10 August 2017
  • 224 ნახვა

ისტორიული ახალციხე

ამჯერად ეს პოსტი ოდნავ განსხვავებული იქნება, რადგან ქალაქი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემი მშობლიური ქალაქია. რა თქმა უნდა,  ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რატომაც გადავწყვიტე ახალციხეზე დამეწერა. ახალციხე ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული და, ახლა უკვე, ტურისტული ქალაქია საქართველოში. აქვე პატარა შენიშვნა - საქართველოში ახალციხის სახელწოდებით ორი პუნქტია, ერთი ქალაქი სამცხე-ჯავახეთში, რომელზეც უნდა მოგიყვეთ და მეორე - სოფელი ახალციხე, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტშია.

თუ ჯერ არ ხართ ნამყოფი ამ ქალაქში, პოსტის დასასრულს მიხვდებით, თუ რატომ ჩავთვალე აუცილებლად თქვენთვის ამ ქალაქზე მომეყოლა და რატომ უნდა ესტუმროთ ახალციხეს. სანამ უშუალოდ ამ მიზეზებზე ვილაპარაკებ, მანამდე ძალიან მოკლედ ახალციხის ისტორიის შესახებ...

ახალციხის ისტორია მეცხრე საუკუნიდან იწყება, თავდაპირველად მას ლომსია ერქვა. ხოლო მეთორმეტე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ჯაყელებმა -ახალციხის ათაბაგებმა- აღადგინეს ეს დასახლება, ახალციხედ იხსენიება. ქალაქის სტატუსი კი 1840 წელს მიიღო. ახალციხე გახდა სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია და რაიონის ცენტრი. იმის გამო, რომ (და სხვა ბევრი მიზეზის გამო) ახალციხეს საკმაოდ მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა უჭირავს (წარმოადგენს ერთგვარ გზაჯვარედინს ქართლსა და ჯავახეთს, აჭარა-იმერეთს და ტაო-კლარჯეთს შორის) არაერთხელ გამხდარა მტრის სამიზნე ობიექტი. 1579 წელს კი სამცხე-საათაბაგო ოსმალების ბატონობის ქვეშ მოექცა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ახალციხის გარდაქმნა და აღმოსავლური კულტურის გავრცელება.  მეთვრამეტე საუკუნეში ააშენეს მეჩეთი, რომელიც დღესაც უცვლელი სახით არსებობს. 1829 წლიდან კი ახალციხე რუსეთს გადაეცა და ქალაქი კვლავ შეუერთდა საქართველოს.

პირველი მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ახალციხეს, არის ისტორიული რაბათის ციხე. ციხის ისტორია ქალაქის ისტორიასთან ერთად იწყება, სწორედ ციხე იყო ჯაყელების რეზიდენცია. ოსმალების ბატონობის დროს კი აშენდა მეჩეთი , მინარეთი და მედრესე ( სასწავლებელი სადაც ისლამის რელიგიას ასწავლიან). მეცხრამეტე საუკუნეში რუსულ-ქართულ და თურქულ ჯარებს შორის ბრძოლებისას დაზიანდა ციხე-სიმაგრე. მისი ახალი სიცოცხლე კი 2011 წლიდან იწყება როცა ციხის რეკონსტრუქცია დაიწყო. დღეს ციხე ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ბავშვობაში სულ 2-ჯერ თუ ვყოფილვარ  ციხეში, რადგან მაშინ არც არაფერი იყო სანახავი, მხოლოდ მუზეუმი ფუნქციონირებდა, მაგრამ განახლებული რაბათის პირველად ნახვისას შთაბეჭდილება  დამრჩა, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ ამ ადგილას, იმდენად შეცვლილი და გალამაზებული იყო იქაურობა.რაბათის ციხე

ციხე რამდენიმე ნაწილისგან შედგება, უფრო ძველ, ისტორიულ ნაწილში განლაგებულია მეჩეთი, ჰარამხანა, ციტადელი და სხვა შენობები, თანამედროვე ნაწილში კი აშენებულია რესტორნები, სასტუმრო, ღვინის სახლი, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი. ამიტომ რაბათის ციხეში სრულიად შესაძლებელია ერთდროულად დატკბეთ ისტორიითაც და თანამედროვეობითაც. ციხე აღდგენილია აღმოსავლურ სტილში ისე  როგორც თავის დროზე იყო. ულამაზესი შადრევნები, მოპირკეთებული შენობები, ორნამენტები თავს მართლაც აღმოსავლურ ქვეყანაში გაგრძნობინებთ.

რაბათის ციხე, ახალციხე

როგორც ვთქვი, თანამედროვე ნაწილში არის სასტუმროც, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მაღალი დონის სპა მომსახურებას, კაფე-ლაუნჯებში და რესტორნებში კი ქართულ-ევროპული კერძების დიდი არჩევანია.  ციხეში კვლავ ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი, რომელშიც დაცულია ეპიგრაფიკული ძეგლები, ძველი ხელნაწერები, იარაღები, სამკაულები, ტანისამოსი, მოკლედ, მუზეუმში ყველაფერია რასაც შეუძლია ქალაქის ისტორიის მოყოლა. მთლიანობაში კი განახლებული რაბათი ნამდვილად აცოცხლებს ახალციხის ისტორიას. და ერთი დეტალი, რაც ძალიან  მომწონს არის ის, რომ განახლებული რაბათი ქალაქის ყველა ნაწილიდან ჩანს.ახალციხე

რაც ქალაქში რაბათის ციხე განახლდა, ახალციხეც უფრო მოწესრიგებული ქალაქი გახდა. ციხემ უდიდესი წვლილი შეიტანა ზოგადად ახალციხის განვითარებაში ტურიზმის მხრივ, და რასაც დავაკვირდი, ახლა ახალციხის ხსენებაზე ქალაქს რაბათის ციხესთან აასოცირებენ. დღეს უკვე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშებმაც იციან ახალციხის შესახებ (ახალციხეში ხშირად ჩამოდიან მოსწავლეები ექსკურსიაზე). არადა წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ ბანაკში ვიყავი და ბავშვებს ვუთხარი ახალციხიდან ვარ მეთქი, არათუ ნამყოფები არ იყვნენ, არამედ აზრზე არ იყვნენ, რა ქალაქი იყო და სად იყო. (აშკარად შესაცვლელია სასკოლი ისტორიის წიგნები :) )

ციხის განახლებასთან ერთად აშენდა არაერთი მაღალი და საშუალო დონის სასტუმრო. საქართველოს ბევრ ქალაქთან შედარებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სუფთა ქალაქია, მართალია გამწვანებული რეკრეაციული ზონების ნაკლებობაა მაგრამ სისუფთავეს ნამდვილად აქცევენ ყურადღებას. ერთი პატარა დეტალი - გაითვალისწინეთ, რომ ქალაქში რამდენიმე ადგილას არის წყლის სასმელი შადრევნები, მაგრამ წყალი არ მოდის :) შემთხვევით რომც მოდიოდეს, დალევას არ გირჩევთ.

ადგილი, სადაც შეგიძლიათ საღამოს ისეირნოთ არის ე.წ ტბა. ეს ადგილი ქალაქის გარეუბანშია და არის ხელოვნურად შექმნილი ტბა ირგვლივ საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკით. ,,ტბაზე“ ფუნქციონირებს სასტუმრო და კაფე. ტბა ნამდვილად კარგი ადგილია სავარჯიშოდ და სასეირნოდ, თუმცა  შუადღისას ნუ მოინდომებთ გასვლას, რადგან მზის ქვეშ მოგიწევთ სიარული, ტბაზე ხეების ნაკლებობაა და შესაბამისად არც ჩრდილია. რადგან ადგილს ტბა ჰქვია, მაინცდამაინც ნუ წარმოიდგენთ, რომ ბანაობას ან რუჯის მიღებას შეძლებთ. (ხელოვნური ტბა არ არის საბანაოდ საკმარისად სუფთა.)ახალცხიე, ტბატბა ახალციხეში

ქალაქის დათვალიერება კი ფეხითაც ადვილია, ახალციხე პატარა ქალაქია და თუ ფეხით სიარულიც გიყვართ, ქალაქის შემოვლა პრობლემა არ იქნება. ქალაქში რამდენიმე ძეგლია, მათ შორის თამარ მეფის ძეგლი, რომელიც პირველად საქართველოში სწორედ ახალციხეში დაიდგა. მეორე ფოტოზე კი შოთა რუსთაველის ძეგლია, ფონზე კი ახალციხის მერიის შენობაა.თამარ მეფის ძეგლი ახალციხეშირუსთაველის ძეგლი ახალციხეში

ქალაქის ერთ-ერთი კულტურული გასართობი ადგილი მესხეთის დრამატული თეატრია, რომელიც დღემდე აქტიურად მუშაობს და თუ ახალციხეში მოხვედრისას სპექტაკლი დაემთხვა, აუცილებლად ეწვიეთ. მე პირადად ძალიან მიყვარდა იქ სიარული კარგი დადგმების და მსახიობების გამო. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ახალციხეს აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელიც რეგიონში ერთადერთი აკრედიტებული და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

ის რაც ახალციხესთან და ზოგადად მესხეთთან ასოცირდება, არის ცნობილი მესხური ,, ტენილი“ ყველი, რომელიც თავისი დამზადების ტექნოლოგიით და გემოთიც ნადვილად გამორჩეული და განხვავებულია. შესაბამისად ფასიც ჩვეულებრივ ყველთან შედარებით ოდნავ მაღალი აქვს, მაგრამ მესხეთში მოხვედრისას აუცილებლად შეიძინეთ ეს პროდუქტი. მე თუ არა, იმ ფაქტს მაინც დაუჯერეთ, რომ ტენილი ყველი საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობოს ნუსხაშია შესული.

თუ პურის და მითუმეტეს თონის პურის მოყვარული ხართ, ახალციხეში შესაბამისი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ. ქალაქში მრავლადაა საცხობები, რომლებშიც პურის ფართო არჩევანია. ზოგადად, პურით განქთმულ ქვეყანაში მესხურ პურსაც თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს.

ჩემი აზრით, ზოგადად მესხეთია ძალიან საინტერესო კუთხე და სანახავიც ბევრია, ამიტომ შემდგომში სხვა პოსტებსაც შემოგთავაზებთ მესხეთის სხვადასხვა ადგილიდან. ამ კუთხის გაცნობა ქალაქ ახალციხის გაცნობით  კი ზემოთჩამოთვლილი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო დავიწყე. როგორც ვთქვი, ახალციხე პატარა ქალაქია და დიდ ქალაქებთან შედარებით  გასართობი ადგილების  მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ ის ნამდვილად არის ქალაქი, რომელსაც უნდა დაუთმოთ თქვენი ცხოვრების ერთი დღე მაინც.

მსგავსი
15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...

10 August 2017

ისტორიული ახალციხე

ამჯერად ეს პოსტი ოდნავ განსხვავებული იქნება, რადგან ქალაქი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემი მშობლიური ქალაქია. რა თქმა უნდა,&...

24 July 2017

საირმე – მწვანე მარგალიტი

 თუ მწვანე თქვენი საყვარელი ფერია, მაშინ საირმე აუცილებლად შეგიყვარდებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი პირო...

11 May 2017

ნავენახევის მღვიმე - 210 მეტრიანი მღვიმე თერჯოლაში

განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 210 მეტრის სიგრძის ორსართულიანი მღვიმე ჯერ კიდევ...

05 April 2016

ბირთვისები - აუღებელი ციხე

ბირთვისის ციხის კომპლექსი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარეობს. ბირთვისი ბუნების  გამორ...

08 March 2016

ლაგოდეხი, ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი

ჩანჩქერის სანახავად საუკეთესო პერიოდი გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდეა, მაშინ, როცა ყველაფერი გაფოთლილია და ტემპერატურა საკმა...

06 March 2016

Lake Paliastomi - Kolkheti National Park

Lake Paliastomi  is a small lake near the city of Poti, Georgia, connected to the Black Sea by a narrow channel. Its surface area ...

20 December 2015

Ski splendidly in Georgia - Hatsvali

Mestia  is a highland townlet  in northwest Georgia, at an elevation of 1,500 metres (4,921 feet) ...

07 December 2015

Focus on Georgian Wines and the Traditional Method of Winemaking

Georgia, a land of 520 grape varieties and an 8000 year history of winemaking, proudly maintains its status as the birthplace of w...

01 December 2015

Ski splendidly in Georgia - Bakuriani

A two and half hour drive from Georgia's capital will bring you to Bakuriani - the ski and health resort set at an altitude of 170...