რა უნდა ვნახოთ შიდა ქართლში ? ( ნაწილი 2)

შიდა ქართლში მოგზაურობა ორთუბნის მონასტრის მონახულებით გრძელდება. მონასტერიXVI-XVII საუკუნეებში აიგო  და რამდენიმე ნაწილისგან შედგება:ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, კოშკი, გალავანი და საცხოვრებელი სახლი. პატარა დეტალი, რაც გამიკვირდა არის ის, რომ ადგილზე მისულებს კომპლექსში შესასვლელი კარი დაკეტილი დაგხვდებათ, სანამ კარებზე მითითებულ ნომერზე არ დარეკავთ და მონაზონი არ გაგიღებთ კარებს. თუმცა სასიამოვნო ისაა, რომ აქ დიდი სტუმარ-მასპინძლობით დაგხვდებიან და თავად ერთ-ერთი მონაზონი გაგიწევთ გიდობას.  მონაზვნები მრავალფეროვანი ხელსაქმით არიან დაკავებული და მნახველებს თავიანთ გაკეთებულ ნივთებს ახვედრებენ. ხატწერა, ტყავზე მუშაობა, სიცოცხლის ხეების დამზადება.. ეს საქმიანობის ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ორთუბნის მონაზვნები ყოველდღიურად ეწევიან. აქვეა მნახველთათვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი- გუმბათი, სადაც ერთ-ერთი წმინდანის ხატია დასვენებული და მის გვერდით  “სურვილების კედელია”, თუ ამ ადგილას მოხვდებით დაინახავთ, რომ მნახველები პატარა ფურცელზე სურვილებს წერენ და ამ წმინდანს ავედრებენ მათ ასრულებას, ფურცელს კი კედელში ტოვებენ.

შემდეგი ლოკაცია და ჩემთვის შიდა ქართლის ერთ-ერთი უსაყვარლესი ღირსშესანიშნაობა მზოვრეთის მონასტერია. მზოვრეთის ციხე-დარბაზი მე-17 საუკუნის ძეგლია, რომელიც 2008 წელს ასურელ მამათა მონასტრად იკურთხა. ამ ადგილის აღდგენაში მამებმა უდიდესი შრომა ჩადეს. როცა მონასტერში ახვალთ ამაში თავად დარწმუნდებით, მაგრამ მანამდე მოკლედ გეტყვით მონასტრამდე მისვლის ვარიანტებზე. მონასტერი დასახლებიდან მოშორებით, საკმაოდ მაღლა მდებარეობს. მონასტრამდე სამარშრუტო ტაქსი ვერ მივა, მაგრამ დელიკები და ჯიპები აქაც მობილიზებული ჰყავთ მაცხოვრებლებს. თუ “შეევაჭრებით” მონასტერში ასვლა და ჩამოსვლა კაცზე 8 ლარი დაგიჯდებათ და დაახლოებით 6 წუთში ახვალთ, თუმცა მე, როგორც ყოველთვის, გირჩევთ, ეს გზა ფეხით გაიაროთ, მითუმეტეს, რომ საკმაოდ ადვილი გზაა , უბრალოდ აღმართია ასავლელი. ფეხით დაახლოებით 20-25 წუთი დაგჭირდებათ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ტყის ან ხეობის გავლა არ მოგიწევთ, ამიტომ ღია ცის ქვეშ მზემ რომ არ შეგაწუხოთ შესაბამისად ჩაიცვით. 

მონასტრის ტერიტორიაზე საკმაოდ სივიწროვე და სიმჭიდროვეა, ამიტომ თუ ჯგუფით მიდიხართ შეიძლება ცოტა ხანი დალოდება დაგჭირდეთ, სანამ სხვა ჯგუფი არ გამოვა კომპლექსიდან. პირველი ,რაც თვალში მოგხვდებათ არის მამების მიერ გაშენებული ულამაზესი წალკოტი. ყვავილებით და ფლორის სხვადასხვა წარმომადგენლით გალამაზებული მონასტერი საოცარ სანახაობას ქმნის. თავად მონასტერიც ისეა აშენებული, რომ რამდენიმე სართულისგან შედგება და ზემოდან კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჩანს ბაღი. გადმოსახედიდან ულამაზესი ხედები იშლება, შემოდგომისას კი ბუნების ფერად-ფერადი პალიტრა კიდევ უფრო ამშვენებს აქაურობას. ეს ადგილი კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უსიცოცხლო ადგილს სიცოცხლე შთაბერო, რაც მზოვრეთის მამებმა თავიანთი ხელებით შეძლეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %