turebi.ge მომხმარებლის გვერდი

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს

საქართველოს ისტორიისფერია ხევსურეთი.
პირველად და ბოლოჯერ სამიოდე წლის წინ ვნახე. მე მქონდა გრძელი, ჟღალი თმა, ზუსტად ისეთი, როგორიც ხევსურ ქალებს. ამაყად მივაბიჯებდი შატილის კოშკებისაკენ და ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, როცა ბავშვობის ოცნებას იხდენ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე მქონდა ოცნებად ხევსურეთს წასვლა. ნაწილობრივ ჩემი ბაბუის გავლენითაც - პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტად, ფოტოგრაფად და გიდად ნამუშევარი საოცარ ზღაპრებს მიყვებოდა მთის შვილებზე. მაშინდელი ისტორიები თითქმის აღარ მახსოვს, მაგრამ გრძნობები, რომლებსაც ის ამბები ჩემში იწვევდა დღემდე შემომრჩა.
xevsureti, ხევსურეთი
დათვიჯვარს რომ შეუდგები და ხევსურული შემოდგომის ცივი ქარი სახეში გცემს, თავისდაუნებურად ღიღინებ ''არხოტოს'', მერე ფიქრობ პეიზაჟზე, რომელიც შენს თვალწინ იშლება. მომცროტანიანი მთები გაშლილი მხრებით გეგებებიან. ხეობის გეოგრაფიული მდგომარეობა საუკუნეების მანძილზე ''აიძულებდათ'' ხევსურებს ყოფილიყვნენ სამშობლოს კარიბჭის და საკუთარი კუთხის მცველები. შორიახლოს ქისტების კოშკებსაც შეამჩნევთ, რომლებიც ხევსურებს ნამდვილად არ სწყალობდნენ.
უღელტეხილის შემდეგ, რომელიც 2667 მეტრზეა ზღვის დონიდან, პირიქითა ხევსურეთი იწყება. აქ მოხვედრილი ადამიანისთვის ძველი ქართული ზღაპრებისა და ლეგენდების ნამდვილობასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი ქრება. ხვდები, რომ დევების ქორწილი აქ რეალურად იქნებოდა და იახსარი მათთან მართლაც იბრძოლებდა.
ხევსურეთი
შატილი ახლოვდება და მდინარის ქუხილიც არღვევს ყურთასმენას. ფიქრობ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ აქ, ამ კოშკებში. როგორ უყვარდათ და სძულდათ, იბრძოდნენ და იცავდნენ, შრომობდნენ და ისვენებდნენ, უხაროდათ და წყინდათ. რამდენი დედის, დის, ცოლის, გულით საყვარლის ცრემლი დაღვრილა ჩუმად, რამდენს დაუტირია მხრებგაშლილი, ამაყი ჭაბუკები, რამდენ ჭაბუკს მოუტანია გამარჯვების სიხარული ციხე ქალაქში.
გადმოცემის თანახმად, შატილში ყოველი სახლი ერთმანეთთან ძელის დასაკიდი კიბით ყოფილა დაკავშირებული, რომელთა მეშვეობით, მტრის შემოსევის დროს, სოფლის შემორბენა მიწაზე ფეხის დაუდგმელად იყო შესაძლებელი. 
შატილს რომ გასცდები საძვალეების სევდიანი პეიზაჟი გეშლება წინ. სარკმლებიდან ჩანს ქალების, მამაკაცების, თოთო ბავშვების ძვლები. ჟამიანობის დროს სწორედ აქ მოდიოდნენ დაავადებულები. იწვნენ და უშიშრად ელოდნენ გარდაუვალ სიკვდილს წინაპართა ნეშთებს შორის. რამდენი ძალა და გამბედაობა სჭირდებოდა იმქვეყნად ასე წასვლას.
მუცო, ხევსურეთი
შატილის შემდეგ ყველაზე ღირსშესანიშნავი და მედიდური მუცოა. მთის წვერსა და ციცაბო ფერდობზე გაშენებული ციხე-ქალაქი. საქართველოს ისტორიის დამუნჯებული მოწმე.  დღეს მუცოს ციხე–სახლებიც ცარიელია, თითქოს უდუღაბოდ, ფიქლით ნაშენი კოშკები სიამაყის შეგრძნებას იმ ადამიანების გულებშიც კი ბადებს, ვისაც ისინი არ აუშენებია, არამედ მხოლოდ უნახავს. აქ ყველაფრის სულს გრძნობ, მთების, მდინარეების, ყვავილების... მუცოს ვიწრო, პრიალა ლოდებით მოკირწყლულ ქუჩებში ხევსურებიც ცოცხლდებიან თითქოს. საუკუნეებიდან მონაბერ ქარს მოაქვს მზევარდის სიმღერა. მხარზე კოკაგადებული, ჟღალთმიანი, თეძოებჩამრგვალებული ქალწული წყაროსკენ მინარნარებს. შორიახლოს მახლობელ კოშკში მცხოვრები ქისტი ჩასაფრებულა. ქალის სურვილი კლავს და შესაფერის დროს ელის. მაგრამ მზევარდის ნაბიჯებს უშიშა დარაჯობს. მერე ალბათ ქისტი და ქართველი სამართლიან ბრძოლაში გამოიწვევენ ერთმანეთს. ან ქისტი მოიტაცებს ქალს, უშიშა კი სისხლს დაჰღვრის და გულისსწორს დაიბრუნებს.
რომანტიული ფილმის სცენარივითაა, არა?
არადა, ამ ყველაფერს თვალნათლივ ხედავ იქ, მუცოს კოშკების კედლებთან. 
ხედავ, როგორ სწირავენ საკლავს წმინდა გიორგის ბოლომდევერგაქრისტიანებული, ამაყი ხევსურები. 
ხედავ, როგორ ლოცავს თემს ხევისბერი.
ხედავ იმ ხევსურ დევკაცებს, რომლებზეც ლეგენდებს თანამედროვე ხევსურები სიამაყით გიყვებიან.
ხედავ და ძალიან ამაყი ხარ იმით, რომ ეს ხალხი სადღაც არ გამქრალა. მათი შთამომავლები დღესაც დადიან დედამიწაზე. თუმცა პირველადი ფუნქცია დაუკარგავთ. დღეს აღარც ომი უწევთ, აღარც შიშველი ხმლით დაძინება და მშვიდობიანობის ჟამს ფარიკაობაში ვარჯიში. თუმცა,არ დაუკარგავთ მთავარი: დინჯი ხასიათი, დამახასიათებელი, ამაყი გარეგნობა და საკუთარი კუთხის სიყვარული.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
47 %
არა
26 %
გააჩნია მიმართულებას
28 %