰამედთან. პირველად რომ დავინახეთ ოთახში იდგა გვიღმოდა. შავი წვერი და შავი სახეში ჩამჯდარი თვალები ქონდა. ისე გიყურებდა თითქოს სამყაროში მასზე მეტად ვერავინ დაგიდგებოდა გვერდით, პირველ სართულზე ბარი ჰქონდა გაკეთებული. „ უალკოჰოლო“

უნდა იცოდეთ რომ ირანში ალკოჰოლი კანონით იკრძალება, მაგრამ არ ნიშნავს რომ არ იშოვება.  ანდერგრაუნდი ისეთი აქტიური, როგორც ირანში, სხვაგან არსად მინახავს.

 მოკლედ ჯერ კაფე დაგვათვალეირებინა შემდეგ ზედა სართულზე ჩვენი ოთახის სანახავად აგვიყვანა და კი. იქ 25 ამდე ტურისტი დაგვხვდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. მრგვალ მაგიდას შემოსხდომოდნენ და საღამოს გეგმავდნენ. შევედით თუ არა თვალებში ერთმა ფრანგმა მამრმა შემოგვანათა. ჩვენ თავისუფალი ქალები ვიყავით და არ გვადარდებდა რომ ირანში ვიღაცეები ბიჭებს თვალებში არ უყურებენ.  ყველა გაგვეცნო, ყველას გავეცანით. მუჰამედი კართან იდგა და ჩვენს, ყველას შემყურეს სახეზე ბედნიერება დასთამაშებდა. თითქოს ჩვენ ფანჯარა ვიყავით მისსა და სამყაროს შორის, ჩვენ მისი ხალხი ვიყავით და ისიც ჩვენიანი იყო. გადარჩენილი ჩვენიანი.

 ვახშმობის დრო იყო. გარეთ ბარბექუისთვის ნაკვერჩხალი გაამზადეს და ქათამი ირანულად, ბროწეულის სოუზში შამფურზე  შებრაწეს. ესპანელი ბიჭი უკრავდა და განათება ოთახში ლურჯი იყო. ყველა ცეკვავდა , მე და ნინია კი ხალიჩაზე ვისხედით და ვტკბებოდით იმედგაცრუებით. ირანი საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა სადაც იმ წამს ვისურვებდით ყოფნას.

 მანქანით მოგვიწია მცირე მანძილის გავლა, მანქანაში წყლის ბოთლები გვეყარა. ერთი ფარი არ მუშაობდა და ამის გამო პოლიციამ გაგვაჩერა. როდესაც ქალი მანქანაში უკანა მხარეს ზის შეუძლია თავშალი მოიხსნას, არც ჩვენ გვეკეთა. გაგვაჩერა თუ არა პოლიციამ მუჰამედმა გვთხოვა თავშალი წამოიხურეთო. პოლიციამ ორი კაცი გადაიყვანა, მუჰამედი და ერთი ავსტრიელი ბიჭი. მე, ნინია, ერთი ირანელი გოგო და თურქი მოგზაური ორჰანი მანქანაში დავრჩით. ორჰანი ძალიან ნერვიულობდა. გოგოები მშვიდად ვიყავით, ირანელმა გოგომ გვთხოვა თუ იკითხეს უთხარით რომ ამერიკელი ვარო, დავთანხმდით თუმცა აზრი არ გვესმოდა. პოლიცია გვედავებოდა რომ მანქანაში წყლის ბოთლებს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, ნასვამები ხართო სათითაოდ გვეკითხებოდნენ. მე და ნინიას გვეღიმებოდა, ცხოვრებაში პირველად მეკითხებიან უკანა სავარძელზე მჯდომს ნასვამი ვარ თუ არა, ესეც რაღაც ახალი იყო.

 გადავედით მანქანიდან, პოლიციამ ინგლისური არ იცის, მუჰამედი თარჯიმანია, ეუბნება რომ უცხოელები ვართ, ირანელ გოგოზეც ამბობს რომ ამერიკელია. პოლიცია სათითაოდ გვიყურებს და ბოლოს მანქანაში გვაბრუნებს. მუჰამედს აფრთხილებს რაღაცაზე და ჩვენ მივდივართ. რა მოხდა? ვეკითხებით მუჰამედს გზაში და ის გვპასუხობს :

- როდესაც ამდენი პასპორტია მანქანაში და მით უფრო ამერიკის პასპორტი ფრიალებს მათ წინ, ისინი შარს აღარსდროს ეძებენო.

ჩვენ ვერ მივხვდით ზუსტად ეს რას ნიშნავდა, როდის აქეთ ეშინია ირანის ადგილობრივ პოლიციას შტატების პასპორტის, თუმცა როგორც ჩანს რაღაცეები არის რასაც ტელევიზორში ვერ მოისმენ.

მეორე დღეს დილით ადრიანად გავედით შირაზის დასათვალიერებლად, მის ქუჩები ძალიან წვრილი, ყველაფერი გარშემო ქვიშისფერი, სანამ არ მიადგებით შირაზის ყველაზე პოპულარულ ქუჩას ტურისტებისთვის, მას იოლად იოცნობთ დასახელების გარეშეც, ქოლგების გამო. ქუჩას ასობით ფერადი ქოლგით ჩრდილავენ, ქვემოთ კი მოქცეული აქვთ კაფეები და სანაყინეები. 

ირანში არაბულ ციფრებს არ იყენებენ, ამიტომ ავტობუსების ცნობა ძალიან გვიჭირდა. ადამიანებს ვეკითხებოდით 33 ნომერი ავტობუსი რომელია, ჩვენთვის ყველა მათგანს ციფრების მაგივრად გულები ეხატა. არავინ გვზარდებოდა, მივყავდით და ავტობუსში გვსვამდნენ. მძღოლსაც აფრთხილებდნენ სად უნდა გაეჩერებინა ჩვენთვის. ირანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაყოფილია, ქალები უკან კაცები წინ. ადგილი არ იყო და ფეხზე ვიდექით, კაცების მხარეს ყველა ადგა და მთლიანი ადგილი გაგვინთავისუფლეს რომ დავმსხდარიყავით, უხერხულად ვიგრძენით თავი მაგრამ იქ მყოფმა ახალგაზრდა გოგომ მოგვთხოვა ადგილი დაგვეკავებინა.  

მამაკაცი იყო მანქანაში, ნასვამი იყო ეტყობოდა. დგებოდა და ჯდებოდა, განუწყვეტლივ, არაფერს იძახდა მაგრამ არ ჩერდებოდა. მძღოლმა კითხა კარგად ხარო? ამანც კიო, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. 5 წუთში ავტობუსი გაჩერდა და მძღოლმა მოთხოვა ან ჩადი ან გაჩერდიო, თითქოს წესრიგს არღვევდა და დაძაბულობას ქმნიდა. მამაკაცმა აუხსნა მუხლზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ამიტომ ვერც ვჯდები დიდხანს და ვერც ვდგავარ ბოდიშიო, მძღოლმაც მოუბოდიშა ნასვამი მეგონეო  და გზა გავაგრძელეთ.

ჩვენთვის ეს რაღაც ძალიან ახალი და უცნაური იყო.

 შირაზი სავსეა ბაღებით, მაგრამ საერთოდ არაა კვების ობიექტები. კილომეტრებს ისე დავდიოდით ქალაქში რომ ერთი კაფე ან რესტორანიც კი არ შეგვხვდა სადაც ადგილობრივ გემრიელ კერძებს გასინჯავდა კაცი, - რატომ? იმიტომ რომ ირანელებს კულტურის დონეზე აქვთ აყვანილი, საკვები სახლიდან წამოიღონ და შესვენებაზე ახლომდებარე ბაღში ბალახზე დასხდნენ და იქ მიირთვან. ან უბრალოდ მეგობრები ერთმანეთს ბაღში შეხვდნენ ბალახზე მსხდომნი და ჩაი იქ დალიონ თერმოსით წამოღებული. ყველგან, ყველა ბაღში მთელი ირანის გარშემო მსგავსი სურათი გვხვდებოდა. ჩვენც მაღაზიაშ ნაყიდი ხილი და სასუსნავი ავიღეთ და ნამდვილი ირანელებივით ბაღში მივირთვით, მსგავსი რელაქსაცია ძალიან იშვიათად განმიცდია.

ბაზრობები, შირაზში უზარმაზარი ხალიჩის, კერამიკისა თუ სუნელები  ბაზრობებია. მხოლოდ საყიდლად კი არ უნდა იარო მსგავს ადგილებში არამედ ესთეტიური სიამოვნების მისაღებადაც,  ვაჭრობა ამ ხალხისთვის თავაზიანობაა. ხალიჩის ყიდვა გსურს? შემობრძანდი გაშალე, დაჯექი, ჩაი დალიე უფასოდ, იგრძენი თავი სახლში და მხოლოდ შემდეგ იყიდე, - ესაა მათი მიდგომა. ყველანაირი ხილის ჩირია დახლებზე გამოლაგებული, არავინ მოგყიდის ისე 100 გრამსაც კი ჯერ თუ არ გაგასინჯეს.

სუნელები ისე ლამაზადაა დახლზე გამოლაგებული რომ უბრალოდ დგახარ 5- 10 წუთის მანძილზე და თვალს ვერ წყვეტ, გამყიდველი გიღმის, შენ კი უბრალოდ თვალს ვერ წყვეტ მარტივ მშვენიერებას.

ქუჩები სუფთაა და მოწესრიგებული, ქალაქში მაღალი შენობები არაა. კანონის თანახმად ვერავინ ააშენებს 4 სართულზე მაღალს, და ქალაქის არქიტექტურისგან განსხვავებულს.

მეჩეთები... „ ღვთის ფიქრებში ვიყავიო“ მითხრა ნაცნობმა რომელიც შირაზის მეჩეთებში ჩემზე ადრე მოხვდა და მე ეს სიტყვები გადავამოწმე, ნამდვილად შეეფერებოდა. შირაზში ყველაზე თვალწარმტაცი მეჩეთებია, შესაფერისად შემოსვის შემდეგ ყველა მათგანის დათვალიერება უფასოდ შეგიძლიათ.

შაჰ-ჩერაზი. არის მეჩეთი რომლის გამოც შირაზში ცალკე აღებულად ღირს. საოცრებაა, შეხვალ და იდგები, ლოცვაც კი დაგავიწყდება ადამიანს. გაოგნებული იქნები მისი თვალწარმტაცობის შემხედვარე მისი სიმარტივე თვალს მოგჭრით, გონებას გაგიყინავთ და თუ იქ 5 წუთზე მეტხანს გაჩერდებით იქიდან მშვიდი, აუღელვებელი, გონება გაწმენდილი ადამიანი გამოხვალთ, ადამიანი ვინც იცის, ჩუქურთმები და ძვირადღირებული მეტალები არაა საჭირო ღვთის სახლში. იქ მხოლოდ სიმყუდროვე და სიმარტივით გადმოცემული ღვთის ფიქრებია საჭირო. სიმარტივე რომ დაინახო როგორია შენი სული როდესაც მშვიდად ხარ.

შევედი თუ არა მეჩეთში, თავი სარკიდან გადმოსულ ფერიად ვიგრძენი, დიდი დაკვირვება არ უნდოდა კოსმიური სიშავის მქონე ქსოვილიდან სუნთაქვა შეკრული ფერიები რომ მიყურებდნენ, კითხვებს მაყრიდნენ და მერე სულგანაბულები მისმენდნენ. გადამეხვეოდნენ ხოლმე შიგადაში, გეგონება და უნდოდათ გადამედო მათთვის საზღვრისმიღმა მოგროვებული ამბები.

კარგახანს ვიტლიკინეთ. მერე ფერიებსაც გვითავდება ხოლმე დრო და მაგიტომ ავირაზმეთ, არადა მთელი კვირა დავრჩებოდი ამ მეჩეთში ამ გოგოებთან. მოკლედ გამოვდივართ მეჩეთის ეზოდან უკვე და ზუსტად მაგ დროს გვესმის: - გოგოებო, ! - გვეძახის ხმა და გვეწევა მალევე შუა ასაკის კაცი, ვიფიქრეთ რამე საყვედურებს მოგვაყრის ან იმ გოგოებთან რამე ნეტა არასწორად ხო არ ვთქვითთქო? ორი ფოტოს გამო გადმოირბენდა ვითომ ამხელა ეზოს?!. ცოტა დავიძაბეთ მოკლედ, ვიხსენებ დიალოგსაც და ყველაფერზე პასუხებს ვიგროვებ თავში,  მაგ დროს გვიახლოვდე ეგ კაცი აქოშინებული, სუნთქვააკრეფილი, ცოტა მკაცრი სახით, თან ჯიბეში იქექება, მერე თითქოს პოულობსო, ერთიანად ებადრება სახე, მთელ მუჭა ფერად კამფეტებს იღებს და გვიყრის ხელებში, ისევ იღიმის, თავს გვიკრავს ხელს გვიქნევს და გარბის უკან.

ვდგავართ გაშეშებულები, ვიღიმით ისე რომ ასტრალს ვხსნით თავს ზემოთ. ჯერ უბრალოდ სივრცეს ვუღიმით, ეზოს და იმ უცნობ ხალხს ასე კეთილად რომ მიგვიღეს. მერე ერთმანეთს ვუყურებთ და ისევ ვიღიმით . მოვდივართ.

-" კიდევ კარგი გადმოვედით ამ ოხერ ხიდზე". - ამბობს ნინია და ვხვდები რომ კი, საუკეთესო ხალხი და საუკეთესო ინტერიერის მეჩეთი ვნახე შირაზში. ვიცოდი მაგ წელს რაც არ უნდა მომხდარიყო იმ წუთიერი პოზიტივი და ბედნიერება წლის ბოლომდე გამატანინებდა თავს.

 

     

შემდეგ  სხვა მეჩეთს ვესტუმრეთ,  ნასირ ალ-მულქის მეჩეთი- აქ შესვლა ფასიანია და დაახლოებით 5 დოლარი ღირს. თუმცა ნამდვილად გადასახდელი თანხაა იმ სანახაობისთვის რასაც გთავაზობენ.მეჩეთი მეცხრამეტე საუკუნეშ აშენდა და მრავალი ფერთა გამით, შუშისა და ხუთწახნაგა ფიგურით გამოირჩევა.

  შირაზში ორი რამაა რაც ადგილობრივებისთვისაა დამახასიათებელი. ერთის სახელი არ ვიცი მაგრამ ასე გამოიყურება, იმიტომ გავსინჯეთ რომ ბაყაყის ქვირითებს გავდა და გემო გვანიტერესებდა

მეორე შირაზული ნაყინია, ასეთს მხოლოდ შირაზში თუ ნახავთ, და კი ორივე მათგანი აუცილებლად უნდა გასინჯოთ მხოლოდ ერთ მიზეზით : მიხვდეთ რომ მეორედ არ უნდა გასინჯოთ!...

მოკლედ შირაზი აღმოსავლეთის სილამაზია, როდესაც ირანზე სუნთქვის შემკვრელ ისტორიებს მოისმენთ იქვე გაიხსენეთ რომ იქ მეორე პოლუსიცაა. იმედის, ინტელექტის, ხელოვნების და პოეზიაზე შეყვარებული ადამიანების პოლუსი. ლიბერალების და დასავლური ფასეულობის მქონე ადამიანების. ირანს წარსული ახსოვს და დაიბრუნებს წარსულს მომავალში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %