ვენეცია - რომანტიკული დასვენება წყვილებს
იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი - ასე უწოდებენ ვენეციას. ეს ულამაზესი ქალაქი 118 კუნძულისა და 160 არხისგან შედგება, ძველი სახლებით, ფერადი სახურავებით, ვიწრო შესახვევებით და ხიდებით. ვენეცია ის ქალაქია, სადაც ხელოვნება, ულამაზესი არქიტექტურა და ისტორია ერთმანეთს ერწყმის.
სხვაგან ვერსად ნახავთ Grand Canal-ს, რომელიც ვენეციური არქიტექტურის სიდიადეს სრულად გადმოსცემს. ცნობილი არხის ბოლოს Palazzo Ducale და Basilica di San Marco დაგხვდებათ, რომლებიც გააორმაგებს თქვენს აღფრთოვანებას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, მოიცადეთ, სანამ იხილავთ დამალულ, ვიწრო ქუჩებს, მოხატულ, ძველ, მარმარილოს ეკლესიებს და სხვა ღირსშესანიშნაობებს.
ტურები ვენეციის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ საიტზე Turebi.Ge .
წარმოგიდგენთ იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლითაც ვენეციამ გაითქვა სახელი.
Basilica di San Marco
800 კვ.მ. მოელვარე მოზაიკებით და ულამაზესი გუმბათით, სან მარკოს ბაზილიკა (წმ.მარკის ბაზილიკა) დაუვიწყარი, ვენეციური ტაძარია.
მე-9 საუკუნეში ვენეციელმა ვაჭრებმა ეგვიპტიდან ვენეციაში ჩუმად ჩამოიტანეს წმ. მარკის ნეშტი. ტაძარი სწორედ წმინდანის ნეშტის განსათავსებლად ააგეს. ტაძარი 932 წელს დაიწვა, მოგვიანებით ის აღადგინეს ვენეციისთვის დამახასიათებელ კოსმოპოლიტურ სტილში, ბიზანტიური გუმბათებით, ბერძნული ჯვრით და კედლებით, რომელიც სირიიდან, ეგვიპტესა და პალესტინიდან ჩამოტანილი მარმარილოთი იყო მოხატული.
ტაძრის ყველაზე ძველი მოზაიკა 1270 წლით თარიღდება და წმ.მარკის ნეშტის „მოპარვას“ და ვენეციაში გადმოსვენებას ასახავს, ის ტაძრის გარე ფასადზეა გამოსახული.
ბაზილიკის „ჭერის“ ბზინვარება იმითაა გამოწვეული, რომ მისი მოზაიკების შექმნისას 24 კარატიანი წმინდა ოქროს ფოთლები იყო გამოყენებული, ღვთაებრივი სინათლის წარმოსაჩენად.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ 1807 წლამდე, ვენეციის რესპუბლიკის დაცემამდე, ბაზილიკა დოჯების ოჯახის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.
Palazzo Ducale
Palazzo Ducale დოჯას ოჯახის სასახლე იყო. მისი დახვეწილი სვეტებით, თეთრი და მოვარდისფრო მარმარილოთი დამზადებული გეომეტრიული ფასადებით, სამთავრობო ოთახებით და დოჯას ოჯახის პირადი აპარტამენტებით, ის დიდი ხნის განმავლობაში ვენეციის რესპუბლიკის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ აქ ხდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. აქ იყო განთავსებული ციხეც, რომელიც მე-17 საუკუნეში სასახლეს გამოეყო და არხის მეორე მხარეს განთავსდა.
Gallerie dell'Accademia
Gallerie dell'Accademia წარმოადგენს გალერეა მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ვენეციის ხელოვნების ნიმუშები მე-14 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით. მათ შორის მიქელანჯელოს, ბელინის, ტიციანის, ტინტორეტტოს, ვერნეზეს და კანალეტოს ნამუშევრები. მის ნაწილს წარმოადგენს ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი.
გაისეირნეთ გონდოლით
ყველა წყვილის ოცნებაა გონდოლით გასეირნება, ოხვრის ხიდის ქვეშ სან მარკოს ეკლესიის ზარების რეკვისას.
La Fenice
ვენეციის სახელგანთქმული ოპერის სახლი La Fenice 1792 წელს გაიხსნა. აქ დადგეს ოპერა Rossini, Donizetti და Bellini, აქ შედგა ისეთი ოპერების პრემიერა, როგორიცაა Rigoletto და LaTraviata.
San Zaccaria
წმინდა ზაქარიას ტაძარი პირველად მე-9 საუკუნეში აიგო, პირველი შენობა ხანძარმა 1105 წელს გაანადგურა. მე-12 და მე-14 საუკუნეებში ის ხელახლა გოთიკურ სტილში აიგო. თანამედროვე ტაძრის მშენებლობა კი, 1515 წელს დასრულდა. ტაძარი ძირითადად რენესანსულ სტილშია ნაგები, თუმცა აქვს ბიზანტიური სამრეკლო და გოთიკური ელემენტებიც, მისი ინტერიერი არაერთმა ცნობილმა მხატვარმა მოხატა.