14 April 2018
  • 6318 ნახვა

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს

საქართველოს ისტორიისფერია ხევსურეთი.
პირველად და ბოლოჯერ სამიოდე წლის წინ ვნახე. მე მქონდა გრძელი, ჟღალი თმა, ზუსტად ისეთი, როგორიც ხევსურ ქალებს. ამაყად მივაბიჯებდი შატილის კოშკებისაკენ და ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, როცა ბავშვობის ოცნებას იხდენ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე მქონდა ოცნებად ხევსურეთს წასვლა. ნაწილობრივ ჩემი ბაბუის გავლენითაც - პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტად, ფოტოგრაფად და გიდად ნამუშევარი საოცარ ზღაპრებს მიყვებოდა მთის შვილებზე. მაშინდელი ისტორიები თითქმის აღარ მახსოვს, მაგრამ გრძნობები, რომლებსაც ის ამბები ჩემში იწვევდა დღემდე შემომრჩა.
xevsureti, ხევსურეთი
დათვიჯვარს რომ შეუდგები და ხევსურული შემოდგომის ცივი ქარი სახეში გცემს, თავისდაუნებურად ღიღინებ ''არხოტოს'', მერე ფიქრობ პეიზაჟზე, რომელიც შენს თვალწინ იშლება. მომცროტანიანი მთები გაშლილი მხრებით გეგებებიან. ხეობის გეოგრაფიული მდგომარეობა საუკუნეების მანძილზე ''აიძულებდათ'' ხევსურებს ყოფილიყვნენ სამშობლოს კარიბჭის და საკუთარი კუთხის მცველები. შორიახლოს ქისტების კოშკებსაც შეამჩნევთ, რომლებიც ხევსურებს ნამდვილად არ სწყალობდნენ.
უღელტეხილის შემდეგ, რომელიც 2667 მეტრზეა ზღვის დონიდან, პირიქითა ხევსურეთი იწყება. აქ მოხვედრილი ადამიანისთვის ძველი ქართული ზღაპრებისა და ლეგენდების ნამდვილობასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი ქრება. ხვდები, რომ დევების ქორწილი აქ რეალურად იქნებოდა და იახსარი მათთან მართლაც იბრძოლებდა.
ხევსურეთი
შატილი ახლოვდება და მდინარის ქუხილიც არღვევს ყურთასმენას. ფიქრობ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ აქ, ამ კოშკებში. როგორ უყვარდათ და სძულდათ, იბრძოდნენ და იცავდნენ, შრომობდნენ და ისვენებდნენ, უხაროდათ და წყინდათ. რამდენი დედის, დის, ცოლის, გულით საყვარლის ცრემლი დაღვრილა ჩუმად, რამდენს დაუტირია მხრებგაშლილი, ამაყი ჭაბუკები, რამდენ ჭაბუკს მოუტანია გამარჯვების სიხარული ციხე ქალაქში.
გადმოცემის თანახმად, შატილში ყოველი სახლი ერთმანეთთან ძელის დასაკიდი კიბით ყოფილა დაკავშირებული, რომელთა მეშვეობით, მტრის შემოსევის დროს, სოფლის შემორბენა მიწაზე ფეხის დაუდგმელად იყო შესაძლებელი. 
შატილს რომ გასცდები საძვალეების სევდიანი პეიზაჟი გეშლება წინ. სარკმლებიდან ჩანს ქალების, მამაკაცების, თოთო ბავშვების ძვლები. ჟამიანობის დროს სწორედ აქ მოდიოდნენ დაავადებულები. იწვნენ და უშიშრად ელოდნენ გარდაუვალ სიკვდილს წინაპართა ნეშთებს შორის. რამდენი ძალა და გამბედაობა სჭირდებოდა იმქვეყნად ასე წასვლას.
მუცო, ხევსურეთი
შატილის შემდეგ ყველაზე ღირსშესანიშნავი და მედიდური მუცოა. მთის წვერსა და ციცაბო ფერდობზე გაშენებული ციხე-ქალაქი. საქართველოს ისტორიის დამუნჯებული მოწმე.  დღეს მუცოს ციხე–სახლებიც ცარიელია, თითქოს უდუღაბოდ, ფიქლით ნაშენი კოშკები სიამაყის შეგრძნებას იმ ადამიანების გულებშიც კი ბადებს, ვისაც ისინი არ აუშენებია, არამედ მხოლოდ უნახავს. აქ ყველაფრის სულს გრძნობ, მთების, მდინარეების, ყვავილების... მუცოს ვიწრო, პრიალა ლოდებით მოკირწყლულ ქუჩებში ხევსურებიც ცოცხლდებიან თითქოს. საუკუნეებიდან მონაბერ ქარს მოაქვს მზევარდის სიმღერა. მხარზე კოკაგადებული, ჟღალთმიანი, თეძოებჩამრგვალებული ქალწული წყაროსკენ მინარნარებს. შორიახლოს მახლობელ კოშკში მცხოვრები ქისტი ჩასაფრებულა. ქალის სურვილი კლავს და შესაფერის დროს ელის. მაგრამ მზევარდის ნაბიჯებს უშიშა დარაჯობს. მერე ალბათ ქისტი და ქართველი სამართლიან ბრძოლაში გამოიწვევენ ერთმანეთს. ან ქისტი მოიტაცებს ქალს, უშიშა კი სისხლს დაჰღვრის და გულისსწორს დაიბრუნებს.
რომანტიული ფილმის სცენარივითაა, არა?
არადა, ამ ყველაფერს თვალნათლივ ხედავ იქ, მუცოს კოშკების კედლებთან. 
ხედავ, როგორ სწირავენ საკლავს წმინდა გიორგის ბოლომდევერგაქრისტიანებული, ამაყი ხევსურები. 
ხედავ, როგორ ლოცავს თემს ხევისბერი.
ხედავ იმ ხევსურ დევკაცებს, რომლებზეც ლეგენდებს თანამედროვე ხევსურები სიამაყით გიყვებიან.
ხედავ და ძალიან ამაყი ხარ იმით, რომ ეს ხალხი სადღაც არ გამქრალა. მათი შთამომავლები დღესაც დადიან დედამიწაზე. თუმცა პირველადი ფუნქცია დაუკარგავთ. დღეს აღარც ომი უწევთ, აღარც შიშველი ხმლით დაძინება და მშვიდობიანობის ჟამს ფარიკაობაში ვარჯიში. თუმცა,არ დაუკარგავთ მთავარი: დინჯი ხასიათი, დამახასიათებელი, ამაყი გარეგნობა და საკუთარი კუთხის სიყვარული.


მსგავსი
31 July 2018

აუცილებლად სანახავი ადგილები აჭარაში

თუ დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროს ირჩევთ, შეგიძლიათ დასევენების პერიოდში განსხვავებული ...

12 July 2018

ველო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველო ტურიზმია. ...

03 July 2018

კვარათხევი - ზაფხულის ცხელ დღეს

წოდორეთიდან რამდენიმე ხეობაში ჩავდივართ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანი, კერძოდ კვარათხევი აირჩია მეგობარმა, ყიჟინა ...

28 June 2018

საქართველოს საუკეთესო ხედები, სადაც მისვლა ადვილია

ვის არ გვინახავს სოციალურ ქსელში ჩვენი მეგობრების მიერ გაზიარებული სელფები, სადაც ფონად ულამაზესი ხედები იშლება. ზოგიერთი ...

25 June 2018

ყარაყაი - იგივე შავი კლდე

ყარაყაი იგივე შავი კლდე, თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილია და 2850 მეტრს აღწევს.  აქ ჩვენი მეგობრებიც ნამყოფნი...

05 June 2018

ქუთაისიდან სათაფლიაში

ქუთაისიდან სათაფლიაში ტრადიციული, ასფალტდასხმული ტრასა და რომელიღაც ნომერი სამარშრუტო ტაქსი დადის, ასე რომ მავანს შესაძლოა აზრა...

03 June 2018

1 დღიანი გასვლა - წვერი-მსხალდიდი

ამ პოსტში გეტყვით იმ ერთდღიან ქალაქიდან გასვლაზე, რომელიც წინა კვირას საკუთარ თავს მოვუწყვე. ბევრი სიარული, ხედები, პ...

09 May 2018

ქუთაისი რომ ქალაქია...

მრავალი ათასწლეულის წინ თეთრქვებიანი მდინარის ხეობაში, გორაკებზე კოლხები დასახლდნენ. დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და... დანარჩენ...

09 May 2018

როგორ დავქორწინდეთ მთაზე

ვიცი, სათაურმა დაგაბნიათ, ორაზროვანია და პოსტიც სწორედ ამიტომ გახსენით წასაკითხად. მთაზე ქორწინება მრავალნაირად შეიძლება...

03 May 2018

თეთნულდი - ჩემი პირველი მწვერვალი

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი,...