ისრაელი - მომლოცველებისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის თანაბრად საინტერესო ქვეყანა

რთულია იპოვო კიდევ ერთი ისეთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს სხვადასხვა ერის და რელიგიის წარმომადგენლებს, მეცნიერებს და ტურისტებს, ისე როგორც ისრაელი - წმინდა მიწა.

ისრაელი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, წითელ ზღვას, მკვდარ ზღვასა და მდინარე იორდანეს შორის.

შეიძლება ითქვას, რომ წმინდა მიწა, კერძოდ კი, იერუსალიმი კაცობრიობის რელიგიური და მისტიური ცენტრია. ის მსოფლიოში 3 ყველაზე გავრცელებული რელიგიის - ქრისტიანობის, ისლამის და იუდაიზმის ცენტრია. ისრაელში დღემდე ნახავთ როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მუსულმანებს, იუდაისტებს (მათ შორის კაბალისტებს), ასევე თანამედროვე აგნოსტიკოსებს.

ისრაელს ყველაზე დიდი რაოდენობის ტურისტი შობის და აღდგომის დღესასწაულზე სტუმრობს. 

რა ჯდება ისრაელში მოგზაურობა ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც ისრაელში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 1 200 -2 700 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს (თბილისი-იერუსალიმი-თბილისი);
  • ტრანსფერს (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი);
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • სასტუმროში განთავსებას
  • კვებას (სასტუმროს მიხედვით)

 

უფრო კონკრეტულად: მაგალითად,  2017 წლის ბოლოს, ტურისტული კომპანია Love Travel-ის შემოთავაზებით თუ ისარგებლებდით, ( იხილეთ ტური ) ტურ ოპერატორი 1190 ლარად უზრუნველყოფდა

  • ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი - თელ-ავივი - თბილისი, პირდაპირი რეისი);
  • სასტუმრო იერუსალიმში 4 ღამე (საუზმით); 
  • დაზღვევა ტურ-ოპერატორის კონსულტაცია
  • სამოგზაურო პერიოდი: 22/12/17-26/12/17

 

2018 წლის დასაწყისში, ტურისტული კომპანია X-TRAVEL გთავაზობდათ კომბინირებულ ტურ -პაკეტს პოლონეთსა და ისრაელში, რომელიც 2700 ლარი ღირდა ( იხილეთ ტური).  ღირებულებაში შედიოდა:

  • ავია ბილეთი: ქუთაისი-ვარშავა-ქუთაისი
  • ავია ბილეთი: ვარშავა-ეილატი-ვარშავა
  • აპარტამენთი უზრუნველყოფილია სამზარეულოთი :
  • 4 ღამე ვარშავა
  • სასტუმრო: 3 ღამე ისრაელი-ეილატი 
  • ექსკურსიები პროგრამის მიხედვით
  • ტრანსფერი: დახვედრა ეილატის აეროპორტში და გაცილება
  • კვება საუზმე ისრაელში სასტუმროში
  • სამოგზაურო დაზღვევა

 

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ, თუ ისრაელში წასვლას გადაწყვეტთ:

 

საკომუნიკაციო ენა:                                              ებრაული (ივრით), ინგლისური

საქართველოს საკონსულო ისრაელში :           ისრაელი, ქ. თელ ავივი, დანიელ       ფრიშის ქ. N3

                                                                               972 36093206

                                                                               israel.cons@mfa.gov.ge

 

სასწრაფო                                                             101

პოლიცია                                                               100

სახანრო                                                                102

 

საგანგებო და სამართლებრივი (კრიმინალური) პრობლემების შექმნის შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საკონსულოს  +972 36093206 ;

 

უსაფრთხოება

რა თქმა უნდა, ვერ უგულვებელვყოფთ ისრაელის და პალესტინის დაძაბულ ურთიერთობას. მუდმივად, ნებისმიერ დროს არის იმის საფრთხე, რომ ეს დაძაბულობა ღია კონფლიქტში გადაიზარდოს.  მაგრამ ამ მოცემულობის მიღმა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ  ისრაელში მოგზაურობა უსაფრთხოა.

ისრაელში მცხოვრები რიგითი მოქალაქის დღე საკმაოდ მშვიდობიანი და უსაფრთხოა, განსაკუთრებით - იერუსალიმში.

 

MUST SEE PLACES

ადგილები, რომლებსაც ქრისტიანები აუცილებლად სტუმრობენ.

მაცხოვრის საფლავი

თაბორის მთა, ფერისცვალების ადგილი

მდ.იორდანე.  „ მაშინ მოვიდა იესო გალილეითი იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან „

ღვთისმშობლის საფლავი

მაცხოვრის ხელისანაბეჭდი გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე

ღვთისმშობლის მიძინების ადგილი

ელეონის  მთა

მთა, რომელზეც მაცხოვარი ქადაგებდა და საიდანაც ოქროს კარიბჭის გავლით, იერუსალიმში შევიდა. ახალი აღთქმის თანახმად, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამ მთაზე წაიყვანა ქრისტემ მოწაფეები და ამ მთიდან ამაღლდა მათ თვალწინ.

მაცხოვარის ფეხის ანაბეჭდი ამაღლების ადგილას

გეთსემანიის ბაღი

ბაღი, რომელშიც მაცხოვარი ლოცულობდა. საიდუმლო სერობის შემდეგ, ამ ბაღში შეიპყრეს ქრისტე ლოცვის დროს. საიდუმლო სერობის  წინ აქ დაბანა იესომ მოწაფეებს ფეხები. ამ ბაღში გლოვობდნენ მის სიკვდილს მოწაფეები და ამ ბაღშივე ემცნოთ მათ მისი აღდგომა.  

სიონის მთა

ებრაელებისათვის სიონის მთაზე მდებარეობს მათი ლეგენდარული მეფის, დავითის  აკლდამა.  ქრისტიანებისთვის ის მნიშვნელოვანია, რადგან ამ მთაზე მაცხოვარმა საიდუმლო სერობა შეასრულა. ჯვარცმის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. აქ მდებარეობს დღეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.

ბეთლემი

ბეთლემი იერუსალიმიდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს,  დღევანდელი პალესტინის ტერიტორიაზე. გადმოცემის თანახმად, აქ დაიბადა მეფე დავითი, მაგრამ ქრისტიანულ სამყაროში ეს ადგილი მნიშვნელოვანია როგორც იესო ქრისტეს დაბადების ადგილი.

ნაზარეთი

ნაზარეთში გაგზავნილ იქნა მთავარანგელოზი გაბრიელი, რათა ეხარა მარიამისთვის, რომ სწორედ ის  მოავლენს ქვეყნის გადამრჩენელს. ნაზარეთში გაატარა ბავშვობა და ყმაწვილობა იესომ. აქ არის მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარი და ხარების ტაძარი, ორივე სწორედ ამ მოვლენების უკვდავსაყოფად აიგო. ლოდი წმინდა გიორგის დაბადების ადგილია, აქ მდებარეობს მისი სახელობის ეკლესიაც.


ადგილი, სადაც მაცხოვარი აწამეს

გოლგოთა

ერთადერთი ეკლესია ქრისტიანულ სამყაროში, სადაც საკურთხეველი დასავლეთ მხარესაა მოქცეული. ახალი აღთქმის თანახმად, ამ მიმართულებით იდგა მაცხოვარი იერუსალიმში შესვლის წინ და ლოცულობდა.

იერიქონის მთა, სადაც ეშმაკმა ქრისტე  გამოსაცდელად წაიყვანა

მთა, სადაც მაცხოვარმა ხალხს 9 ნეტარება უქადაგა

ადგილი, სადაც მაცხოვარი აღდგომის შემდეგ, მოწაფეებს გამოეცხადა

გოდების კედელი

 

ადგილობრივი სამზარეულო

  • ფალაფელი

შეიძლება ითქვას, რომ ფალაფელი ისრაელის სამზარეულოს მეფეა, თუმცა მას  ეგვიპტური ფესვები აქვს.  ფალაფელი მზადდება მუხუდოს მარცვლების, ან მწვანე ლობიოს მარცვლებისგან და სანელებლებისგან. შემდეგ მას პიტაში (ლავაში) დებენ. მიირთმევა სალათთან, ჰუმუსთან, ტეჰინის სოუსთან, ბოსტნეულის მწნილთან ერთად. ფალაფელი ქალაქის ყველა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ, ფასებიც საკმაოდ დაბალია ( 10-15 შეკელი ).

  • ჰუმუსი

ჰუმუსი (ჰუმუსის სოუსი) მუხუდოს ნამტვრევების, ტაჰინის სოუსის, ლიმონის, ზეითუნის ზეთის, მარილის და ნიორის შეზავებით მზადება. სუფრაზე ჰუმუსი შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც დამატებითი კერძი, ასევე მთავარი კერძი, რომელსაც მიირთმევენ  მწვანე ლობიოს მარცვლებთან, მოხარშულ კვერცხთან და ხრაშუნა პურთან ერთად. 

ჰუმუსი ისრაელში დიდი ბიზნესად იქცა, ის შეგიძლიათ მიირთვათ კაფეებსა და რესტორნებში, სუპერმარკეტებში შეგიძლიათ იყიდოთ ჰუმუსის მრავალი სახეობა.

  • ჯაჩუნი (Jachun)

 

ეა არის დიდი რაოდენობით მარგარინის გამოყენებით დამზადებული ფენოვანი ცომი, რომლის დამზადებასაც 10-12 საათი სჭირდება. მას მხოლოდ შაბათ დილას გახეხილ პომიდორთან, მოხარშულ კვერცხთან ერთად მიირთმევენ. ამ კერძს იემენური ფესვები აქვს.

  • შაკშუკა

კიდევ ერთი ფანტასტიური კერძი, რომელსაც არაბული ფესვები აქვს. ის არის პომიდორის, ნიორის, ხახვის, ტკბილი წიწაკის მიქსი, რომელსაც კვერცხს და ქინძს უმატებენ.

რესტორნები

როდესაც საქმე სამზარეულოს ეხება, იერუსალიმი სტუმრებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ, ასევე მრავალფეროვან და თანამედროვე კერძებს.

გთავაზობთ რესტორნებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ იერუსალიმში ვიზიტისას.

 

Little Jerusalem at Beit Ticho

 

Beit Anna Ticho -ს მუზეუმი და რესტორანი, ისტორიის ცოცხალი ნაწილია, რომელიც იერუსალიმის ცენტრში, ყველაზე ხმაურიანი ქუჩის ხეივანშია დამალული. ეს  შენობა იყო პირველი, რომელიც იერუსალიმის გაფართოებისას, ძველი ქალაქის კედლებს მიღმა, 1864 წელს აშენდა. აქ შეგიძლიათ იხილოთ ხელოვნების ნიმუშები და ისტორიული მუზეუმი. The ‘Little Jerusalem’ restaurant ძალიან პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. შეგიძლიათ მიირთვათ თევზეული, სალათები და ტურისტებისთვის რეკომენდებული ხახვის სუპი. ყოველ სამშაბათს მუზეუმი და მოციმციმე ვერანდა სტუმრებით ივსება, აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ვეგეტარიანული იტალიური სამზარელოთი, ძვირადღირებული ღვინით, მსოფლიოში აღიარებული ყველის სახეობებით და ისიამოვნოთ ჯაზის რიტმებით.

იხილეთ საიტი

Yoel Moshe Solomon Street No.12 Jerusalem 02:6244186

 

Machneyuda

ამ რესტორანს ბევრი ჯილდო აქვს მიღებული და 2009 წლიდან ყველაზე ტრენდული ადგილია იერუსალიმის რესტორნებს შორის. სტუმრები სრულად ხედავენ სამზარეულოს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ შიკშუკიტი - სუნელებით შეკმაზული ძროხის ხორცი, ცხვრის ქაბაბი ტაჰინის იოგურტის სოუსით, სოკოს რაგუ და ტრიუფელის ზეთი.

იხილეთ საიტი

Mahneyuda, Beit Ya’akov St 10, Jerusalem, Israel, +972 2 533 3442

 

Pasha’s

რესტორანი პოზიციონირებს როგორც „ახლო აღმოსავლეთის ორიგინალური გემო“. აქ გთავაზობენ ისეთ პალესტინურ კერძებს, რომლებსაც სხვაგან ძნელად იპოვით. არაბული კერძებიდან შეგიძლიათ მიირთვათ გამომცხვარი მანსაფი, იოგურტის სოუსში გამომცხვარი იორდანული ცხვრის ხორცი ბრინჯთან და თხილთან ერთად და სხვა.

დესერტად შეგიძლიად მიირთვათ თაფლისგან და დამტვრეული თხილისგან დამზადებული ნამცხვარი  და სხვა აღმოსავლური ტკბილეული.

Pasha’s, 13 Shimon Hazadik St, Jerusalem, Israel, +972 2-582-5162

 

ღამის ცხოვრება

იერუსალიმზე საუბრისას ყველას რელიგია, კულტურა და ისტორია ახსენდება, არავინ ფიქრობს ღამის კლუბესა და ღამის ცხოვრებაზე. თუ ფიქრობთ, რომ იერუსალიმში ღამის ცხოვრება არ არსებობს, ძალიან ცდებით. იერუსალიმში ტურიზმის განვითარებასთან ერთად გაჩნდა სასტუმროები, ჰოსტელები, რესტორნები, კაფეები... განვითარდა მოდის ინდუსტრია და რაღა თქმა უნდა. გარდაუვალი იყო გართობის ინდუსტრიის განვითარებაც.

გთავაზობთ იერუსალიმის ღამის ცხოვრების საუკეთესო ადგილებს.

Yellow Submarine

Yellow Submarine-ში შეგიძლიათ ყველა მუსიკალური ჟანრით ისიამოვნოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრი მოგწონთ - ჯაზი, როკი, ფოლკლორი, თუ  სხვა...

Birman

თუ გიყვართ გემოვნებიანი მუსიკა და თან გურმანიც ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ Birman-ს.  აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მრავალფეროვანი მუსიკით - ჯაზით, რეგთაიმით, ბლუზით, დააგემოვნოთ ახლო აღმოსავლური  კერძები და უჩვეულო, არასტანდარტული გემოს მქონე კოქტეილები.

Mirror Bar

მდიდრულ სასტუმრო Mamilla-ში განთავსებული Mirror Bar იდეალურია რომანტიკული პაემანისთვის, მეგობრებთან ერთად კოქტეილი დასაგემვნებლად და წყნარ გარემოში სასაუბროდ. „სარკის ბარი“ ბევრ სტუმარს იზიდავს.

ნარკოპოლიტიკა

ისრაელში საკმაოდ მკაცრი ნარკოპოლიტიკაა. აქ არალეგალურია მარიხუანა, კოკაინი, ექსტაზი, ჰაშიში, ოპიუმი...

ისრაელის პოლიციას კანონით აქვს უფლება გააჩეროს და გადაამოწმოს ქუჩაში მიმავალი ნებისმიერი ადამიანი, რითაც ნარკოტიკების მომხმარებლების დაჭერის ალბათობა იზრდება.

ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის. მოგვწერეთ, სხვა რომელი ქვეყნის შესახებ გსურთ წაიკითხოთ სტატია. ჩვენ თქვენს სურვილს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %