რუმინული მოგზაურობა/ბრაშოვი

დარწმუნებული ვარ, ანიმაციური ფილმი ,,სასტუმრო ტრანსილვანია“ არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილებისთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციაა, რომლის რამდენჯერმე ყურებაც კი არ გვბეზრდება. რუმინეთში მოგზაურობის მთავარი მუღამი თავიდანვე ცნობილი ტრანსილვანიის რეგიონის მონახულება იყო. ეს რეგიონი თავისი მისტიკური წარსულიდან გამომდინარე ყოველთვის მიზიდავდა, (გარკვეული ინტერესი მულტფილმმაც გამოიწვია), ამიტომ ყველაზე დიდი მოლოდინი სწორედ ამ რეგიონის ქალაქების მიმართ მქონდა. ზღაპრული სინაიას შემდეგ, ღამის რეისის მატარებლით ქალაქ ბრაშოვისკენ გავემართე. ზოგადად მარშუტი ისე მქონდა შედგენილი, რომ მატარებლით ბუქარესტიდან სულ ჩრდილოეთით, ერთი მიმართულებით მიწევდა მზგავრობა. მატარებლიდან ტრანსილვანიისკენ მიმავალ გზას და თან ღამე სულ სხვა ხიბლი აქვს. არ ვიცი, წინასწარგანწყობის გამო იყო თუ ბავშვობიდან ტრანსილვანიაზე გაგონილმა ლეგენდებმა იმოქმედა, მაგრამ ტრანსილვანიის უზარმაზარ მთებში და მის ქვეშ ჩამალულ პატარა დასახლებებში თითქოს რაღაც იდუმალი იმალებოდა.

 

 

ბრაშოვში საკმაოდ გვიან ჩავედი, ამიტომ მხოლოდ სასტუმრომდე მიღწევა მქონდა გეგმაში. სასტუმრო, უფრო სწორად ჰოსტელი რესპუბლიკის ქუჩაზე მქონდა დაჯავშნილი და ჩემდა საბედნიეროდ პირდაპირ ქალაქის ცენტრში აღმოვჩნდი. აქ ჰოსტელების დიდი არჩევანია, მაგრამ მე Centrum House Hostel-ს გირჩევთ. მყუდრო ოთახების და ფასში შესული საკმაოდ ნოყიერი საუზმის გარდა, პირველ ღამეს ჰოსტელის ბარში უფასოდ რუმინულ ლუდსაც დააგემოვნებთ. უამრავი ეროვნების ხალხით გადაჭედილმა ქუჩამ, გარე კაფე-ბარებით და სუვენირების მაღაზიებით სავსე რესპუბლიკის ქუჩამ შარდენის ქუჩა გამახსენა. თუმცა ბრაშოვში ბევრად მეტია სანახავი ვიდრე რესპუბლიკის ქუჩა. ამ ქალაქს არქიტექტურის თვალსაზრისით შუა საუკუნეების კვალი კარგად ეტყობა. ხოლო თუ ზემოდან გადმოხედავთ, მთელს ქალაქში აგურისფერკრამიტიანი შენობები ბრაშოვის მასშტაბს კარგად აღგაქმევინებთ. თუ რამდენიმე დღით გაჩერდებით ქალაქში აუცილებლად დალაშქრეთ ტამპას მთები, სადაც ტრანსილვანიის ბუნებას უფრო ახლოს გაიცნობთ. ხოლო თუ ერთი დღე გაქვთ ბრაშოვისთვის, მაშინ ცენტრალური ნაწილითაც ისიამოვნებთ.

 

 

ქალაქში აუცილებლად შეამჩნევთ, რომ დიდი ყურადღება ექცევა წესრიგს, სისუფთავეს და საფეხმავლო-სამანქანო გზების გასწვრივ ბილიკების ფერადი ყვავილებით გალამაზებას. ბრაშოვის ცენტრში მდებარეობს ევროპის ყველაზე ვიწრო ქუჩა- Strada Sforii, ყველაზე ხალხმრავალი კი ე.წ ,,საბჭოს მოედანია“. მოედანთან ახლოსაა ,,შავი ეკლესიაც“, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის გოთიკური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია. ბრაშოვის ცენტრალურ ნაწილს ვერ ჩაუვლით ისე, რომ თან არ გამოგყვეთ რაღაც უცნობი უგემრიელესი სუნი. ყოველ შემთხვევაში, მე ამ დესერტის შესახებ პირველად სწორედ ბრაშოვში გავიგე. ტრდლოს წარმოშობის ადგილი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რუმინეთში აშკარად პოპულარული დესერტია. სპეციალურ ,,შამფურზე“ შაქარმოყრილი განსაკუთრებული უნაზესი ცომი, რომელიც ნელ ცეცხლზე ნაკვერჩხალზე იწვება ფუნთუშეულის თუ ტკბილის მოყვარებულებისთვის უსაყვარლესი დესერტი გახდება.

 

 

ბრაშოვში ტრანსპორტად ავტობუსები უნდა გამოიყენოთ, თუმცა ბარათის აღება თუ ზოგადად გადახდის სისტემა იმდენად დამაბნეველი აღმოჩნდა, რომ გავრისკე და რამდენჯერმე უბილეთოდ მომიწია მგზავრობა ცენტრიდან მატარებლის სადგურის შორი მდებარეობის გამო. საერთო ჯამში ბრაშოვით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ ამ ქალაქთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი და ღირსშესანიშნავი ადგილის-ბრანის სასახლის მონახულების ბედნიერება წინ მქონდა...

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %