turebi.ge მომხმარებლის გვერდი

ცხოვრება საამურია, თუ ახლოსაა გურია

გურიისადმი ჩემი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. იმ დროიდან, როცა ზამთრის თოვლიან დღეს, მორიგი უშუქობისას, თბილ შალის პლედში გახვეული ანკარა წყაროსავით ვეწაფებოდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს.  მახსოვს, წიგნი იყო შავყდიანი, სქელი. ყოველი მეორე მოთხრობა კი გურული სურნელით სავსე. მაშინ ამ კუთხეზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. ვიცოდი, რომ სადღაც , იმერეთთან ახლოს ცხოვრობდა ენაკვიმატი ხალხი, ეზოში დიდრონ ვაშლის ხეებს ახარებდნენ, მათ უმრავლესობას ზურიკელა, ილიკო და ილარიონი ერქვათ, ჰყავდათ ერთგული ძაღლები, სახელად მურადა და ხანდახან დოქის ტუჩზე შემოსკუპებულ ჭინკებსაც ემუსაიფებოდნენ.
გურიაწლების შემდეგ, კალანდობისას, ბედმა თუ ბედისწერამ მდინარე გუბაზეულთან ახლოს, ანა კალანდაძის სოფელში, ხიდისთავში მომახვედრა. თეთრი, ფაფუკი თოვლით დაფარული სოფლის ორღობე რომ გავტკეპნე, მივხვდი, რა ძალა აწერინებდა ლექსებს პოეტს. მზე ჩადიოდა და ოქროსფერი ედო გურულ ოდა სახლებს, ეზოდან გამოპარული მწვადის სუნი გვიღიტინებდა ცხვირთან. საღამოს, გურულ ბუხართან გეგმებიც გავანდეთ ერთმანეთს: ბახმაროში ასვლა, რაც არ უნდა დაგვჯდომოდა. სამწუხაროდ, დიდთოვლობის გამო ბახმაროში სტუმრობა გადაიდო, თუმცა პოსტში ვეცდები ამ კურორტის სიკეთეების შესახებ გიამბოთ და გითხრათ, თუ რატომ უნდა გაატაროთ ზამთარი და არა მხოლოდ ზამთარი გურიაში.
ზამთარი გურიაში
ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით დაფარული მთების ქვაბულში მდებარეობს გურიის რეგიონის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ბახმარო. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი თავადის ულამაზეს ქალს, მაროს უკავშირდება. მარო ოსმალებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო” – ნახეთ თქვენი მარო.
აღმოსავლეთიდან ბახმაროს  გადმოსცქერის მთა გადრეკილი, ლეჩქის სერი, რომელსაც  მზის ამოსავალ გორას უწოდებენ - სისხამ დილით, მზის ამოსვლის დროს, ამ ადგილიდან ულამაზესი სანახაობა იშლება. ზაფხულობით, კარგ ამინდში, შუაღამისას, ბახმაროს პატარა მოედნებზე ლაშქრობის მოყვარულები იკრიბებიან და გრძელ გზას ადგებიან, რომელიც მთის კალთებზე გადის, მთაზე ასულები კი მზის ამოსვლას ელოდებიან. წყვდიადში ჩანს შორეული ქალაქების განათებები, შემდეგ ღამე ნებდება დილას, მზე ამოდის და ლეჩაქივით ჩამოფარებულ სიბნელეს აცლის კოლხეთის დაბლობს. ბახმაროში აუცილებლად უნდა ნახოთ მზის ჩასასვლელი გორაც, სადაც  შეგიძლიათ ღრუბლებს ხელითაც კი შეეხოთ.
გურია
ბახმაროდან 25-28 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს გომის მთა, საზაფხულო აგარაკი და საძოვრები, რომლებსაც გურული და აჭარელი მწყემსები იყენებენ. ეს ადგილი ბახმაროზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მოლაშქრეთა შორის. გომის მთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით. აქვე ახლოს, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე, მდებარეობს ჭინჭაოს ტბაც.
გურია
ამბობენ , რომ XIX საუკუნის ბოლომდე ბახმაროს მხოლოდ მწყემსები სტუმრობდნენ. კურორტის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს სწორედ მათ გაუთქვეს სახელი. თავდაპირველად მწყემსებს ბახმაროს მთებში აჰყავდათ თავიანთი ოჯახის წევრები, რომლებზეც ჯანსაღი ჰავა დადებით ზეგავლენას ახდენდა. სწორედ მათ აჰყოლია პირველი მოაგარაკეც, რომელიც მალევე განკურნებულა მაშინ ფართოდ გავრცელებული დაავადების - ჭლექისგან. ამის შემდეგ კურორტის სასწაულმოქმედი ჰავის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა. 
ბახმარო, გურიაიმავე წელს, როდესაც კალანდობის ერთ მშვენიერ საღამოს გურიას ვესტუმრე, ბახმარომ პირველად უმასპინძლა ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს. იმ დროიდან დღემდე, ისევ ვოცნებობ გურიაში დაბრუნებაზე და იმედი მაქვს, სულ სხვანაირი ბახმარო დამხვდება: ისევ ცივი, თოვლიანი, თუმცა ტურისტებითა და ენაკვიმატი ადგილობრივებით სავსე, საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული ზამთრის კურორტი. 
გურია

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
27 %
აზიაში
2 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
18 %