სათხილამურო ზონაში ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება

სამთო-სათხილამურო ზონაში უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება.

  • თოვლმავლით ან მოტოციგით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) გადაადგილებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 
  • თოვლმავლის, მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ჩამორთმევას ერთი დღით ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 

პოლიციელი ვალდებული იქნება, თოვლმავლის/მოტოციგის მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია და გამოკვლევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან წარადგინოს.
თუკი დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, პოლიციელი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სახდელი ადგილზე შეუფარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს ის. თუ შემოწმების შედეგად მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი დასტურდება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები აისახება. იმ შემთხვევაში, თუ თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს ან მისი იდენტიფიკაცია ადგილზე არ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია, ჩამოართვას მას თოვლმავლი/მოტოციგა სანამ არ მოხერხდება მისი იდენტიფიკაცია/ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენა.
კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირის მიერ თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) იმგვარად სარგებლობისთვის, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ეს წერილობით გაფრთხილებას გამოიწვევს. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით იმავე დღეს – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას, ამას ადასტურებს შესაბამისად შედგენილ გაფრთხილების ოქმზე ხელმოწერით. თუ დამრღვევი სადაოდ ხდის მიერ მიერ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას ან/და უარს აცხადებს გაფრთხილების ოქმის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია, ასახოს ეს ფაქტი მის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმში. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე განმეორებით ჩაიდენს იგივე ქმედებას იმავე დღეს უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ადგილზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია დროებით ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება მისი იდენტიფიკაციის დადგენამდე, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასით მოსარგებლე სასრიალო ფერდობიდან ან გზიდან (ტრასიდან) ერთი (იმავე დღით) და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გადაყვანა.
კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა, სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) სარგებლობისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) სარგებლობისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისგან თავის არიდებისთვის. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ჩამორთმევას ერთი დღით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას და გამოკვლევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან წარადგინოს. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია, სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია ერთი (იმავე) დღით ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას. თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი. თუკი შემოწმების შედეგად დასტურდება სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე სადავოდ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს ან მისი იდენტიფიკაცია არ ხერხდება ადგილზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება სანამ არ მოხერხდება მისი იდენტიფიკაცია/ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენა.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში თოვლმავალი საშუალების მართვა იკრძალება
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც ყურადღებას აქვეითებს, თოვლმავალი საშუალების მართვა და თოვლზე/ყინულზე სრიალი იკრძალება. თოვლმავლის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი კი, 16 წლით განისაზღვრება.
ამას "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლითაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ზონებში და შესაბამის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები მკაცრდება. ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის კანონმდებლებს მთავრობამ წარუდგინა.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს "ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექში" ცვლილებათა პროექტიც ერთვის თან, რომელიც დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ჯარიმებს აწესებს.
კანონპროექტის თანახმად, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ სასრიალო ტრასით მოსარგებლე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ვალდებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად შემოწმება გაიაროს.
იკრძალება თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან სასრიალო ტრასით იმგვარად სარგებლობა, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პროექტის მიხედვით, თოვლმავლის მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ტერიტორიაზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო და საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი საშუალებები აღჭურვილი უნდა იქნას არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის კაბინაზე ან სპეციალურ ჭოკზე მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში) განთავსებული ციმციმათი.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თოვლმავლის მართვის წესებს - კერძოდ, თოვლმავლის, მოტოციგების მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. ასევე პროექტით განისაზღვრება თოვლმავლის ბუქსირების წესები.
მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს საქართველოს სამთო-სათხილამურო ზონებში და შესაბამის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობა და მისგან გამომდინარე საფრთხეები წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %