შავი ზღვისპირეთის მაგნიტური სანაპირო

ეს პოსტი ძირითადად მათ ეძღვნება, ვისთვისაც მშვიდი დასვენებაა პრივილიგირებული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ აქტიური დასვენების მოყვარულებმაც შეიძლება შეიყვაროთ ეს ადგილი.

 

ფაქტს, რომ საქართველო უნიკალური ლანდშაფტით არის დაჯილდოებული ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მთიანი ყაზბეგის შემდეგ ბარში გადმოვინაცვლე და ამჯერად საქართველოს ზღვისპირეთის უნიკალურ პოტენციალში თავად დავრწმუნდი. შავი ზღვისპირეთის მაგნიტური სანაპირო ზოლის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო ,,გამოცოცხლება“ შეკვეთილია. მიზეზი რატომაც მე, როგორც აქტიური დასვენების მოყვარულმა გადავწყვიტე აქ რამდენიმე დღის გატარება ,,Black sea arena“-სთან ახლო მდებარეობა და მაგნიტური ქვიშა იყო.

 

 

შეკვეთილში ჩასვლისას პირველი შთაბეჭდილება არც თუ ისე სასიამოვნო იყო, რადგან ერთი შეხედვითაც ადვილი მისახვედრია, რომ ეს არ არის სათავგადასავლო ადგილი.  შეკვეთილი, რომელსაც სოფლის და ახლა უკვე კურორტის სტატუსი აქვს, ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებითაა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მთელი დასახლების შემოვლის შემდეგ დავწრმუნდი, რომ აქ ჩამოსვლისას უნდა დაიტვირთოთ პროდუქტით, რადგან უბნის რამდენიმე ,,ბუტკაში“ დიდად პროდუქციის არჩევანი არ არის. მიუხედავად პირველი შთაბეჭდილებებისა, სანაპიროზე გასვლა განწყობას შეგიცვლით. სანაპირო ზოლი საკმაოდ მოვლილი და მოწესრიგებულია.

ჩემი დაკვირვებით აქ შეზლონგების ბიზნესი დიდად ვერ ,,ქაჩავს“,რაც  ლოგიკურიც არის აქაური უნიკალური მაგნიტური ქვიშის გამო. (ქვიშაზე წამოწოლის გარეშე წასვლა უბრალოდ დანაშაულია J ). ამ ქვიშის ჯადოსნურობის შესახებ მე ჩემი ადგილობრივი მასპინძლისგან ბევრი შევიტყვე. მაგნიტური ქვიშა, რომელიც მაგნიტური რკინაქვისა და სხვა მინერალებისგან შედგება, გაჯანსაღებისა და დაავადებების სამკურნალო უნიკალური ბუნებრივი საშუალებაა. როგორც ჩემმა მასპინძელმა მითხრა, ქვიშა მდინარემ აჭარის მთებიდან ჩამოიტანა, რომელიც ანდეზიტით იყო მდიდარი. მაგნიტური ქვიშის მაღალი სამკურნალო ეფექტურობის გამო ექიმებიც კი სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს უნიშნავენ და რეკომენდაციას უწევენ ასეთ სანაპიროზე „ქვიშის აბაზანების“ მიღებას. რა თქმა უნდა, მეც არ გამიშვია ეს შესაძლებლობა და ქვიშაში 5 წუთით ჩაწოლის შემდეგ უკვე ნათელი გახდა თუ როგორ მოქმედებს ქვიშა ორგანიზმზე. ჩემთვის  გაცხელებულ მაგნიტურ ქვიშაში 5 წუთიანი წოლა ფინურ საუნაში 30 წუთით ყოფნას უდრის. გარდა ამ ქვიშის ჯადოსნური შესაძლებლობებისა, შეკვეთილის ფიჭვნარს არანაკლებ სასარგებლო და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.  სწორედ ამიტომ შეკვეთილი იძლევა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ ერთდროულად ისიამოვნო ზღვით, მიიღო მაგნიტური ქვიშის აბაზანები და  ზღვის სურნელთან ერთად ფიჭვნარის გამაცოცხლებელი ჰაერით გაიჯანსაღოთ ფილტვები.

 

 

მართალია, თავად შეკვეთილი ძალიან მშვიდი და სარელაქსაციო კურორტია, თუმცა მისი მდებარეობის გამო შეგიძლიათ აქტიურადაც გაატაროთ საღამოები, მაგალითად ,,black sea arena”-ში დაგეგმილი კონცერტებით, მაგრამ თუ თქვენს შვებულებას არ ემთხვევა რაიმე გრანდიუზული კონცერტი მაშინ არენას ტერიტორიაზე გაშენებული ,,მუსიკოსთა პარკის“ გამო მაინც ღირს ამ ადგილის მონახულება.

პირადად მე არაფერი არ ვიცოდი ამ ადგილის შესახებ და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ,,მუსიკოსთა პარკის“ შემთხვევით  აღმოჩენით. პარკი განსაკუთრებით მელომანებისთვის იქნება მიმზიდველი. სიმწვანეში სეირნობისას გზაზე გხვდებათ  ქართული და მსოფლიო მუსიკის მოღვაწეთა სკულპტურები, მათთან მიახლოებისას კი დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით ირთვება კონკრეტული კომპოზიტორის თუ მომღერლის ცნობილი მელოდია. მოკლედ, თუ ერთდროულად სიმწვანით, სეირნობით და სასიამოვნო მუსიკის მოსმენით გინდათ ისიამოვნოთ ,,მუსიკოსთა პარკს“ ეწვიეთ.

 

 

ბოლო ლოკაცია, რომელიც შეკვეთილში დასვენების საღამოებს გაგიმრავალფეროვნებთ პარკი ,,ციცინათელაა“, სადაც ბავშვსაც და მოზრდილსაც შეგიძლიათ დროის სახალისოდ გატარება. მართალია, ევროპის და ამერიკულ გიჟურ გასართობ პარკებს ვერ შეედრება, მაგრამ რამდენიმე ექსტრემალური (საშუალოდ ექსტრემალური) ატრაქციონით მაინც მოახერხებთ ადრენალინის გამოყოფას.

 

 

ბოლოს კი, თუ საღამოების ისევე მშვიდად გატარება გსურთ, როგორც დღის, მაშინ უბრალოდ სანაპიროზე ყოფნით და ულამაზესი ალისფერი დაისით ისიამოვნეთ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %