ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი. 

დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლელად ჭუბერის თემს უნდა ესტუმროთ, ხეობები უნდა აიაროთ, ქედები გადაიაროთ, დაღმართსა და ლოდებზე იხტუნოთ, საჯიხვეებში ტანაყრილსა და ფესვებ გადგმულ დეკას ეჭიდაოთ და მათი თავი ამ ყველაფრის შემდეგ დაიმსახუროთ... 
მოგეხსენებათ, ბოლო თვემ  რთული დღეები გამოგვატარა, წვიმას დღე და ღამე ვნატრულობდით. ვერაფრით ვცვლიდით არსებულ ფაქტს:  ცეცხლი გვეკიდა და ვიწვოდით...
ხოდა, სწორედ ამ ორომტრიალში ვიყავით, როდესაც გადავაწყდით ლეგენდას ცხვანდირის ტბებზე: 
"სვანეთში, ჭუბერის თემში, გვალვა რომ დაიწყებოდა ხალხი ამ ტბებზე ამოდიოდა, ერთ-ერთ მათგანში, ულღობ ტბაში ქვას აგდებდა და ლოცულობდა რომ ღმერთებს წვიმა მოევლინათ, ღმერთებიც მათ თხოვნას ისმენდნენ და თემს წვიმას მოუვლენდნენო..." 
უამრავ ტბაზე არსებობს მსგავსი ლეგენდა," არ ჩააგდო ქვა, არ იბანაო თორემ გაწვიმდება" - სხვა ლეგენდები მუქარასავით ჟღერენ, ცხვანდირის ტბების ლეგენდა კი დაპირებას ჰგავს, სწორედ ეს დაპირება გვჭირდებოდა.
 ავირაზმეთ და წავედით.
გზა მარტივი არ აღმოჩენილა, თუმცა მოცვი და ჟოლო  აღმართს "აღთქმულ მიწად" აქცევდა გამუდმებით. დაიცლებოდი თუ არა ენერგიით, ერთ მუჭა მოცვს შთანთქავდი და სუპერძალას ისევ გრძნობდი მუხლებში.
ასეა თუ ისე,  ლამის ორი დღე დაგვჭირდა ცხვანდირის ტბებამდე, მივაღწიეთ და რიტუალიც შევასრულეთ   ტბები იმდენად სუფთაა, იმდენად ანკარაა მათი წყალი, რომ მართლაც რომ გიჭირს რაღაც მომენტში გაიაზრო, საერთოდ ცურავ თუ არა წყალში... თითქოს ჰაერში ხარ წამოკოტრიალებული და რაღაც არარსებული ძალა გიჭერს ... 

ცხვანდირის ტბები
ისღა დაგვრჩენოდა, რომ იმედით დავლოდებოთ წვიმას, მთელი საქართველოს მასშტაბით...
თავად ტბები კი...
ეს საოცრებაა, საჯიხვეებში ჩამალული ოთხი, ერთი ოდნავ ცალკე და სამიც ერთმანეთზე მიყოლებით მდებარე ტბა.
პირველი: ყინულოვანი ტბა რომელიც არასდროს დნება,  მასში ყინულები როგორც "აისბერგები" ისე დაცურავენ, ხედავ მათ თავს მაგრამ მათი ძირის დანახვა გიჭირს...

ცხვანდირის ტბა, სვანეთი


მეორე: : არც ისე დიდია, თუმცა სხვებთან შედარებით თბილი. საოცარი ხედები ადგას სამი მხრიდან, თანაც საცურაოდ ყველაზე მოსახერხებელია.

ცხვანდირის ტბები, სვანეთი
მესამე : თითქოს ხეობაშია ჩამალული, სანამ ზედ არ წამოადგები, იქამდე ვერც კი ამჩნევ ადამიანი. კვერცხისებური ფორმის პატარა, ღრმა ლურჯი ტბაა.

ცხვანდირის ტბები
და მეოთხე : საოცრება, ყველაზე მშვენიერი ტბა, რაც კი აქამდე მინახავს ცხოვრებაში, სამი მხრიდან საოცარი ხედები მწვერვალებზე, ხოლო მეოთხე მხარეს კლდოავანი ქანითაა შემოსაზღვრული. ტბა ცივია, ყინულივით ცივი თუმცა თუ გაკაჟებული სხეული გაქვს ადამიანს, კლდოვანი ქანიდან მშვენიერი ნახტომი შეიძლება გაკეთდეს. ისეთი წლების მანძილზე რომ ვერ დაგავიწყდება ^_^ 

ცხვანდირის ტბები
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტბებზე ლამაზე სხვა ტბა ჯერ არასდროს მინახავს, ჩვენთან თუ სხვაგან... არსად.
ბოლოს კი პოზიტიური ამბავი ის მაქვს, რომ ჭუბერის თემის მთებში სხვა უამრავი ტბა გვემალება. ჩაყუჩებულან საჯიხვეებში და გველოდებიან ადამიანებს, რომლებიც მთელი დღე "აღმართის ხვნასა" და მუხლების დამტვრევას არ შევუშინდებით და მივაკითხავთ, მათ სიჩუმეს ცივ წყალში ჩახტომით ახითხითებულები დავარღვევთ...

ცხვანდირის ტბები, სვანეთი, ჭუბერი
იქ ყოფნისას, ისე როგორც არასდროს, ვამაყობფი საკუთარი ქვეყნის სიმშვენიერით... 
არც კი ვიცი სხვა რაა ასეთი მკაცრი და ჰარმონიული ერთდროულად...
მოკლედ,   ამ მწვერვალების ნახვასა და ამ ტბებში ჭყუმპალაობას გისურვებთ მეგობრებო. ^_^ 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %